ძველი, საბჭოთა დროის თბილისის “დინამოს” ბოლო დიდი ევრომატჩები ბრემენის “ვერდერთან” იყო. 1987 წელს “დინამოში” უკვე დაწყებული იყო თაობათა ცვლა. გუნდში ახალგაზრდებთან (თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი, ოთარ კორღალიძე და სხვები) გამოცდილი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ – ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, ზაურ სვანაძე და რამაზ შენგელია.
“ვერდერამდე” “დინამომ” ორი ეტაპი გაიარა უეფას თასზე. ჯერ ბულგარული “ლოკომოტივი” დაჯაბნა, მერე კი რუმინული “ვიქტორია”. მაშინ “ვერდერს” ოტო რეჰაგელი წვრთნიდა. ცნობილი გერმანელი დამრიგებელი, ვისი ხელმძღვანელობითაც მოგვიანებით საბერძნეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
ყველაფერ ამას დაემატა ისიც, რომ “დინამომდე” “ვერდერმა” კუდით ქვა ასროლინა მოსკოვის “სპარტაკს”. სტუმრად 1:4 კი წააგო, მაგრამ შინ 6:2 აჯობა.
“ვერდერმა” შინ 2:1 გვაჯობა. გერმანელები ნოიბარტმა და რიდლემ შეაგდეს. “დინამო” არ გარტდა და “იმედის გოლი” გაახერხა – გია გურულმა საჰაერრო ორთაბრძოლაში დაჯაბნა მცველები და სულმნათ რამაზ შენგელიას საგოლე ალღომ არ უმტყუნა.
თბილისური შეხვედრის წინ საქართველოს დედაქალაქში დიდი აჟიოტაჟი იყო. პირველ ტაიმში მეტოქე აშკარად დავჯაბნეთ. თენგიზ სულაქველიძემ საჯარიმოს გარედან შეაგდო. იყო გია გურულის მიერ შეზანზარებული ძელი და თემურ ქეცბაიას მომენტი.
სამწუხაროდ, მეორე ტაიმში საჩვენო ანგარიში ვეღარ შევინარჩუნეთ. ტომას შააფმა, ვინც “ვერდერს” კარგა ხნის განმავლობაში წვრთნიდა, გამთანაბრებელი გოლი შეაგდო. არადა, “დინამოს” მომენტები კიდევ ჰქონდა – გატანა კორღალიძესა და შენგელიას შეეძლოთ.
“ამ შეხვედრისათვის ძალიან სერიოზულად ვემზადებოდით. ფაქტია, უძლიერეს გუნდთან გვიწევდა თამაში – ჩვენამდე “ვერდერმა” შინ 6:2 მოუგო მოსკოვის “სპარტაკს”. გერმანიაში რომ ჩავედით, იმას ვფიქრობდით, მინიმალური ანგარიშით მაინც წაგვეგო, რადგან საპასუხო, თბილისური შეხვედრის იმედი გვქონდა. საბოლოოდ 1:2 წავაგეთ.
რაც შეეხება თბილისურ შეხვედრას, ვიგებდით, ეს ერთადერთი ბურთი მე გავიტანე. კიდევ იყო მომენტები. 1:0 რომ მოგვეგო, გავდიოდით შემდეგ ეტაპზე. გოლი კი საჯარიმოს გარედან გავიტანე – დაგორებულ ბურთს ძლიერად დავარტყი და რიკოშეტიც იყო. მთავარი ალბათ მაინც ის იყო, რომ ბოლოსკენ ფიზიკურად გვაჯობეს. ძალიან ძლიერი გუნდი იყო.” – ასე გაიხსენა “ვერდერთან”ჯახი თენგიზ სულაქველიძემ.