ძიუდოისტების წილი ნაყარია – ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

518

ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში, რომელსაც მიმდინარე კვირაში ბაქო მასპინძლობს, დღეიდან შეჯიბრებაში ძიუდოისტებიც ჩაებმებიან.

შეგახსენებთ, რომ ბიჭებში სრულიად დაკომპლექტებული გუნდით ანუ 8 ფალავანით გამოვალთ, გოგონებში კი 4 მონაწილე გვეყოლება.
24-26 ივლისს პირადი პირველობა გაიმართება, 27-ში კი გუნდური შეჯიბრებაა.

ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი ნიკა ბაჩიაშვილი (50) პირველ შეხვედრას ავსტრიელ მარკუს აუერთან გამართავს, ხოლო მოგების შემთხვევაში მეოთხედფინალში მეტოქედ იტალიელი ტომას სკატოლინოსა და ბრიტანელი დუგლას ფლემინგის წყვილიდან უძლიერესი ეყოლება. ამ ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში პირველ ჯგუფზე გადის, სადაც ფრანგთა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი რომაინ რიკარდ ვალადიერი გამოდის – ბაჩიაშვილი სამი კვირის წინ ვარშავაში გამართულ ევროპირველობაზე მასთან დამარცხდა ნახევარფინალში.

გუგა ამირხანაშვილი (55) პირველ პაექრობას ბრიტანელ არტურ პატემიანთან გამართავს, ამათში მოგებულს კი შემდეგ ეტაპზე იტალიელთა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვინჩენცო სკენდერი ელოდება.

კოტე კაპანაძე (73) პირველ წრეში ავსტრიელ ადამ საფერს გაეჯიბრება, გამარჯვებული კი შემდეგ პაექრობას ევროპის კიდევ ერთ ჩემპიონთან, თანაც აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან ჩაატარებს.

ელგუჯა ჭინჭარაშვილსაც (66) აზერბაიჯანელი ერგო მეტოქედ – მატინ რზაზადე, თუმცა მათი პაექრობა მეორე წრეში გაიმართება, რადგან პირველში ორივე თავისუფალია. ამ ჯგუფში გამოდის რუსთა ევროპის ფინალისტი საიხან შაბიხანოვიც.

73 კილოგრამში გიორგი იანტბელიძე გამოსვლას ავსტრიელ სებასტიან დენგთან შეხვედრით დაიწყებს, გამარჯვების შემთხვევაში კი მეტოქედ ბულგარელი გენადი ბურდინიაშკი ან მოლდოველი დან სტანილა ეყოლება.

აკაკი ჯაფარიძე (81) პირდაპირ მეორე წრეშია დაშვებული, მისი პირველი მეტოქე კი ჩეხი მარტინ ივანკასა და პორტუგალიელი პედრო ლიმას პაექრობაში გამოვლინდება. ჯაფარიძე ამათში უძლიერესსაც თუ დაამარცხებს, მეოთხედფინალში ჰოლანდიელი იან ვან ჰერკისა და სლოვაკი სამუელ რეტის დუეტიდან უძლიერესი ეყოლება მეტოქედ.

ევროპის მესამე პრიზიორი თორნიკე ფოლადიშვილიც (90) მეორე წრიდან ჩაებმება ასპარეზობაში, სადაც რუს ადამ სანგარიევს გაეჯიბრება. მას თუ მოუგებს, მეოთხედფინალში გავა, იქ კი მეტოქედ ესტონელ კარლ ტურკ პრილინის (ამას ევროპის ჩემპიონატზე პირველ წრეში აჯობა), ბელგიელი ზაკარია იამაიგნესა და ლიეტუველი მარიუს მიტროჩინას ტრიოდან უძლიერესი ეყოლება.

ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილიც (+90) პირველ წრეში თავისუფალია, მისი პირველი მეტოქე კი ლატვიელი ალექსის ივაშენკოსა და მოლდოველი ალინ ბაგრინის წყვილის გამარჯვებული იქნება. ნახევარფინალში მის სავარაუდო მეტოქეთა შორის გერმანიის სახელით მოჭიდავე დანიელ უძილაური და აზერბაიჯანელი ჰუსეინ მამედოვიც არიან, ვისაც ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში მოუგო.

ლოლიტა გაბუნია (44) პირველ წრეში ჰოლანდიელ ხოსლინ სუპუსერას ხვდება, ამათში მოგებულს კი შემდეგ წრეში იტალიელი ჯულია ჯიორჯია ელოდება.

დიანა გაგოშიძე-ფილკინა (48) ასევე პირველ წრეში უკრაინელ დარინა ლიაშუკს გაეჯიბრება, ხოლო თუ მოუგებს, მერე ხორვატთა ევროპის წლევანდელ მესამე პრიზიორ ანა ვიქტორია პულიზს გაეჯიბრება.

მარიამ ლაფაჩიშვილი (52) უკრაინელ ვლადისლავა სნიტკოსთან შეხვედრით ჩაებმება ტურნირში, ამათში მოგებულს კი შემდეგ ეტაპზე სერბი თეოდორა კოპიჩი ელოდება.

გვანცა სომხიშვილი (+70) პირველ წრეში რუმინელ ჯორჯიანა მილერს ხვდება, ამ ჯგუფის მეორე წყვილს კი ჰოლანდიელი კარმენ დიკსტრა და ბულგარელი ირინა ჟელეზარსკა შეადგენენ.

წყარო: lelo.ge

SHARE