გამომცემლობა “პალიტრა L”-მა, “საქართველოს რაგბის კავშირთან” თანამშრომლობით, რაგბის მოყვარულებისთვის სპეციალური პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც სტიკერების ალბომი მომზადდა.
სტიკერების ალბომი სპეციალურად რაგბის გულშემატკივრებისთვის შეიქმნა, რომლის დახმარებითაც ფანებს არც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი თუ მოვლენა არ გამორჩებათ.
ალბომში ნახავთ: ინტერაქციულ შესავსებ კალენდარს, იაპონიის ქალაქებსა და სტადიონებს, “ბორჯღალოსნების” ისტორიას, რაგბის ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების სტიკერებს.
აღნიშნული ჟურნალი დღეს, 23 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებმა პირველად ნახეს და აღსანიშნავია, რომ ყველას ძალიან მოეწონა.
Sportall.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და გუნდის ერთ-ერთმა “უხუცესმა” გიორგი
ნემსაძემ გააკეთეს.
მერაბ შარიქაძე: “პირველად ვნახე, მსგავსი რამ რაგბის შესახებ ვინმეს გაეკეთებინოს. მიმაჩნია, რომ რაგბის პოპულარიზაციის პროცესში, ამ საერთო საქმეს ძალიან გამოადგება. ვფიქრობ, ბავშვებისთვის, მოზრდილებისა და უფროსებისთვისაც კი ეს ძალიან სახალისო იქნება. ასეთი პროექტებით, რაგბი მომავალი თაობის ცნობიერს მიღმა სამყაროშიც გაიდგამს ფესვებს და ეს ძალიან სასიხარულოა.
ჩემს ბავშვობაში რომ ყოფილიყო მსგავსი ჟურნალი, აუცილებლად შევიძენდი და ვეცდებოდი, მთლიანად შემევსო”.
გიორგი ნემსაძე: “როცა ეს ჟურნალი დავინახე, მაშინვე ბავშვობა გამახსენდა. იყო დრო, როცა საღეჭი რეზინების სტიკერებს, მარკებს ვაგროვებდით, კოლექციები გვქონდა და ერთმანეთს ვუცვლიდით ხოლმე. ეს ყველაფერი ძალიან სახალისო იყო და დარწმუნებული ვარ, იგივე იქნება რაგბის ამ ჟურნალთან დაკავშირებით.
მგონია, რომ მხოლოდ ბავშვები არ დაიწყებენ მის შევსებას, უფრო მოზრდილი თაობის წარმომადგენლებისთვისაც არ იქნება ურიგო. ეს გულშემატკივრობის პროცესს უფრო მხიარულს გახდის, შეეჯიბრებიან ადამიანები ერთმანეთს და საერთო ჯამში, რაგბის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაში დაგვეხმარება.
14 წელია ნაკრებში ვთამაშობ და ქართული რაგბის სამყაროში ასეთი რამ არ მახსენდება. ცუდია, რომ ჩემს დროს არ იყო, თორემ აუცილებლად შევიძენდი. რაგბის თამაში რომ დავიწყე, 16 წლის ვიყავი და მახსოვს, ნაკრების მაშინდელი წევრები ჩემთვის მორაგბისა და ადამიანის იდეალები იყვნენ.
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი წევრები ძალიან ვცდილობთ და იმედია, მომავალი თაობისთვის იდეალები თუ არა, მისაბაძი მაგალითები მაინც ვართ და დარწმუნებული ვარ, როგორც მე შევიძენდი და შევავსებდი ამ ჟურნალს, 15, 16 ან 17 წლის მორაგბე რომ ვყოფილიყავი, ისე მოიქცევიან ახალი თაობის წარმომადგენლები. თან ეს სახალისო შეჯიბრება იქნება, ვინ უფრო ადრე მოაგროვებს ყველა “ბორჯღალოსნის” სტიკერს.
მოზრდილობის დროს ჩემი იდეალები აქვსენტი გიორგაძე, ვასილ კაცაძე, ილია ზედგენიძე იყვნენ. სხვათა შორის, მათთან ერთად ნაკრებში თამაშიც მოვასწარი და აი, ახალგაზრდობის დროს მათი სტიკერების ჩემს ჟურნალში ჩაკვრა ძალიან სასიამოვნო იქნებოდა”.
ალბომში ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების 156 სტიკერია მოცემული.
გარდა იმისა, რომ რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასს მომზადებული შეხვდებით და “ბორჯღალოსნებს” უგულშემატკივებთ, სხვადასხვა პრიზის მოგებასაც შეძლებთ: საქართველოს ნაკრების გულშემატკივრის მაისური, “ნიკორას” პროდუქტების კალათა და გაზეთ “ლელოს” ერთთვიანი გამოწერა (30 ნომერი).
პრიზს მიიღებს ის, ვინც სტიკერების სრულ კოლექციას შეაგროვებს.
თუკი რამდენიმე ერთნაირი სტიკერი დაგიგროვდებათ, შეგიძლიათ მეგობრებს გაუცვალოთ და სტიკერების სრული კოლექცია შექმნათ.
სტიკერების ალბომის შეძენა შეგიძლიათ წიგნის მაღაზიებში, პრესის გავრცელების წერტილებსა და სუპერმარკეტებში.
ალბომის ფასი 3 ლარია, ხოლო სტიკერების ერთი შეფუთვა სულ რაღაც 1 ლარი ღირს.
წყარო: sportall.ge