19 წლის ჩემპიონი ბიანკა ანდრეესკუ – პირველი კანადელი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც „დიდი სლემის“ ტურნირი მოიგო

567

19 წლის ბიანკა ანდრეესკუ პირველი კანადელი ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც „დიდი სლემის“ ტურნირი მოიგო. მან საათსა და 39 წუთში დაამარცხა ლეგენდარული ამერიკელი სერენა უილიამსი – 6:3, 7:5.

სანამ ფინალურ მატჩზე ვილაპარაკებთ, ნახევარფინალები გავიხსენოთ.

სერენა უილიამსმა ძალიან იოლად დაამარცხა უკრაინელი ელინა სვიტოლინა – 6:3, 6:1. შეხვედრა 70 წუთი გაგრძელდა, აქედან 16 წუთი პირველ ორ გეიმზე მოდიოდა. სვიტოლინამ მხოლოდ პირველ სეტში შეძლო სერენასთვის წინააღმდეგობის გაწევა და ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. მეორე სეტში უკრაინელს ბრეიკ-პოინტი აღარ ჰქონია. თავად უილიამსმა რვიდან ოთხი ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო.

სერენას მეტოქე ფინალში კანადელი თინეიჯერი ბიანკა ანდრეესკუ გახდა, რომელიც კარიერაში პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალში. 19 წლის ჩოგბურთელმა 7:6(3), 7:5 დაამარცხა შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი.

პირველ სეტში ანდრეესკუს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია და მეტოქის ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, შემდეგ კი ტაი-ბრეიკი ჩაატარა უკეთ. მეორე სეტში კანადელი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში იყო, ორმაგი ბრეიკით აგებდა 2:5-ს და შეძლო მატჩის ზედიზედ ხუთი გეიმის მოგებით დასრულება.

მატჩი ორი საათი და 12 წუთი გაგრძელდა. ბენჩიჩმა 13 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ სამი გამოიყენა, ანდრეესკუმ – შვიდიდან ოთხი.

აღსანიშნავია, რომ ანდრეესკუ აშშ-ის ღიას დებიუტანტია. შარშან, ის რეიტინგის TOP200-ის მიღმა იყო და კვალიფიკაციაზე არ დაუშვეს. ბიანკა მეორე კანადელი ქალია ისტორიაში, ვინც „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალში გავიდა. პირველმა ეს 2014 წლის უიმბლდონზე ეჟენი ბუშარმა შეძლო.

ფინალის წინ, აშკარა ფავორიტად უილიამსი იყო მიჩნეული. მან წინა ექვს მატჩში მხოლოდ ერთი სეტი დათმო, ანდრეესკუმ – ორი. აღსანიშნავია, რომ კანადელი ამ შეხვედრას 12-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა – აშშ-ის ღიამდე მან ტორონტოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირი მოიგო.

უილიამსი და ანდრეესკუ აქამდე ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – გასულ თვეში ტორონტოს ტურნირზე. კანადელი 3:1-ს იგებდა პირველ სეტში, როცა სერენამ მატჩი ტრავმის გამო შეწყვიტა.

თითქმის მთელი ფინალის განმავლობაში ანდრეესკუ ფლობდა უპირატესობას, მაგრამ რამდენიმე რთული მომენტის გადალახვა მოუწია. კანადელმა შეხვედრა ბრეიკით გახსნა. მეშვიდე გეიმში მეორე ბრეიკის შანსი მიეცა, მაგრამ ხუთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. მომდევნო გეიმში სერენამ სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, თუმცა ბიანკამ ეს პირველი უსიამოვნო მომენტი გადალახა, მომდევნო გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი აიღო და პარტია დამაჯერებლად მოიგო.

მეორე სეტის პირველ ნაწილში ანდრეესკუ დომინირებდა. მართალია, უილიამსმა მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ კანადელმა ამას სამი ბრეიკით უპასუხა და 5:1 დაწინაურდა. მეშვიდე გეიმში საკუთარ მოწოდებაზე ბიანკამ პირველი მატჩბოლი მიიღო, რომელიც ვერ გამოიყენა და ამის შემდეგ დაიწყო უილიამსის ქამბექი. სერენამ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და ანგარიში გაათანაბრა. ანდრეესკუმ გაუძლო ამ დარტყმას, საკუთარ მოწოდებაზე მე-11 გეიმი დამაჯერებლად მოიგო, რის შემდეგაც, მატჩი რიგით მეექვსე ბრეიკით დაასრულა.

აუილიამსმა 2017 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე 23-ედ მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირი. მას კიდევ ერთი მოგება სჭირდებოდა იმისთვის, რომ გათანაბრებოდა „დიდ სლემზე“ მოგებების რაოდენობით აბსოლუტურ ჩემპიონს, ავსტრალიელ მარგარეტ კორტს. ამ ორი წლის განმავლობაში, სერენას ოთხჯერ ჰქონდა ამგვარი შესაძლებლობა, მაგრამ ოთხივე ფინალი წააგო.

წყარო: lelo.ge

SHARE