2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპისგან განსხვავებით, ისე, როგორც წინა წლებში, ევროპას ორი პირდაპირი (4 წლის წინ 1-მდე შემცირდა) ადგილი დაუბრუნდა. შედეგად, 2023 წლის საგზურს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი მოწინავე გუნდი მიიღებს (2021/2022 წლების შედეგების მიხედვით), მესამე კი დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპში, რეპეშაჟში ჩაერთვება.
საფრანგეთში თამაში უკვე დაბევებული აქვს იმ 12 გუნდს, რომლებმაც იაპონიაში ჯგუფურ ეტაპზე პირველი-მესამე ადგილები დაიკავეს. ესენი არიან: სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, ახალი ზელანდია, უელსი, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრალია, ირლანდია, შოტლანდია, იტალია, არგენტინა, ფიჯი.
დარჩენილი 8 ადგილიდან ორი ევროპას ერგება. ასევე ორ პირდაპირ საგზურს მიიღებს ამერიკა, მესამე კი რეპეშაჟში ჩაერთვება. თითო ადგილი ერგება აფრიკისა და ოკეანეთის გამარჯვებულებს. ოკეანეთის გამარჯვებული 2021 წელს, სამოასა და ტონგას შორის ორმატჩიანი დუელით (შინ და გარედ) გამოვლინდება. ამ წყვილში დამარცხებული გუნდი, საფრანგეთის საგზურისთვის ასევე შინ და გარეთ აზიის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულს შეხვდება, დამარცხებული კი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.
2023 წლის მსოფლიო თასის ბოლო მონაწილე 2022 წლის ნოემბერში გამოვლინდება და ის რეპეშაჟის გამარჯვებული იქნება, რომელშიც ევროპისა და ამერიკის მესამე გუნდები, აფრიკის მეორე და აზია/ოკეანეთის წყვილში დამარცხებული ნაკრებები ითამაშებენ.
წყარო: rugby.ge