ექსკლუზიური ინტერვიუ ლევან შენგელიასთან: დინამოდან არ გავპარულვარ…

581

“განვიცდი ხალხის კომენტარებს, დინამოდან არ გავპარულვარ და ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს”, – განუცხადა ლევან შენგელიამ adjarasport.com-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში და განაცხადა, რომ ტყუილია, ვითომ “დინამოს” ხელშეკრულების გაფორმების პირობა მისცა და თურქეთში ჩუმად “გაიპარა”.

საქართველოს ნაკრების 23 წლის დებიუტანტი ლევან შენგელია ორი დღის წინ თურქული “ქონიასფორის” ფეხბურთელი გახდა. 1 კვირის წინ თითქმის ყველამ იცოდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე “დინამოში” დარჩებოდა, ამიტომ ამ ფაქტმა ქართველი გულშემატკივარი გაანაწყენა.

adjarasport.com შენგელიას დაუკავშირდა და მასთან ვრცელი, ექსკლუზიური ინტერვიუ საინტერესო თემებზე ჩაწერა.

-უპირველესად, წარმატებებს გისურვებთ კარიერის ახალ ეტაპზე. როგორია ხელშეკრულების პირობები “ქონიასფორთან” და კონტრაქტში რამე განსაკუთრებული პუნქტი ხომ არ არის?

-მადლობა. 2+1 სისტემით ხელშეკრულება გავაფორმე. განსაკუთრებული პუნქტი არ არის, უბრალოდ, თუ მომდევნო სეზონში 25 თამაშს ვითამაშებ, ერთწლიანი კონტრაქტი ავტომატურად გაფორმდება.

-როგორ დაგხვდნენ გუნდში? მხოლოდ დირექტორს შეხვდი თუ მწვრთნელსაც?

-ძალიან თბილად და კარგად დამხვდნენ. სპორტული დირექტორი შემხვდა, გუნდის ბაზა დამათვალიერებინა, შემდეგ სამედიცინო შემოწმება გავიარე და მივედით მთავარ სტადიონზე, სადაც ვიცე-პრეზიდენტი და ბორდის წევრები დამხვდნენ. მწვრთნელი ქონიაში არ იმყოფებოდა, სანაკრებო პაუზის გამო, თუმცა კლუბში მისი დიდი ინტერესით და სურვილით მოვხვდი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.

-კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში თქვი, რომ სტადიონი ძალიან მოგეწონა და გრძნობ, დიდებულ ატმოსფეროში მოგიწევს თამაში. შედარებისთვის, “დინამოს” უკეთესი ინფრასტრუქტურა აქვს თუ “ქონიასფორს”?

-სტადიონი ძალიან მაგარი აქვთ, ბაზაც მაღალი დონისაა, თუმცა “დინამოს” ბაზა ვიზუალურად ძალიან ლამაზია, დანარჩენი კი “ქონიასფორის” სავარჯიშო ბაზაზეც ყველაფერი უმაღლეს დონეზეა და არის ის ყველაფერი, რაც მოთამაშის განვითარებისთვისაა საჭირო.

-გავრცელებული ინფორმაციით, “დინამოსთან” 6-თვიან კონტრაქტს აფორმებდი. ასევე, ზამთრამდე დარჩენაში რომან ფიფია თვეში 15,000 დოლარამდე სთავაზობდაო. ეს თუ მართალია, ასეთი ზღაპრული პირობის ფონზე რატომ გადაწყვიტე, რომ დედაქალაქურ გუნდში 3 თვით დარჩენა ცუდი იქნებოდა?

-მართალია, რომან ფიფია აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდა, “დინამოში” რომ დავრჩენილიყავი. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, უშუალო და ახლო. ფინანსების გამო არ გადამიწყვიტავს წასვლა. გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, უბრალოდ, რა შემოთავაზებებიც მქონდა: ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან და თურქეთიდან, ამაზე უკეთესში ვერც ზამთარში წავიდოდი, რადგან გჭირდება მსგავსი დონის ჩემპიონატში გადასვლა, რომ ამის შემდეგ გააკეთო ნაბიჯი დიდ გუნდში.18-19 წლის რომ ვიყო, 100%-ით დავრჩებოდი და ევროტურნირებზეც ვითამაშებდი, უბრალოდ, საჭიროდ ჩავთვალე, რომ ეს 1 წელი კიდევ უფრო დიდ ჩემპიონატში გადასასვლელად გამოვიყენო.

-დაიწერა ისეთი ინფორმაციაც, შენგელია “დინამოსთან” ახალ ხელშეკრულებას აფორმებდა, მაგრამ ნაკრებს თურქეთში გაჰყვა და ქართული კლუბიდანაც “გაიპარაო”.  ეს სიმართლეა? როდის გაიგო “დინამომ”, რომ მათთან ახალ კონტრაქტს აღარ მოაწერდი ხელს?

-არაა სიმართლე, 3 თვეზე მეტია რამდენიმე კონკრეტული შემოთავაზება მქონდა. “კადისს” ძალიან უნდოდა ჩემი წაყვანა, მაგრამ სწორედ მაგიტო გაბრაზდნენ, რომ მათ დროული პასუხი არ ვუთხარი და “დინამოსთან” ერთად ევროტურნირებზე მივიღე მონაწილეობა. მინდოდა, ისეთი კლუბი გამოჩენილიყო, რომელიც ჩემს ტრანსფერში ფულს გადაიხდიდა და გუნდიც ჩემი წასვლით იხეირებდა. ამ ხნის განმავლობაში თუ რამე შემოთავაზება მქონდა, “დინამოში” ყველაფერს დაზუსტებით ვყვებოდი. ზუსტად 3 თვე ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი, რა იქნებოდა უკეთესი და ორივე მხარესთვის მომგებიანი. “ქონიასფორში” წასვლას “გაპარვას” ვერ დავარქმევ, რადგან ბოლო დღემდე არ ვიცოდი რა მექნა და უკანასკნელ საათებში გავაფორმე ხელშეკრულება ახალ კლუბთან.

“ქონიასფორმა” სატრანსფერო დედლაინზე გაყიდა ლეგიონერი და მოეხსნათ უცხოელი მოთამაშეების თამაშის პრობლემა. ამ დღეს მივფრინავდი ნაკრებში და ღამის 2 საათზე დამირეკეს, ბილეთს ვიღებთ და ჩამოდიო. ისე წავედი თურქულ გუნდში, ჩემმა ოჯახმაც არ იცოდა არაფერი, ბილეთის ყიდვიდან 1 საათში ეროვნულ გუნდთან ერთად გავფრინდი. ინტერნეტიც არ მქონდა, მათთვის რომ შემეტყობინებინა. აგენტმაც კი ვერ მოასწრო ჩამოსვლა და როგორ წარმოგიდგენიათ, მაგის ფონზე გავიპარებოდი? არსად გავპარულვარ და ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს.

-გამოდის, რომ “დინამომ” მხოლოდ მაშინ გაიგო შენი წასვლის შესახებ, როცა უკვე “ქონიასფორთან” მოაწერე ხელი?

-იცოდნენ, თურქული შემოთავაზება რომ მქონდა. მათთვის არაფერი დამიმალავს, ყველანაირი დეტალი იცოდნენ. თავად ვეუბნებოდი კლუბებს, ჩემს ტრანსფერში ფული უნდა გადაიხადოთ-თქო და ეგ რანაირად, კონტრაქტი გიმთავრდება უკვეო.

მხოლოდ “ტენერიფე” დავიყოლიე, “დინამოსთვის” 50,000 გადაეხადათ და შემდეგი ტრანსფერიდან გარკვეული თანხა, ისიც იმიტომ, რომ სიტუაცია ავუხსენი, თუმცა მანდ ვეღარ გადავედი.

-ამბობენ, “დინამოს” შეჰპირდა, კონტრაქტს ხელს მოვაწერო და მაინც წახვედი?

-არავის არაფერს შევპირებივარ, რადგან როცა სიტყვას ვამბობ, იმას ვასრულებ. ვისმენდი ყველა წინადადებას და ვეუბნებოდი, მოვიფიქრებ-მეთქი, რადგან ბოლო წამამდე არ ვიცოდი, რა იყო სწორი ნაბიჯი.

-შენი სიტყვებიდან გამომდინარე, ახლაც არ იცი, სწორი ნაბიჯი გადადგი თუ არა თურქეთში გადასვლით?

-ეგრეა, ზუსტად არც ახლა ვიცი, რამდენად სწორად მოვიქეცი. დროა საჭირო და ერთი იმის მჯერა, რომ სადაც არ უნდა ვიყო, თამაში მჭირდება და ყველაფერი გამოვა.

ისიც კი წარმომიდგენია, რომ ერთ დღეს ძალიან კარგი ფეხბურთელი გავხდები და თუ მომეცემა საშუალება, “დინამოს” დავეხმარო, არც ამაზე ვიტყვი უარს. ეს გუნდი ძალიან მიყვარს და ვგრძნობდი თავს, როგორც ოჯახში.

 

-ხალხი “დინამოს” აკრიტიკებს, გუნდის ლიდერს უფასოდ რატომ შეელიეო… თურქულ პრესაში წერია, “ქონიასფორმა” 300,000 დოლარი გადაიხადაო. ქართულმა კლუბმა შენი წასვლით იხეირა?

-“დინამოს” არაფერი აუღია, დამატებით არც მე და აგენტს. მხოლოდ ის, რაც კონტრაქტში ხელფასად ჩამეწერა.

-როგორი იყო ეროვნულ ნაკრებში გატარებული პირველი დღე? ემოციებით დაიტვირთე?

-პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და უზომოდ ბედნიერი ვარ. ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ შესაძლოა, ნორმალურიცაა. იმედია, თავს კომფორტულად მალე ვიგრძნობ. ვარჯიშზეც კი მოედანზე რომ გავდივარ, ცოტას ვნერვიულობ, რადგან საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო.

-ფეხი გტკიოდა და ახლა როგორ გაქვს? შენი შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს გიშლის?

-ოდნავ მაქვს დისკომფორტი ორივე კოჭზე და ცოტა დრო სჭირდება მოსარჩენად. ისე არ მტკივა, ჩემი თამაშის ჩვენებაში ხელს რომ მიშლიდეს. მაგ შემთხვევაში საერთოდ არ გავიდოდი მოედანზე.

-შენი პასუხებიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ქართველი ქომაგის უარყოფითი გამოხმაურება ძალიან ახლოს მიიტანე გულთან. ასეა?

-კი, რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდი ხალხის კომენტარებს. ხელსაც რომ ვაწერდი, ვფიქრობდი, სწორად ვიქცეოდი თუ არა. ძალიან ბევრ ადამიანს ვკითხე აზრი წასვლამდე და ყველამ მითხრა, თურქებს მაღალი დონის ჩემპიონატი აქვთო. ამას გარდა, ძალიან დიდი დასწრებაა თამაშებზე, რაც ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია.

ინტერვიუს დასრულების შემდეგ ლევან შენგელიამ თავად გვთხოვა, მიემართა გულშემატკივრისთვის, რომელიც ასე ძლიერ აკრიტიკებს ქართველ ფეხბურთელს. გთავაზობთ 23 წლის მოთამაშის მიმართვას:

“მსურს, მივმართო იმ ხალხს, რომელიც მაკრიტიკებს თურქეთის ჩემპიონატში გადასვლის გამო: არც ჩემთვის იყო ადვილი უარის თქმა იმ კომფორტზე, რომელზეც ვთქვი. დაუჯერებლად კარგი ხელფასი საქართველოში, ვიცე-კაპიტანი ლეგენდარული გუნდის, 10-ნომრიანი მაისური და, რაც მთავარია, სამშობლოში, ჩემს ოჯახთან ერთად. უდიდესი ნდობა მქონდა ყველასგან და ამის გამო, 3 თვეზე მეტი ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. საბოლოოდ, იმიტომ წავედი, რომ მივხვდი, საქართველოს ჩემპიონატში თამაშით იმაზე კარგი ვარიანტი არ მექნებოდა, რაც ამ პერიოდში მქონდა. არ მინდოდა 1 წლის დაკარგვა, რადგან მომდევნო ზაფხულს მაინც მომიწევდა სხვაგან გადასვლა და კვლავ, მაქსიმუმ იმ დონის გუნდში, როგორიც “ქონიასფორია”. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ მომიწევს “დინამოში” თამაში, თუ ამის სურვილი მათ ექნებათ და მეტიც, შეიძლება მაშინ ბევრად კარგი ფეხბურთელი ვიყო. მინდა “დინამოსთან” ერთად ევროტურნირზე ვითამაშო, სავსე სტადიონზე და იმედია, ამ ოცნებას აუცილებლად ავიხდენ,” – გვითხრა ლევან შენგელიამ.

ლევან შენგელია თბილისის “დინამოს” 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონში “დინამოს” მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება “ქონიასფორს”, სუპერლიგის ახალ სეზონში 3 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს და მე–13 პოზიციაზეა.

წყარო: sport.adjara.com

SHARE