ქართველების მოყვარული იაპონელი – ვინ არის თარჯიმანი, რომელიც „ბორჯღალოსნებს“ ეხმარება?

744
“ბორჯღალოსნების” თარჯიმანი იაპონიაში მცხოვრები 28 წლის ჰაიატე სოტომე იქნება.
სოტომე იაპონელი ქართველოლოგია და საქართველოს შესახებ ბევრი რამ იცის.
გაზეთმა “კვირის პალიტრამ” 15 აგვისტოს სოტომესთან ინტერვიუ ჩაწერა, საიდანაც მის გაცნობას უფრო ახლოს შეძლებთ.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
– ჰაიატე, გაგვეცანით, საიდან ხართ და როდის დაინტერესდით საქართველოთი?

– დავიბადე ქალაქ უცუნომიაში, რომელიც ტოკიოდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს და ტოჩიგის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრია (სხვათა შორის, სწორედ ტოჩიგის პრეფექტურიდან არის ტოჩინოშინის კლუბ “კასუგანოს” პრეზიდენტი და ლევანის “შიკონის” თავსართი “ტოჩიც” ამას აღნიშნავს. – რ.შ.). თავდაპირველად რუსულ ენას ვსწავლობდი, მაგრამ ერთხელ უნივერსიტეტის პროფესორმა ლექციაზე გვიჩვენა თენგიზ აბულაძის ფილმი “მონანიება” და… საქართველოთი სწორედ მას შემდეგ დავინტერესდი.

– ცხადია, ინფორმაციასაც მოიძიებდით ჩვენს ქვეყანაზე… როგორი წარმოგედგინათ და სინამდვილეში როგორი დაგხვდათ საქართველო?
– ჩემს უნივერსიტეტში იყო ქართული ენის მცოდნე იაპონელი იასუჰირო კოჯიმა, რომელიც, თუ არ ვცდები, ორი წელიწადი ცხოვრობდა თქვენს ქვეყანაში. თავდაპირველად, ინტერნეტში წავაწყდი კოჯიმას წერილს საქართველოში მისი ცხოვრების შესახებ. მოგვიანებით, როცა ქართულის შესწავლა დავაპირე, მასთან კვირაში ერთხელ დავდიოდი და წარმოდგენა თქვენს ქვეყანაზე მისი წყალობითაც შემექმნა.

ჩემთვის, როგორც ლიტერატურათმცოდნისა და ქართველოლოგისთვის, მთავარი ხიბლი თქვენი კულტურა და ლიტერატურაა, რომელიც ძალიან მდიდარია და უდიდესი ისტორიაც აქვს, მაგრამ მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობია. ტურისტული თვალსაზრისით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ულამაზესი ბუნება, რომელიც, ჯერჯერობით, ხელშეუხებლად არის შენარჩუნებული.

– გაგიჭირდათ ქართული ენის შესწავლა?
– გრამატიკა, კერძოდ, ზმნები, ძალიან რთულია, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიე. დღეს წერა უფრო მიადვილდება, რადგან თანამედროვე ქართულ ანბანში მხოლოდ 33 ასო-ბგერაა, იაპონურში კი, როგორც იეროგლიფურ დამწერლობებში, გაცილებით მეტი. რაც შეეხება ლაპარაკს, უნივერსიტეტში “ოფიციალურ ენაზე” ლექციის მოსმენა უფრო ადვილია, ვიდრე, მაგალითად, მეგობრებთან შინაურულად, ჟარგონით ლაპარაკი.

– ტოჩინოშინთან გადაღებული ფოტოთი მივხვდი, რომ ჩვენს სუმოისტებს რამდენჯერმე შეხვედრიხართ. ქართველები როდის გაიცანით?
– ტოკიოში მცხოვრები ქართველების უმეტესობას ვიცნობ. ცხადია, შორიდან ლევანსაც ვიცნობდი და გაგასაც, მაგრამ ტოჩის პირველად შარშან შემოდგომაზე შევხვდი, როცა ანსამბლი “რუსთავი” იაპონიაში საგასტროლოდ ჩამოვიდა. ანსამბლის ერთ-ერთი მომღერალი ტოჩინოშინის მეგობარია, ლევანი კონცერტზე მოვიდა და სწორედ იქ გავიცანი.

– რაგბიც გიყვართ? ყოველ შემთხვევაში, ის მაინც გეცოდინებათ, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს მსოფლიო თასზე, რომელსაც იაპონია მასპინძლობს…
– დიახ, რაგბიც მომწონს. მსოფლიო თასის შესახებ კი არა მხოლოდ ვიცი, გარკვეულწილად მისი მონაწილეც ვიქნები. როგორც გითხარით, შარშან ანსამბლ “რუსთავის” წევრებს ვეხმარებოდი იაპონელებთან კომუნიკაციაში, ამჯერად კი ქართველ მორაგბეებთანაც ვიმუშავებ თარჯიმნად. ასე რომ, ველი თქვენი გუნდის იაპონიაში ჩამოსვლას!

– მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა თავის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა “აუკრძალა”, დაიწყო კამპანია Spend your summer in Georgia. თქვენ რას ურჩევთ იაპონელებს, რატომ უნდა “გაატარონ ზაფხული” (ცხადია, არამარტო წლის ეს პერიოდი) საქართველოში?

– იმიტომ, რომ იაპონელებმა საკუთარი თვალით ნახონ, როგორ უყვართ საქართველოში სტუმარი! თქვენ მკითხეთ, რას ვეტყოდი მე, ქართველების მოყვარული იაპონელი ქართველოლოგი ჰაიატე სოტომე, ქართველ ხალხს. მეც ისეთივე სიტყვაძვირობა ვიცი, “როგორც კლდემ იცის”, ამიტომ მინდა მხოლოდ სამი სიტყვა გითხრათ: “გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!” აი, ეს არის ჩემი სათქმელი…
წყარო: sportall.ge
SHARE