ბაქოში მიმდინარე ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის მონაგარი კიდევ 4 მედლით გაიზარდა და ისინი ამჯერადაც მოჭიდავეებზე მოდის.
გუშინ ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო არენაზე შეჯიბრებები 4 წონით კატეგორიაში გაიმართა და ხალიჩაზეც ამდენივე ქართველი გავიდა საჭიდაოდ. ოთხივე მათგანმა მედალი მოიპოვა, თუმცა ცუდია, რომ ოქრო არც ამჯერად არაა – ჩვენებმა 2 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო მოინადავლეს.
გუშინ ბიჭების ორივე საჭიდაო სტილში 48 და 60 კილოგრამების წარმომადგენლებმა იჭიდავეს. ისე მოხდა, რომ 48 კილოგრამის ფალავნებმა ორივეგან ვერცხლი დაისაკუთრეს, 60-კილოიანები კი ასევე ორივე სტილში მესამეზე გავიდნენ.
„თავისუფალთაგან“ ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონი ლუკა გუგეშაშვილი გახდა, ხოლო მესამეზე დავით აბდალაძე გავიდა. ბერძენ-რომაელთაგან ვერცხლის მედალი ხვიჩა აბულაძემ მოიპოვა, ბრინჯაოსი – ნიკა ბროლაძემ.
გუგეშაშვილი სამი კვირის წინ დასრულებული ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორია. მან ფინალამდე ორი შეხვედრა ჩაატარა, რადგან პირველ წრეში ისვენებდა, ის ორი კი დამაჯერებლად, წმინდად მოიგო: პოლონელ სებასტიან ინდიკსაც და ბელარუს იაჰორ რუდაუსკისაც წმინდად, 10:0 მოუგო. სამწუხაროდ, ფინალში ვერაფერს გახდა რუს მაგომედამინ ბეკბულატოვთან, ვისთანაც საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 2:4 დამარცხდა.
ჭაბუკთა ევროპის წლევანდელ პირველობაზე აბულაძეც მონაწილეობდა, თუმცა უმედლოდ დარჩა. ბაქოში პირველ ეტაპზე ისიც ისვენებდა და ამიტომ ფინალში ისიც ორი მოგებით გავიდა, გამარჯვებები კი მანაც სასახელო მიითვალა – ორივე მეტოქეს წმინდად აჯობა. თანაც ერთნაირი ანგარიშით: მოლდოველი ანდრეი ვიტანიც და ნახევარფინალში გერმანელი ნოა ენგლიხიც 9:0 დაამარცხა. ფინალი მან მასპინძელ გურან გურბანოვთან წააგო: 0:5.
ბროლაძემ ევროპის ჩემპიონატზეც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ოღონდ მაშინ თუ მეოთხედფინალში დამარცხდა, ამჯერად ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსთა ფინალისტ მაგომედ გიგიევთან 0:6 წააგო.
არადა, ჩვენებურს საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუხდა შეჯიბრებაში ჩაბმა, სადაც სლოვაკ მატიას ჟაილერს 6:0 მოუგო, მერე მოლდოველი ალექსანდრ გურალი 7:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუმინელ იგორ-ანდრეი ბოტეზს 13:4 სძლია. ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ პაექრობაში მან თურქი ონურ იურტადა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ის ევროპის ჩემპიონატზე თურქთან, ოღონდ მერთ ილბარსთან დამარცხდა.
აბდალაძე ევროპის ჩემპიონატზე მეხუთეზე გავიდა, რადგან დამამშვიდებლის ფინალი რუსეთის სახელით მოჭიდავე დანიელ ხარჩილავასთან წააგო, ამჯერად კი ერთი საფეხურით წინ წაიწია. თუმცა ახლაც რუსთან დამარცხდა – ნახევარფინალში რუსთა მომავალ ჩემპიონ სემიონ ბალტუევთან 0:2 წააგო, მაგრამ მანამდე თურქი ფურკან დოგანი 4:0, ხოლო რუმინელი ალექსანდრუ-იოან მატეა 4:0 დაჯაბნა. ბრინჯაოსთვის პაექრობაში აბდალაძემ პოლონელი პიოტრ სობოლევსკი პირველივე პერიოდში წმინდად, 10:0 გაანადგურა.
დღეს შეჯიბრებაში მოჭიდავეთა დარჩენილი 2-2 წონის წარმომადგენლებიც ჩაებმებიან, ჩვენ კი მონაწილეთა შორის ისევ კვარტეტი გვეყოლება. დღესაც პარალელური წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ ანუ ორივე სტილის ჭიდაობაში 51 და 65 კილოგრამების მოზარდები იბრძოლებენ მედლებისთვის.
თავისუფალ ჭიდაობაში ოთარ მამულაშვილი (51) და დავით ფაცინაშვილი (65) გამოვლენ, ბერძნულ-რომაულში კი – ნუკრი ბენიძე (51) და ნიკოლოზ მარგველაშვილი (65).
მამულაშვილს წლეულს ევროპის ჩემპიონატზე არ უასპარეზია – იმ შეჯიბრებაზე გიორგი გოგრიჭიანი გამოვიდა და ვერცხლიც მოიპოვა. მამულაშვილი ბაქოში პირველ შეხვედრას გერმანელ დარიო დიტრიხთან ჩაატარებს, მოგების შემთხვევაში კი იტალიელი ანტონიო მილიტანოსა და რუმინელი დორუ-მარიო დინკას წყვილიდან უძლიერესს შეხვდება.
ფაცინაშვილი ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორია, თუმცა მას სასტიკად არ გაუმართლა წილისყრაში: ჯერ ხომ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება შეჯიბრებაში და იქაც აზერბაიჯანელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჯაბრაილ გაჯიევი ერგო მეტოქედ!
ბერძენ-რომაელთა 51 კილოგრამში შეჯიბრებები მეოთხედფინალიდან დაიწყება, სადაც ბენიძე (მას ევროპირველობაზე არ უასპარეზია) გერმანელ ჯეიმს იუსტინ შრაინერს დაეჭიდება. თუ მოუგებს, ნახევარფინალში მეტოქედ ებრაელი მელკამუ ფეტენე ან ბელარუსი ილიას კანდძიაკოუ ეყოლება.
მარგველაშვილი ევროპირველობაზე მეხუთეზე გავიდა, ახლა კი შეჯიბრებას 1/16-ფინალიდან დაიწყებს, სადაც ესტონელ რაიმონდ უიბოს ხვდება. ამ წყვილიდან გასულის მეტოქე მომდევნო ეტაპზე რუმინელი იოან ბალანი ან უკრაინელი მარიან ჰოლუბოვსკი იქნება. ბადის ამავე მხარესაა აზერბაიჯანელი ხასაი ჰასანლი, ვისთანაც მარგველაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის გამართული დასკვნითი პაექრობა წააგო.
ამდენად, ბაქოში საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი დღის შემდეგ 6 მედალია – 4 ვერცხლი და 2 – ბრინჯაო. ყველა ჯილდო მოჭიდავეთა ანგარიშზეა, გუნდურ ჩათვლაში კი ევროპის 49 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზე ვართ. შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ფესტივალის ვიცე-ჩემპიონები თავისუფალ ჭიდაობაში ნიკოლოზ სანთელაძე (45), ხოლო ბერძნულ-რომაულში რომეო ბერიძე (55) გახდნენ.
იმედია, დღეს ჩვენი მონაგარი კიდევ უფრო გაიზრდება და ოქროსაც მოვიპოვებთ. არადა, ერთი ოქრო ამ წუთისთვის საერთო რეიტინგში მე-4 ადგილზე გადაგვწევდა, ისე კი მედლების საერთო რაოდენობით ახლაც მეოთხეზე ვართ. წინ მხოლოდ აზერბაიჯანი (10 მედალი) და რუსეთია (8), ხოლო ბელარუსს ჩვენსავით 6 ჯილდო აქვს, მაგრამ მათ აქტივში ერთი ოქროც აქვთ. სულ კი მედალოსანთა სიაში, ჯერჯერობით, 13 ქვეყანაა.
წყარო: lelo.ge