გია გეგუჩაძე: ჩვენი მიზანი ევროტურნირზე წარმატებული თამაშია

315

დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე სტუმრად იყო გადაცემაში ‘სპორტი იმედზე’ დიმიტრი ობოლაძესთან და ნოდარ სიმსივესთან, სადაც განვლილი სეზონი შეაფასა, სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა და ზოგადად, აქტუალურ თემებს შეეხო, მათ შორის მარტში დაგეგმილ სანაკრებო მატჩებს.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მწვრთნელი)  

“მთლიანობაში, სეზონი დადებითად უნდა შევაფასოთ. წლების განმავლობაში, ბათუმში ფეხბურთი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, ჩვენ კი მოვახერხეთ უმაღლეს ლიგაში გადმოსვლა, მეორე ადგილის დაკავება და ევროსაგზურის მოპოვება. ყველაზე რთული იყო ერთდროულად გუნდის შენების პროცესი და დადებითი შედეგის მიღწევა.

მინდა მადლობა ვუთხრა კლუბის ხელმძღვანელებს, რომ მომცეს დინამო ბათუმში მუშაობის საშუალება. თურმე არ მცოდნია, რომ აჭარაში ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის უდიდესი რესურსია. ჩემი და კლუბის ხელმძღვანელების ხედვები ემთხვევა ერთმანეთს, რაც ბედნიერებაა.

დიდი იმედი მაქვს საფეხბურთო აკადემიის, რომელიც ბათუმში მალე აშენდება. აქამდე არსებულმა კრიზისმა დაღი დაასვა ტალანტების წარმოჩენას და განვითარებას, სამომავლოდ კი მჯერა რომ ეს პრობლემა გადაიჭრება და მოგვეცემა საშუალება, რომ უფრო მეტად დავეყრდნოთ ადგილობრივ ფეხბურთელებს.

ჩვენი ამოცანა აუცილებლად იქნება ევროტურნირზე წარმატებული გამოსვლა, რაც ნიშნავს რამდენიმე ეტაპის გავლას. შესაძლოა, გულნატკენები ვართ ქართულ კლუბებზე, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ ახლო წარსულში, ქუთაისის ტორპედო და საბურთალო ძალიან ახლოს იყვნენ ჯგუფურ ეტაპთან. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ გარღვევა მოხდება.

გუნდის გაძლიერებაზე ვმუშაობთ. მათე ცინცაძე უკვე დავიმატეთ და სავარაუდოდ, მალე დაიხურება ვაგნერ გონსალვეშის ტრანსფერი. ვფიქრობ, გაძლიერება გვჭირდება ცენტრალური თავდამსხმელის, ცენტრალური მცველის და მეკარის პოზიციებზე. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკმაყოფილო ვარ იგივე მეკარე ალავიძის თამაშით. პირიქით, ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, კონკურენციის ზრდა კი სასარგებლოა გუნდისთვის.

ყველას კარგად გვესმის, თუ რამხელა წარმატება და გარღვევა იქნება საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ვფიქრობ, არ არის აუცილებელი ყოველდღე იმაზე ლაპარაკი, რომ პლეი ოფის თამაშები აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან ფეხბურთელები ისედაც წნეხში არიან და ამით კიდევ უფრო ვამძაფრებთ ემოციებს. თითოეული ფეხბურთელი აცნობიერებს დასახულ ამოცანას და ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა არაა საჭირო. ვფიქრობ, რთული თამაშები იქნება, რადგან იგივე ბელარუსისთვისაც ეს ისტორიული შანსია. მთავარია, ვითამაშოთ ლაღად, თავისუფლად და დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევთ”.

წყარო: popsport.ge

SHARE