თბილისის „დინამოს“ ყოფილი ლეგიონერი: საქართველოში ძალიან კეთილი ხალხია და ამის მიზეზი, ალბათ…

458
უკრაინული “ზორიას” ლიდერმა დმიტრი ივანისენიამ, რომელიც წარსულში თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა, უკრაინულ გამოცემა ua-football.com-ს ინტერვიუ მისცა.
უკრაინელმა ფეხბურთელმა ასევე საქართველოში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ.
დმიტრი ივანისენია თბილისის “დინამოში” 2018-19 წლებში თამაშობდა. ჯამში მან დედაქალაქური კლუბის მაისურით ეროვნულ ლიგაში 49 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
– თქვენი წინა კლუბი თბილისის “დინამო” პოსტსაბჭოთა სივრცეში ლეგენდარულთა კატეგორიას მიეკუთვნება. იქ თამაშისას ეს იგრძენით?
– ნამდვილად, “დინამოს” საქართველოში განსაკუთრებულად ეპყრობიან. ამ გუნდისგან ყველა მაღალ შედეგებს ელოდება. წელს დინამოელებმა ჩემპიონობა მოიპოვეს და ყველას აქვს სურვილი, ეს წლიდან წლამდე გააკეთოს. საქართველოში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ყველაზე ძლიერი კლუბი “დინამოა”. ზუსტად ამიტომ იქ ფეხბურთელებისადმი ყველაზე მაღალი მოთხოვნებია.
– ქართული ფეხბურთი დღეს გამოირჩევა მაღალი ინდივიდუალური ტექნიკით და კომბინაციური თამაშით?
– დიახ, თუმცა თავად საქართველოს ჩემპიონატი მთლად მაღალი დონის არ არის, მაგრამ მასში არიან ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც განსხვავდებიან სწრაფი აზროვნებით, ტექნიკით და სისწრაფეებით. შემთხვევით არ ხდება, რომ ბევრი ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ ევროპულ ჩემპიონატებში მიდის.
– 70-80-იანი წლების ლეგენდარული თბილისის “დინამოს” რომელიმე წევრი თუ გაიცანით?
– ასეთი შესაძლებლობა ნამდვილად მქონდა. საუბარი ზაურ სვანაძეზე მაქვს, რომელმაც “დინამოს” რიგებში 1981 წელს უეფას თასების თასი მოიგო. თავიდან ის კახა კაჭარავას ასისტენტად მუშაობდა, ხოლო მისი წასვლის შემდეგ სეზონის ბოლო მატჩებს სვანაძის ხელმძღვანელობით ვთამაშობდით. ამის მერე “დინამოში” ესპანელი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი მოვიდა და ზაურ სვანაძე უკვე მის ასისტენტად მუშაობდა.
– ყველაზე მეტად მოგეწონათ საქართველოში? რამე ადგილობრივი წეს-ჩვეულება, ეროვნული სამზარეულო ან თავად ხალხი?
– აი, ზუსტად ხალხი! ისინი საქართველოში უჩვეულოდ კეთილგანწყობილები და სტუმართმოყვარეები არიან. მათთან მიღებულია, სტუმრებს განსაკუთრებული სიკეთით და ყურადღებით მოეპყრა. ქართველებს ძალიან უყვართ სტუმრები, მათ შორის, სხვა ქვეყნებიდან. ჩემი აზრით, ქართველი ხალხის ეს თვისება იმასთან არის დაკავშირებული, რომ ამ ქვეყანაში მთელი წელი მზე ანათებს. ამიტომ ადამიანები იქ ასეთი კეთილები არიან (იღიმის).
– პოპულარული ქართული კერძები და სასმელები, კერძოდ, მწვადი, ხაჭაპური და ჭაჭა თუ გაგისინჯავთ?
– ჭაჭა არ გამისინჯავს. აი, მწვადი, ხაჭაპური და ღვინო – ზომიერად კი. რა უნდა ვთქვა, ქართული კერძები ძალიან გემრიელია. ის ძალიან მომეწონა.
SHARE