ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი თვლის, რომ ჩვენს გუნდს მადრიდში ესპანეთის ნაკრების 30 ქულიანი სხვაობით დამარცხება შეეძლო, თუმცა სიჩქარის გამო დაშვებულმა შეცდომამ, მათ ქულების აღების საშუალება არ მისცა.
საქართველოს ნაკრები 23:10 მოგებული შეხვედრის პირველ ტაიმში დომინანტი იყო, სამი ლელო გაიტანა და 23:5 დაწინაურდა. ამ ტაიმით კმაყოფილია მაისაშვილი:
“თამაში კარგად დავიწყეთ და მთელი პირველი ტაიმი ბურთს ვაკონტროლებდით. გვქონდა შეცდომებიც, რომლის შედეგად მეტოქისგან აგრესიული კონტრშეტევები მივიღეთ, თუმცა დაცვამ კარგად იმუშავა. მოლში, რომლიდანაც ლელო მივიღეთ, ყურადღება მოვადუნეთ, მერე კი ამ კომპონენტშიც კარგად ვიმუშავეთ და მომდევნო მოლებში ესპანეთს წინააღმდეგობა გავუწიეთ. მთლიანობაში, პირველ ტაიმში მრავლად გქონდა მომენტები, როდესაც ქულა უნდა აგვეღო და ის ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართა.”
“პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში მინიმუმ 20 ქულა უნდა აგვეღო, მაგრამ თავი იჩინა კლასის ნაკლებობამ, რაზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. ეს იყო ჭკუის სასწავლებელი მატჩი, რადგან ასეთ რამეს მაღალ დონეზე არ პატიობენ. ერთი წუთით არ იყო იმის საფრთხე, რომ სადავეები ხელიდან გაგვქცეოდა, მაგრამ მივიღეთ ის, რომ მეტოქეს მეტად ჰქონდა ბურთი და მთელი ძალით ცდილობდა ჩამორჩენის შემცირებას. აი ეს მოსდევს სიჩქარეს და სისტემიდან ამოვარდნას. შეგვეძლო მინიმუმ 30 ქულით მოგვეგო და რატომ ვერ შევძელით ეს, დეტალურ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ.”
“ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ტაბუცაძე ამოცანას თავს კარგად გაართმევდა. რომ არა ტრავმა, მას რუმინეთთანაც ვათამაშებდი. დიდ 10-ში მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ფეთქებადი და სწრაფია შეტევაში, ხოლო დაცვაში სტაბილური. ლელოს გატანა ნაწილობრივ გამართლებაა, თუმცა მას მინიმუმ 3-ჯერ ჰქონდა ამის შანსი და რამდენიმე ეპიზოდში პასი დაუგვიანეს. მას აქვს ლელოს გატანის ალღო და ჩვენ არ ვართ განებივრებული ასეთი სწრაფი მოთამაშეებით.”