შოთა არველაძე: ბელარუსზეც წინ ვართ და იმ ორზეც

336

საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირს, ამჟამად კი ტაშკენტის ფახთაქორის მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს აზრი, ეროვნული გუნდის ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებზე ვკითხეთ. 47 წლის სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების მეტოქეები შეაფასა და მატჩების ისტორიულ მნიშვნელობაზე ილაპარაკა. თავდაპირველად კი შოთას მისი გაწვრთნილი გუნდის სეზონის სტარტი შევაფასებინეთ.

– პირველ რიგში, გილოცავ სეზონის კარგ სტარტს.

შოთა არველაძე: ჩვენი მოსამზადებელი პროცესი ცოტა სპეციფიკური იყო. ეს ყოველთვის ასეა, როდესაც სეზონის პირველი ოფიციალური თამაში, საერთაშორისო ტურნირის ეგიდით გაქვს. საწყისს მატჩს რომ გამართავ, გგონია, რომ რაღაც დიდი ტვირთი მოიშორე. სხვა მატჩებისთვის მზადება უკვე ცოტა განსხვავებულად მიმდინარეობს. ფახთაქორის შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ორივე თამაში შინ გვქონდა – პირველი ისედაც კალენდრით ტაშკენტში გვიწევდა, მეორე კი ვირუსის გამო ირანში აღარ ჩატარდა.

სასიხარულოა, რომ ისევე როგორც ჩემპიონატის საწყისი ორი თამაში, ესენიც მოვიგეთ. ამ მომენტისთვის ოთხი თამაშის ჯამში ათი გოლი გვაქვს გატანილი და მხოლოდ ორი გაშვებული, თუმცა მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ გუნდი ისეთ ფორმაშია, როგორშიც მინდა, რომ იყოს. არც მოთამაშეთა გადაადგილება და არც ბურთის მოძრაობაა ისეთი სწრაფი, როგორიც სასურველია. უცნაური ამაში არაფერია, სეზონი ახალი დაწყებული გვაქვს და დროთა განმავლობაში მოვუმატებთ.

– არის თუ არა გუნდზე ზეწოლა? სეზონი ხომ ჩემპიონის რანგში დაიწყეთ.

შოთა არველაძე: ეს ზეწოლა ამ ქვეყანაში ფახთაქორზე სულ არის, ისევე როგორც მაგალითად, გერმანიაში ბაიერნზე, ესპანეთში რეალზე ან ბარსელონაზე. ამას თავიდანვე მიჩვეული ვიყავი, უბრალოდ, განსხვავება ახლა ისაა, რომ გულშემატკივარი უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც გამარჯვებებს ითხოვს.

– გადავიდეთ საქართველოს ნაკრებზე. უმნიშვნელოვანესი ორი მატჩი გველის. რას ეტყოდი ფეხბურთელებს?

შოთა არველაძე: ჩემს თაობას ასეთი მნიშვნელობის მატჩები ნაკლებად ჰქონდა, თუმცა იყო მაგალითად, გერმანიაში შეხვედრა, იყო თბილისში რუმინეთთან მატჩი. მახსოვს, გერმანიაში როდესაც ვთამაშობდით, იმ მომენტში ბულგარეთს სამი ქულით ჩამოვრჩებოდით. ფეხბურთელებმა უნდა გაითავისონ, რომ მათ უდიდესი მისია აკისრიათ და რომ მთელი ერის გახარება შეუძლიათ. აქვთ შესაძლებლობა, რომ ამ უმდიდრესი საფეხბურთო ისტორიის ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი, ევროპის ჩემპინატზე პირველად გაიყვანონ. აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია და თავდაჯერებულობა, ოღონდ, ზედმეტი თავდაჯერებულობა – არა. რომ ვუყურებ შემადგენლობებს – ვინ სად თამაშობს და მოედანზე ვის რა შეუძლია, როგორც ბელორუსზე, ასევე იმ ორ სავარაუდო მეტოქეზეც აშკარად წინ ვართ. გასაგებია, რომ პასუხისმგებლობა დიდია, მოთამაშეებს შეიძლება რაღაც მომენტში მუხლებიც კი აუკანკალდეთ. ჩვენც ასე ვიყავით, მაგალითად, ამხანაგურ მატჩში მალტასთან, რომელიც საერთოდ პირველი თამაში იყო. იგივე დაგვემართა შემდეგ მოლდოვასთან და ამიტომ ვამბობ, რომ კონცენტრაცია უმნიშვნელოვანესი იქნება.

– რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნაკრებს, მაგალითად, კოსოვოსთან?

შოთა არველაძე: მათზე 25 წლით წინ ვართ. ანუ, რაც ჩვენ გავიარეთ, ისინი ამას ახლა გადიან. ჩვენ გვაქვს მათთან შედარებით უდიდესი გამოცდილება. საერთოდ, ასეთ გუნდებს, როგორიც ბელორუსია, ან იმ წყვილიდან ნებისმიერს, ტრადიციულად, სულ ვუგებდით. სომხეთს თბილისში 7:0 მოვუგეთ, აზერბაიჯანს ლამის ყოველ შაბათ-კვირას ვუგებდით. ერთადერთი, მოლდოვასთან ვერ გავიმარჯვეთ.

– არის ეს იმ კატეგორიის მატჩები, რომლებშიც პირველ ადგილზე შედეგია და სხვა ყველაფერი უკან იწევს?

შოთა არველაძე: რა თქმა უნდა. არ აქვს მნიშვნელობა, მოვიგებთ ძირითად დროში, მოვიგებთ ლამაზად თუ მოვიგებთ პენალტების სერიაში. თუ ვერ გაიმარჯვე, მერე აღარავის აინტერესებს მიზეზები. წარმატების გარდა სხვა ვარიანტს არ განვიხილავ. ხომ არ შეიძლება ახალი წლისთვის ნაძვის ხე იყიდო, სათამაშოები შეიძინო და მერე ეს ნაძვის ხე ფარეხში ჩაიტანო და არ გააწყო? მიუხედავად იმისა, რომ შესარჩევ ციკლში კარგი შედეგი ვერ ვაჩვენეთ, მაინც გვაქვს შანსი, რომ ევროპის ჩემპინატზე მოვხვდეთ. ვნახე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიც. ადვილი ჯგუფია და მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

– ბელორუსი ისეთი გუნდია, რომლის ამოცანაა, მეტოქე არ ათამაშოს…

შოთა არველაძე: ასეთი გუნდები ვერასდროს ვერაფერს აღწევენ. რამდენჯერ უნდა ჩაგვიწოდოს, რამდენი სტანდარტი უნდა დაარტყას?! სწორი თამაშით და გააზრებული მოქმედებებით უნდა ვაჯობოთ. გვაქვს უპირატესობა და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ.

წყარო: popsport.ge

SHARE