პირველი ოქრო ტოკიოს ოლიმპიადიდან!!!

848

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 28 ივლისს, -90 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ძიუდოისტი, 21 წლის ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ლაშამ პირველი შეხვედრა მეორე წრეში, პოლონელ პიოტრ კუჩერასთან გამართა და მერვედფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენი მთელი დაპირისპირების განმავლობაში აქტიური იყო და საბოლოოდ, იპონით იმარჯვა – ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი მეტოქე შებოჭა.

ბექაურმა მერვედფინალში ძლიერი მოწინააღმდეგე, ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა ძალიან აქტიურად დაიწყო და მოწინააღმდეგე მალევე გააფრთხილებინა. კოჩმანმა ლაშას კონტრილეთით ვაზარი აართვა, მაგრამ ამას ბექაურის 2 მშვენიერი ვაზარი და გამარჯვება მოჰყვა.

ლაშამ მეოთხედფინალში სერიოზული მოწინააღმდეგე, უზბეკი დავლატ ბაბანოვი, რომელმაც თავი სახიფათოდ (აკრძალულად) დაიცვა, დისკვალიფიკაციით დაამარცხა და ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალის მონაწილე გახდა.

ბექაურმა ფინალში გასასვლელად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ მიხაილ იგოლნიკოვს აჯობა. დაძაბულ შეხვედრაში ლაშა გააფრთხილეს, მაგრამ მალევე ქართველმა მშვენიერი ვაზარი მოიპოვა და გამარჯვება ბოლომდე მიიყვანა.

ლაშამ ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ქართველის მეტოქემ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ბექაურმა თავი კარგად დაიცვა, მალე კი ვაზარი თავად აიღო, მეტოქის შებოჭვამდე კი მხოლოდ სამი წამი დააკლდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა!

წყარო: sportall.ge

SHARE