ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისულელე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გამიგია, ის იყო, რომ თურმე გოლდენ სტეიტი კევინ დურანტის გარეშე უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე მასთან ერთად. არადა, ამ სისულელის მოსმენა თითქმის ორი კვირის მანძილზე გვიწევდა – მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა უორიორსი პორტლენდს უშანსოდ უგებდა. თუმცა, ერთია პორტლენდი და მეორე ტორონტო თავისი ძალიან კარგი დაცვით.
ყველაზე კარგად ამ არცთუ ისე ჭკვიანურ კითხვას პასუხი კლეი ტომპსონმა გასცა. უბრალოდ უპასუხა, რომ ეს ნონსენსია და არ არსებობს გუნდი, რომელიც დურანტის გარეშე უკეთესი იქნება.
კლეი ტომპსონი: „დურანტის გარეშე ჩვენ უბრალოდ კარგი გუნდი ვართ, დურანტთან ერთად კი დაუმარცხებელი“.
კევინ დურანტი უბრალოდ ყველაზე სრულყოფილი შემტევი იარაღია, რომელიც კობისთან ერთად მინახავს – მოთამაშე, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია.
სრულყოფილი სროლის საიდუმლო
წლევანდელი ფინალების მეხუთე თამაშში იყო ასეთი მომენტი: დურანტმა ბურთი პერიმეტრზე მიიღო, სტატიკურ მომენტში, მის წინ კავაი ლეონარდი იდგა, ლიგის საუკეთესო მცველი თავისი ძალიან გრძელი ხელებით – დურანტი ჰაერში აიწია, ისროლა და ჩააგდო, ლეონარდმაც კი ვერ მოახერხა მისი დაფარება ან დაბლოკვა, უფრო მეტიც, ის ახლოსაც კი არ ყოფილა დაფარებასთან.
ეს სტანდარტული მომენტი იყო. კევინ დურანტი ბუნებრივი ანომალიაა, ის ცენტრის სიმაღლეა, სხვადასხვა გათვლებით, 210 სანტიმეტრამდე აღწევს, თუმცა ბურთს საუკეთესო მსროლელივით ისვრის, მას ძალიან რბილი და ზუსტი ხელი აქვს. თუ დააკვირდებით, მას წვრილი ხელები აქვს და ბურთს ძალიან კარგად გრძნობს. ჩვეულებრივ, ამ სიმაღლის და ასეთი კომპლექტაციის მოთამაშეს, ასეთი რბილი ხელი და ბურთის ასეთი გრძნობა არ უნდა ჰქონდეს.
ზემოთ, კავაი ლეონარდის გრძელი ხელები ვახსენე – კავაის გაშლილი ხელების სიგრძე, ე.წ. wingspan, 221 სანტიმეტრია – მას ძალიან გრძელი ხელები აქვს. თუმცა, საქმე ის არის, რომ კევინ დურანტს გაშლილი ხელების სიგრძე კიდევ უფრო მეტი – 225 სანტიმეტრია. შესაბამისად, როდესაც ლეონარდზე თითქმის 10 სანტიმეტრით მაღალი და უფრო გრძელი ხელების მქონე დურანტი ისვრის, მით უმეტეს, როდესაც ჰაერში ადის და ისე ისვრის, დაფარების შანსი თეორიულადაც კი არ არსებობს, თუნდაც კავაი ლეონარდისთვის და არაფერს ვამბობ მასზე უფრო ნაკლებად გაბარიტულ მცველებზე. უხეშად რომ დავთვალოთ დურანტის სიმაღლე, ხელის სიგრძე და ნახტომი, ის დაახლოებით 3 მეტრი და 50 სანტიმეტრის სიმაღლიდან ისვრის – ამ სიმაღლიდან სროლისთვის ხელის შეშლა შეუძლებელია.
მცველების მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ისიც, რომ დურანტს კობის ან დირკ ნოვიცკის მსგავსად შეუძლია უკან გადახტეს და ისე ისროლოს.
ლეონარდის შემთხვევა სტანდარტულია, ლიგაში ალბათ არცერთი ნომინალური მსუბუქი ან მძიმე ფორვარდი არ არის, რომელსაც დურანტთან თამაში შეუძლია. ამ პოზიციების მქონე მოთამაშეები უბრალოდ ბევრად უფრო ნაკლები გაბარიტების მქონე არიან. თეორიულად, დურანტის წინააღმდეგ შეიძლება ცენტრით თამაში, თუმცა მხოლოდ თეორიულად.
ნებისმიერი ცენტრის ან მისი სიმაღლის მოთამაშისგან განსხვავებით, დურანტი ძალიან სწრაფია, კარგად ფლობს ბურთს და ძალიან სწრაფი და გრძელი პირველი ნაბიჯი აქვს. შესაბამისად, ნებისმიერი მეტოქე გადაუჭრელი დილემის წინაშე დგება – დურანტი თავისი პოზიციის მქონე მოთამაშეებზე მაღალია, ხოლო თავისი სიმაღლის მოთამაშეებზე კი სწრაფი. ლიგაში, ფაქტობრივად, არ არსებობს მცველი, რომელიც დურანტის შეჩერებას შეძლებს. ერთადერთი მეტოქეს ილუზია შეიძლება ჰქონდეს, რომ დურანტი თავის სროლას ვერ ჩააგდებს – სროლა მისი ბუნებრივი ნიჭია, მაგალითად, კავაი ლეონარდისგან განსხვავებით მას სროლა ვარჯიშით არ უსწავლია და ბევრად უკეთესი ხელი აქვს. ლიგაში მოსვლის პირველივე წლიდან მოყოლებული ის არასოდეს ჩამოსცდენია სეზონში 20 ქულას – პირველივე წელს იგი თამაშში 20.3 ქულას აგდებდა, მას შემდეგ კი, ზედიზედ 11 წელია ყოველ წელს სცდება თამაშში 25 ქულიან მაჩვენებელს.
თუ დურანტის სროლის დისტანციას შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ მას საყვარელი დისტანცია არ აქვს – იგი ყველა პოზიციიდან ერთნაირად ეფექტურია და ამ მხრივ იგი უნიკალური მოთამაშეა. დურანტს ძალიან კარგად უტევს ფართან 1 მეტრამდე დისტანციიდან, საიდანაც ზუსტი სროლების 73.3 პროცენტი აქვს, ძალიან კარგად ისვრის საშუალო დისტანციიდან ორქულიანებს, სროლას, რომელიც თანამედროვე ლიგაში ნაკლებად ეფექტურად მიიჩნევა, თუმცა არა დურანტისთვის და 38.1 პროცენტით ისვრის სამქულიანი დისტანციიდან.
მის მიერ შესრულებული სროლები არამარტო ყველა დისტანციიდან მაღალი პროცენტით არის შესრულებული, არამედ თანაბრად ნაწილდება სხვადასხვა პოზიციებზე – ეს უნიკალური მაჩვენებელია, მეტოქის დაცვამ არასოდეს არ იცის, თუ რა პოზიციიდან შეუტევს დურანტი.
დურანტი დაახლოებით თანაბარი რაოდენობით ისვრის ყველა დისტანციიდან და თუ არ ჩავთვლით ძალიან ახლო (0-1 მეტრი) და ძალიან შორ (სამქულიანი) დისტანციას, ნებისმიერი სხვა წერტილიდან მისი სროლა ერთნაირად ეფექტურია ზუსტი სროლების 44-45 პროცენტი – ეს მანქანის ტიპის სტატისტიკაა.
რატომ დააკლდა გოლდენ სტეიტს დურანტი ასე ძალიან?
წლევანდელ NBA-ს სუპერფინალში დურანტმა მხოლოდ ერთი მეოთხედი, 12 წუთი, ითამაშა, გოლდენ სტეიტმა ეს მეოთხედი 6 ქულით მოიგო, დურანტმა კი 11 ქულა დააგროვა და სამიდან სამი სამქულიანი ჩააგდო. დურანტთან ერთად, თუნდაც ერთი მეოთხედი, გოლდენ სტეიტი სრულიად განსხვავებული გუნდი იყო. რატომ ცვლის დურანტის ყოფნა/არყოფნა ასე ძალიან გოლდენ სტეიტის თამაშს?
იმ მარტივი მიზეზების გარდა, რომ გოლდენ სტეიტს ძალიან დააკლდა დურანტის თამაშში 30 ქულა და მეტოქის დაცვისთვის, ფაქტობრივად, გადაუჭრელი ამოცანაა, როდესაც უორიორსს ერთდროულად სამი სუპერვარსკვლავი ჰყავს პარკეტზე (მეტოქის დაცვას უბრალოდ აღარ ჰყოფნის რესურსზე ორმაგი დაცვა, რომ ითამაშოს გოლდენ სტეიტის ვარსკვლავებზე), KD-სთან ერთად კალიფორნიელთა თამაში სტრუქტურულადაც იცვლება.
დურანტთან ერთად გოლდენ სტეიტს შეუძლია ჰყოლოდა ძალიან მაღალი და ათლეტური გუნდი, რომელსაც, მაგალითად, ტორონტოს მაღლების აღარ შეეშინდებოდა და კანადელებს მასაში და სიმაღლეში უპირატესობა აღარ ექნებოდათ. ამისთვის საჭიროა, რომ დურანტმა თავის ჩვეულ პოზიციაზე, მსუბუქ ფორვარდად, ითამაშოს და მის გვერდზე დრეიმონდ გრინი და კევონ ლუნი/კაზინსი განლაგდნენ. მის გარეშე, იგუდალასთან ერთად მის პოზიციაზე, გოლდენ სტეიტი სიმაღლეში თითქმის 10 სანტიმეტრს დაკარგა – იგუდალა პირველ რიგში პერიმეტრის მცველია, ვიდრე სამწამიანის, თავის ადრეულ წლებში ის საერთოდაც გარდი იყო. შედეგად, ტორონტოს თავისი გასოლი-იბაკა-სიაკამი – ლეონარდით ათლეტიზმსა და სიმაღლეში უპირატესობა ჰქონდა.
არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ დურანტი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. დაცვაში იგი ყოველ წელს პროგრესირებს და მეტოქეები მის წინააღმდეგ იზოლაციის დროს 100 პოზიციაზე მხოლოდ 62 ქულას ყრიან, რაც ბევრად ჩამორჩება ლიგის საშუალო მაჩვენებელს.
დურანტი გოლდენ სტეიტს სხვა ოპციასაც აძლევს – მასთან ერთად კალიფორნიელებს შეუძლიათ ითამაშონ ძალიან მსუბუქი, ე.წ. death line-up-ით. ეს კარი-ტომპსონი -იგუდალა- დურანტი -გრინის ხუთეულია, რომელიც ლიგაში საუკეთესოა შეტევაში ეფექტურობის მიხედვით.
ამ შემადგენლობაში ცენტრის ადგილი არ არის, გრინი ცენტრის პოზიციაზე თამაშობს, დურანტი კი, მძიმე ფორვარდის თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ იგი ცენტრის სიმაღლეა სამწამიანს კარგად იცავს. ამ შემადგენლობის წინააღმდეგ მეტოქის ცენტრებს შანსი არ აქვთ ხოლმე. სწორედ ამიტომ მიიჩნევდა ბევრი სპეციალისტი სერიის წინ, რომ ტორონტოს ცენტრის პოზიციაზე პასკალ სიაკამით მოუწევდა თამაში, რადგან გოლდენ სტეიტის მსუბუქი ხუთეულის წინააღმდეგ მარკ გასოლის ადგილი არ იქნებოდა. დურანტის ტრამვის შემდეგ, პირიქით მოხდა – გოლდენ სტეიტი გახდა იძულებული, რომ ცენტრით ეთამაშა – დურანტის გარეშე მათ მსუბუქი ხუთეულით თამაში არ შეეძლოთ, უბრალოდ, საჭირო მოთამაშეები აღარ ჰყავდათ. ეს უკვე ტორონტოს თამაშია, რომელშიც კანადელებს და მათ „დიდებს“ (იბაკა, გასოლი, სიაკამი) უპირატესობა ჰქონდათ ლუნი-კაზინისის წყვილთან შედარებით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ტორონტოსთან მოგებულ მეორე თამაშში გოლდენ სტეიტმა 38 ბურთი ჩააგდო, აქედან 34 პასის შედეგად შესრულებული სროლა იყო. ერთი შეხედვით, ეს ძალიან კარგი სტატისტიკაა – გოლდენ სტეიტი ბურთს ამოძრავებდა და პასში თამაშობდა. თუმცა, ამ სტატისტიკას საპირისპირო მხარეც აქვს – ვორიორსს არ ჰყავდა მოთამაშე, რომელიც სროლას თავის თავს თვითონ შეუქმნიდა ანუ აიღებდა ბურთს და გათამაშების გარეშე თვითონვე ჩააგდებდა ანუ ის, რასაც ლებრონი, ლეონარდი, დურანტი და ჰარდენი აკეთებენ.
კარი და განსაკუთრებით ტომპსონი თავის თავს სროლებს იდეალურად ვერ უქმნიან – მათ უბურთოდ ბევრი უნდა იმოძრაონ, გაიხსნან და თანაგუნდელების პასს დაელოდონ. გოლდენ სტეიტი ამ თამაშს ძალიან კარგად თამაშობს, თუმცა ტორონტოსთან არ გამოვიდა. კანადელებმა ტემპი დააგდეს და ნელ კალათბურთში თავისუფალი სივრცის და სროლის მოძებნა კარი-ტომპსონის დუეტისთვის უფრო რთული იყო და მეორეც, როდესაც მთელი თამაში უბურთოდ მოძრაობ- დარბიხარ, იხსნები – იმისთვის, რომ სასროლ დისტანციაზე გახვიდე, მატჩის ბოლოს ძალიან დაღლილი ხარ. შემთხვევითი არ არის, რომ კარიც და ტომპსონიც 50 პროცენტით მეტს დარბიან პარკეტზე, ვიდრე NBA-ს სტანდარტული მოთამაშე (5 კილომეტრი 3.5 კილომეტრის ნაცვლად). ამდენი მოძრაობის შემდეგ ლოგიკური იყო, რომ ტორონტოსთან სტეფ კარი მატჩის ბოლოს ძალიან დაღლილი იყო და სროლები აღარ მისდიოდა.
კევინ დურანტს კი სროლების შექმნა არ სჭირდება, იგი თავის თავს თვითონ უქმნის სროლებს და ეფექტურია ნელ კალათბურთშიც. მას შეუძლია ბურთი აიღოს, შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამის გასვლას დაელოდოს და ბოლო წამებზე სტატიკური პოზიციიდან ჩააგდოს – მეტოქეს, რომ დაფარების ან სროლის ხელის შეშლის შანსი არ აქვს, ამაზე ზემოთ უკვე გითხარით. დურანტის სროლების მნიშვნელოვანი ნაწილი პასის გარეშე სრულდება ანუ ის თანაგუნდელთა დახმარების გარეშე ისვრის.
დურანტი ამ სეზონში თავისი სროლების თითქმის ნახევარს პასის გარეშე ისროდა ანუ, ძირითადად, იზოლაციების შედეგად. ეს გოლდენ სტეიტის ტრადიციული კალათბურთი არ არის, თუმცა დურანტთან ერთად გოლდენ სტეიტს ბევრად უფრო მეტი და განსხვავებული შემტევი იარაღი აქვს. კალიფორნიელებს KD საშუალებას აძლევს ნელ და პოზიციურ კალათბურთშიც ძალიან სახიფათოები იყვნენ ანუ იმ კალათბურთში, რომელშიც მათ ტორონტოსთან დურანტის გარეშე წააგეს.
დურანტის ტრავმა – რას უნდა ველოდოთ?
აქილევსის ტრავმა კალათბურთში ალბათ ყველაზე მძიმე ტრავმაა. მისგან რეაბილიტაციას ძალიან დიდი ხანი სჭირდება და დაბრუნებული მოთამაშეებიც თითქმის არასოდეს არ არიან ტრავმამდელ ფიზიკურ და სათამაშო კონდიციებში. ეს ტრავმა ფეხს ხტუნვის, ჰაერში ასვლის რესურსს საგრძნობლად უქვეითებს. ყველაზე სწრაფადა აქილევსის ტრავმიდან კობი ბრაიანტი დაბრუნდა და მას ამისთვის 240 დღე დასჭირდა. ანუ ძალიან კარგ შემთხვევაშიც კი დურანტი შემდეგი სეზონის პლეი ოფამდე ვერ დაბრუნდება. დიდია იმის ალბათობაც, რომ მან მთელი შემდეგი სეზონი გამოტოვოს.
საშუალოდ მოთამაშეები ამ ტრავმის შემდეგ თავის რეზულტატურობაში 8-10 პროცენტს კარგავენ. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი დურანტი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დარჩება. შეგახსენებთ, რომ მაგალითად, კავაი ლეონარდს გასულ სეზონში ტრავმის გამო (თუმცა არა აქილევსის) თითქმის არ უთამაშია, წელს კი, როგორ ფორმაში დაბრუნდა, ყველამ ვნახეთ. თუნდაც, ხტუნვის ან ჰაერში ასვლის მომენტში დურანტმა რამდენიმე სანტიმეტრი დაკარგოს, მისი სიმაღლიდან და ხელების სიგრძიდან გამომდინარე, იგი მაინც ელიტურ შემტევად დარჩება.
რას ნიშნავს დურანტის ტრავმა NBA-სთვის?
დურანტის ტრავმა ბევრს არაფერს ცვლის ალბათ გოლდენ სტეიტისთვის. KD-ს გუნდიდან წასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ჰქონდა. დურანტის გადაწყვეტილებების ლოგიკას კარგად რომ ჩავწვდეთ, მისი ხასიათი უნდა ვიცოდეთ. KD სტანდარტული ლიდერი არ არის, პირიქით, ვიტყოდი, თავისი ხასიათით, ის ლიდერი საერთოდ არ არის. ოკლაჰომაში ხასიათითა და განწყობით ლიდერი უფრო რასელ ვესტბრუკი იყო, გოლდენ სტეიტი კი სტეფ კარის გუნდია, გუნდის ლიდერი გასახდელში კი დრეიმონდ გრინია. დურანტი ინტროვერტია, ძალიან სენსიტიური ხასიათით. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ამბობენ პრესაში და ზოგადად გარე სამყაროში. NBA-ში ანეკდოტად არის ქცეული, თუ როგორ ჰქონდა მას რამდენიმე ყალბი ტვიტერის ექაუნთი და როგორ იყო ჩართული საკალათბურთო დისკუსიებში. ეს ცოტა უცნაურია იმ კლასის და იმ კალიბრის მოთამაშისგან, როგორიც კევინ დურანტია – მას დასამტკიცებელი არაფერი არ აქვს, მით უმეტეს ტვიტერში ყალბი ექაუნთიდან.
დურანტი ოკლაჰომაში ძალიან განიცდიდა, რომ მას ჩემპიონობა არ ჰქონდა. როგორც ამერიკულ პრესაში წერენ, ახლა იგი იმას განიცდის, რომ გოლდენ სტეიტის ჩემპიონობები არა მხოლოდ მისი პირადი, არამედ გუნდური, რამდენიმე სუპერვარსკვლავის დამსახურებაა. თუნდაც მაშინ, როდესაც KD პლანეტის საუკეთესო მოთამაშეა, გოლდენ სტეიტი მაინც სტეფ კარის გუნდად რჩება – ის ქმნის კალიფორნიელთა სტილს. სწორედ ამიტომ დურანტის შემდეგი მიზანი ისეთ გუნდთან ერთად ჩემპიონობის მოპოვებაა, რომელიც პირადად მისი იქნება. მას დაახლოებით ისეთი რამის გაკეთება სურს, რაც კავაი ლეონარდმა ტორონტოში გააკეთა.
ამისთვის მან ბრუკლინ ნეთსი აირჩია. დურანტს ნიუ იორკში, დიდ ბაზარზე თამაში სურდა, თავიდან ნიუ იორკ ნიქსისკენ იხრებოდა, თუმცა ნიქსი თავისი ცუდი მენეჯმენტით არის ცნობილი, ბრუკლინში კი ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდი შეიკრიბა – დურანტიც ბრუკლინისკენ გადაიხარა. წელს ბრუკლინის ახალგაზრდულმა გუნდმა სენსაციურად პლეი ოფის ზონამდე მიაღწია, დურანტთან ერთად ბრუკლინში კაირი ირვინგი და დეანდრე ჯორდანი მიდიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემდეგ წლებში ბრუკლინი თავის ისტორიაში პირველად ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იქნება.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო დურანტს ეს ლიგაში ძალთა ბალანსს საფუძვლიანად შეცვლიდა. წლევანდელ ფინალებში ჩვენ ვნახეთ, თუ რა ძალაა კევინ დურანტი. ნებისმიერი გუნდი მასთან ერთად ჩემპიონობის პრეტენდენტი ხდება. შემდეგ სეზონში KD დიდი ალბათობით საჩემპიონო ბრძოლებში ჩართული ვერ იქნება, თუმცა ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, იგი კვლავ დარჩება NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ჩამყრელად, ჩემპიონობას ის უკვე აღმოსავლეთ სანაპიროდან შეუტევს.
წყარო: popsport.ge