კვარაცხელია და რუსული რეაქციები: გამოსავალი გამოსყიდვის უფლება იყო…

527

რუსულმა ინტერნეტგვერდმა championat.com-მა ხვიჩა კვარაცხელიას გადაწყვეტილებაზე, მოსკოვის “ლოკომოტივი” ყაზანის “რუბინით” ჩაენაცვლებინა, წერილი გამოაქვეყნა.

ქართველის გარდა, იქ ლაპარაკია ბეკაოსა და ნიკოლა ვლაშიჩზეც (ორივე – მოსკოვის ცსკა), რომლებმაც თავიანთი კლუბები მოულოდნელად მიატოვეს და ამით მათი უკმაყოფილება გამოიწვიეს…

წერილიდან ჩვენთვის საინტერესო ნაწყვეტებს შემოგთვაზებთ. აქვე ვიტყვით, რომ ავტორმა, ნებსითი თუ უნებლიეთ, შეცდომა დაუშვა – საქართველოს ისედაც დაბალი საკლუბო რეიტინგი აქვს, რუსებმა კი კიდევ უფრო “დაგვაქვეითეს” და განაცხადეს, რომ უეფას კლასიფიკაციაში 49-ე ადგილზე ვართ და თვით კოსოვო და გიბრალტარიც კი გვისწრებენ.

სინამდვილეში, საქართველო 47-ე ადგილზეა და გიბრალტარსა (51) და კოსოვოს (53) ნამდვილად ვუსწრებთ.

და კიდევ: კვარაცხელია სულაც არ იყო უცნობი მოთამაშე, მისით ევროპული კლუბები იყვნენ დაინტერესებული და დარწმუნებული ვართ, რუსეთის გარეშე ბევრად მეტი პერსპექტივა გამოუჩნდებოდა.

“იჯარა გამოსყიდვის უფლების გარეშე – ბოროტებაა, – ვკითხულობთ წერილში, – საოცარია, ბეკაოსა და კვარაცხელიას ამბები ერთმანეთს როგორ ჰგავს. ცსკა-მ და “ლოკომოტივმა” ჩამოიყვანეს ფეხბურთელები, რომელთაც არავინ იცნობდა. ბრაზილიელი 22 წლის ასაკში “ბაიას” სათადარიგოებში იჯდა, 18 წლის კვარაცხელია კი საქართველოს ჩემპიონატში გამოდიოდა – უეფას რეიტინგში 49-ე ადგილზე მყოფ ჩემპიონატში, რომელსაც კოსოვო და გიბრალტარიც კი უსწრებენ…

როცა ასეთი მოთამაშეები მიდიან, გამოდის, რომ კლუბების სელექციონერები უშედეგოდ მუშაობდნენ. ფეხბურთელებს პატიობდნენ შეცდომებს, რადგან მათი ზრდის დროს ასეც ხდება. კლუბების ხარჯზე ფეხბურთელები მოღონიერდნენ და მათთვის ღირებული აქტივები უნდა გამხდარიყვნენ. ხვიჩა ის შემთხვევაა, როცა კლუბმა მას უფრო მეტი მისცა, ვიდრე თავად – გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველი არასტაბილურად თამაშობდა, იური სიომინი მას სათამაშო დროს მუდმივად აძლევდა. ეს აშკარად მომავლის გათვლით კეთდებოდა. მწვრთნელს რომ სცოდნოდა – ფეხბურთელი ოთხ თვეში გაემგზავრებოდა, მაშინ საეჭვოა, რომ ამდენი ეთამაშა. “ლოკომოტივს” სურდა, ინვესტირება მომავალზე გათვლით გაეკეთებინა, რაც ფეხბურთელს განვითარების საშუალებას სრულიად განსხვავებულ დონეზე მისცემს, ვიდრე ეს საქართველოს ჩემპიონატია.

აქ “ლოკოს” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მეშჩერიაკოვის სიტყვების ცალკე აღნიშვნა აჯობებდა: “საკმაო ხანია, ხელშეკრულება შევთავაზეთ და ყველა მხარესთან შეთანხმებული იყო, მხოლოდ ტექნიკურ ხელმოწერას ველოდით. მაგრამ ადამიანებს თავში ვერ ჩავუძვრებით… მე კი არ შემიძლია, სხვის ნაცვლად ვიფიქრო. ჩემი გაგებით, რადგან არის შეთანხმებული ხელშეკრულება, იმას ნიშნავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ”.

თუ ხელმოწერა “ტექნიკური” იყო, გასაკვირია, ხელი რატომ არ მოეწერა? 2019 წელს ბიზნესი (საფეხბურთო ჩათვლით) ეფუძნება არა სიტყვებს, არამედ ხელმოწერილ ფურცლებს – ზუსტად ასეთი ამბების გამო.

როგორც ჩანს, შეთანხმება “ლოკომოტივმა” ზედმეტად გადააფასა. ახლა კი გაოცება ძალიან გვიანია. სეზონის პირველ მატჩამდე 5 დღე დარჩა. “ლოკომოტივის” ამბავი მოულოდნელად “გასკდა”.

ცხადია, რომ “ლოკომ” ხვიჩასთან მოლაპარაკება დაიწყო არა დღეს, არამედ – ადრე. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ვითარებაში გადაჭარბებული სიმშვიდე დაეუფლათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიომინს ცრემლები არ ექნებოდა, კლუბის ხელმძღვანელობა კი არ იტყოდა, რომ ხელშეკრულებაზე “ტექნიკური ხელმოწერა” იყო დარჩენილი.

ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა, თუ ფეხბურთელის შეძენისას კონტრაქტში მისი ტრანსფერის საბოლოო გამოსყიდვის უპირატესი უფლება ჩაიწერებოდა. ეს უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებდა სელექციონერებისა და მოთამაშეებთან მწვრთნელის მუშაობას და მოთამაშეების მიმართ გაწეულ პიარს”, – წერს “ჩემპიონატი”.

წყარო: lelo.ge

SHARE