…თბილისის “დინამოს” მცველი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ბრინჯაოს პრიზიორი (1969, 1976-გაზაფხული/შემოდგომა), საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) მფლობელი, “სპორტის რაინდის” წოდების მფლობელი (2013)…
ეს შეგიძლიათ ამოიკითხოთ ცნობარებში ფირუზ კანთელაძეზე. ასეთია ციფრები, საიდანაც თითქოს ყველაფერი ხელის გულზე ჩანს, არადა, რამდენი შრომა, რამხელა თავდადება და ფეხბურთის სიყვარული იმალება ამ მშრალი მონაცემების უკან…
“ლელომ” ქართული ფეხბურთის ვეტერანთან ინტერვიუ ჩაწერა. ფირუზ კანთელაძის საიმედო, კლასიან თამაშს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ყოველთვის აფასებდა, აფასებს და მომავალშიც დააფასებს…
– ბატონო ფირუზ, როდის და როგორ შემოვიდა ფეხბურთი თქვენს ცხოვრებაში?
– ბავშვობაში სვანეთის უბანში ვცხოვრობდი და ფეხბურთს თითქმის ყოველდღე ქუჩაში ვთამაშობდი. შემდეგ საცხოვრებლად საბურთალოზე, კრონშტადტის ქუჩაზე გადმოვედით და ფეხბურთის სათამაშოდ ბავშვები იპოდრომზე დავდიოდით ხოლმე. ჯერ 62-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, მერე მე-60-ში გადავედი, სადაც სასკოლო ნაკრების შემადგენლობაში თბილისის პირველობაზე ვმონაწილეობდი. ფეხბურთის გარდა, კალათბურთშიც გამოვდიოდი, ფრენბურთშიც, მძლეოსნობაშიც… იმ პერიოდის მე-60 სკოლიდან შემდგომში ბევრი სახელოვანი სპორტსმენი გაიზარდა, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ნაკრებების შემადგენლობაში სპორტის სხვადასახვა სახეობაში გამოდიოდნენ. შემიძლია, ჩამოგითვალოთ ფეხბურთელები – რეზო ღვანიძე, ნუგზარ გულბანი, ძმები – ვაჟა, მურად, ნუგზარ და ზორბეგ ჩიტაურები, თენგიზ წურწუმია, თამაზ ღირდალაძე, შაქრო კობერიძე… მოჭიდავეები: ევროპისა და მსოფლიო თასის მფლობელები – გივი და დათო ყვარელაშვილები; კალათბურთელები – თამაზ ჩიხლაძე, ლევან ჩხიკვაძე, ვაჟა ჭკუასელი, ვალიკო კანდელაკი; წყალბურთელები – ვლადიმერ და ოთარ ისელიძეები, ჯიმი თორთლაძე…
ფირუზ კანთელაძე თბილისში, გრასჰოპერსთან პირველი მატჩის დროს
– გაიხსენეთ თქვენი პირველი მწვრთნელები.
– თავიდან შევედი “ნორჩ დინამოელში”, შემდეგ გადავედი “ბურევესტნიკში”, სადაც ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ – რეზო ღვანიძე, ნუგზარ გულბანი, თენგიზ წურწუმია, თემურ გრძელიძე და სწორედ მათ გამიწიეს რეკომენდაცია მწვრთელებთან – გოგი მამალაძესთან, ოთარ კინწურაშვილსა და თამაზ ქობულაძესთან. მოგვიანებით, “ბურევესტნიკი” დაიშალა და შეუერთდა ახალგაზრდულ საფეხბურთო სკოლას, ეგრეთ წოდებულ “ფეშეემს”, რომლის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ელოშვილი, მწვრთნელები კი გიორგი ბაქანიძე, ომარ ურთქმელიძე და ჯუმბერ თანანაშვილი გახლდნენ. ამ სკოლის სახელით 1966 წელს გავხდი ჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ხოლო 1967 წელს ვერცხლისმედალოსანი – ჭაბუკებს შორის.
– თბილისის “დინამოში” როგორღა მოხვდით?
– 1966 წელს ალიოშა კოტრიკაძემ ამიყვანა თბილისის “დინამოში”, ხოლო 1967 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში შემიყვანეს და იმავე წელს სტამბოლში ევროპის ჩემპიონი გავხდი.
– თქვენ თბილისის “დინამოსთან” ერთად ხართ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, თასის მფლობელი, “კარაველას თასის” გამარჯვებული… რომელი ტიტულია თქვენთვის ყველაზე ტკბილად მოსაგონარი?
– “დინამოს” შემადგენლობაში ჩემთვის ყველა გამარჯვება სასიხარულო და საამაყოა.
– “კარაველას თასზე” გულშემატკივარმა შედარებით ნაკლები იცის გასაგები მიზეზების გამო. იქნებ, გაიხსენოთ ამ ტურნირის პერიპეტიები…
– 1973 წელს ესპანეთის ქალაქ უელვაში ჩატარდა “კარაველას თასის” გათამაშება, რომელშიც თბილისის “დინამოსთან” ერთად მონაწილეობდნენ ინგლისის ჩემპიონი “დერბი ქაუნთი”, მადრიდის “ატლეტიკო” და ლისაბონის “ბენფიკა”. პირველი თამაში “ატლეტიკოს” პენალტებით მოვუგეთ, ფინალში კი “ბენფიკა” 3:1 დავამარცხეთ და “დინამო” პირველი საერთაშორისო პრიზით დაბრუნდა თბილისში.
– ფირუზ კანთელაძე და საბჭოთა კავშირის ნაკრები – როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოგეცათ შანსი, არადა, ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყავით…
– იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ ისეთი დიდი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ხურცილავა, შესტერნიოვი, კაპლიჩნი და შუსტიკოვი. ამ დროს მე არასტაბილურად ვთამაშობდი და გუნდის დატოვებაც კი მქონდა გადაწყვეტილი…
დავით გოგია, ფირუზ კანთელაძე, მანუჩარ მაჩაიძე
– 1976 წლის სექტემბერში ორჯერ მოგეცათ პენალტების შესრულების საშუალება – ერთხელ სსრკ-ს თასის ფინალში “არარატთან”, მეორედ – თბილისში უელსის “კარდიფ სიტისთან” თასების თასის საპასუხო მატჩში. და ეს მაშინ, როცა “დინამოს” გოლის გამტანი ფორვარდები არ აკლდა – ყიფიანი, გუცაევი, ჩელებაძე… რატომ გამოგიცხადათ ნოდარ ახალკაცმა ნდობა მაინცდამაინც ცენტრალურ მცველს?
– “არარატთან” თამაშის დროს იმ მომენტში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ბურთთან ახლოს მე აღმოვჩნდი და გავიტანე კიდეც. “კარდიფ სიტისთან” კი უკვე მე მომანდეს პენალტის დარტყმა და იქაც გავიტანე.
– გაიხსენეთ “გრასჰოპერსისა” და თბილისის “დინამოს” სკანდალური საპასუხო მატჩი 1977 წელს, უეფას თასზე, როცა ციურიხში ფრანგმა არბიტრმა მიშელ კიტაბჯანმა აშკარა მიკერძოებით იმსაჯა “დინამოს” წინააღმდეგ – შოთა ხინჩაგაშვილი გააძევა, თქვენ და კიდევ ორი დინამოელი გაგაფრთხილათ… ამ ფაქტმა მაშინ დიდი აღშფოთება გამოიწვია…
– ეს მოხდა მეორე ტაიმში, როცა 1:0-ს ვაგებდით. ამ დროს საჯარიმოში ჩივაძე მოცელეს, რაზეც მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა. ამაზე ხინჩაგაშვილმა პროტესტი გამოთქვა და მსაჯს შეეკამათა, იმან კი ჩივაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო ხინჩაგაშვილმა ეს ბარათი გამოსტაცა და მოისროლა, რასაც მსაჯის მხრიდან მაშინვე წითელი ბარათის ჩვენება და მოედნიდან გაძევება მოჰყვა. ამან მთელი ჩვენი გუნდის აღშფოთება გამოიწვია. მეც ვერ შევიკავე თავი და პროტესტი ემოციურად გამოვხატე, თუმცა არ გამაძევა, მხოლოდ ყვითელი ბარათი მიჩვენა. შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ ამ ფაქტს პოლიტიკური შეფასება მიეცა, მოსკოვში კი განიხილა სპორტულ-ტექნიკურმა კომისიამ და იცით, რა გადაწყვეტილება მიიღეს? მე და ხინჩაგაშვილი “33 საუკეთესოს” სიიდან ამოგვშალეს.
– თქვენ არაერთ ვარსკვლავთან ერთად ან მათ წინააღმდეგ გითამაშიათ. ვინ იყო თქვენთვის ყველაზე კარგი პარტნიორი და რთული მეტოქე?
– “დინამოში” კარგად ვიყავი შეთამაშებული ხურცილავასთან, ხინჩაგაშვილთან, ჩივაძესთან, ებრალიძესთან, რეხვიაშვილთან, ჭელიძესთან, შერგელაშვილთან… მეტოქეებიდან გამოვყოფდი ბრაზილიის ნაკრებისა და “კრუზეიროს” თავდამსხმელ ტოსტაოს, რომელსაც ინდონეზიის საერთაშორისო ტურნირზე შევხვდით. ძლიერი მოწინააღმდეგეებიდან ასევე მახსენდებიან პოლონელი ლიუბანსკი, იტალიელი ალტობელი, პორტუგალიელი ნენე… საბჭოთა ფეხბურთელებიდან უპირველესად აღვნიშნავდი სტრელცოვს, ბლოხინს, ბანიშევსკისა და სტარუხინს.
– ახლა გადმოვინაცვლოთ თანამედროვეობაში. რა აზრის ხართ ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე?
– ქართულ ფეხბურთში დაწყებულია სასიკეთო ძვრები, რაც მისასალმებელია. ფეხბურთის ფედერაცია ებრძვის გარიგებულ თამაშებს, რომელიც ამახინჯებს და აქვეითებს ფეხბურთს. მაგრამ მეტ ყურადღებას მოითხოვს ბავშვთა ფეხბურთი და ეს არის მისახედი.
– საინტერესოა თქვენი აზრი საქართველოს ნაკრებზე…
– სამწუხაროა, რომ ნაკრების ფეხბურთელებს – მჭედლიძეს, ანანიძეს, ოქრიაშვილს ტრავმები ხშირად აწუხებთ და მათი შეკრება ვერა და ვერ ხერხდება, რათა მწვრთნელმა ოპტიმალური შემადგენლობა დააყენოს. ბოლოს ძალიან გვაკლდა ჩაკვეტაძეც.
– ბატონო ფირუზ, თუ გაქვთ საფეხბურთო ოცნება?
– ჩემი ოცნებაა ქართული სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთი ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ევროტურნირებზე. მაგრამ ეს მარტო ჩემი კი არა, ყველა ჭეშმარიტი გულშემატკივრის ოცნებაა.
– დღევანდელ ქართულ ფეხბურთში თუ არის ისეთი მოთამაშე, რომელიც თქვენს თავს გაგონებთ?
– პარალელის გავლება გამიჭირდება. მე მომწონს ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს მოედანზე ტოვებს, ამიტომაც, დიდი სიამოვნებით ვუყურებ ინგლისის ჩემპიონატს.
წყარო: lelo.ge