არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ არბიტრების აუდიოჩანაწერი გამოითხოვა

537

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ კონმებოლისგან ნახევარფინალური მატჩის მთავარ არბიტრ როდდი სამბრანოსა და ვიდეოასისტენტს შორის გამართული საუბრის აუდიოჩანაწერი გამოითხოვა. “ალბისელესტეს“ წარმომადგენლები მსაჯობით უკმაყოფილოები არიან და თვლიან, რომ ეკვადორელმა რეფერიმ ორი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

რამდენიმე საათის წინ კონმებოლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მსაჯსა და ვიდეოასისტენტს შორის კომუნიკაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობდა, თუმცა მატჩის დაწყებამდე ყველაფერი მოგვარდა და კავშირი აღდგა.

ბრაზილიური გამოცემების ინფორმაციით ტექნიკური ხარვეზი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდება. ჟაირ ბოლსონარუ შეხვედრას დაესწრო და Globo Esporte პრობლემების გამომწვევ მიზეზად ბრაზილიის პირველი პირის დაცვის წევრებს ასახელებს.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ კონმებოლს ექვსგვერდიანი წერილიც გაუგზავნა, რომელშიც მსაჯთა კომისარის, ვილსონ შემენუს გადაყენება მოითხოვა და სამბრანოს მიკერძოებული არბიტრი უწოდა.

აქვე დავძენთ, რომ არგენტინულ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც ჯერჯერობით დაუზუსტებელია. როგორც ირკვევა ვიდეოასისტენტმა, ლეოდან გონსალესმა მატჩის შემდეგ მსაჯთა კომისრებთან საუბრისას განაცხადა, რომ ორივე ეპიზოდში წესების დარღვევა დაინახა და სამბრანოს შეატყობინა, რომ ორივე შემთხვევაში თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა, თუმცა ეკვადორელმა რეფერიმ მომენტები VAR-ზე მაინც არ გადაამოწმა.

წყარო: crystalsport.ge

SHARE