კევინ დურანტი „ბრუკლინში” 7 ნომერი იქნება

610

„ბრუკლინ ნეტსის“ ახალწვეული კევინ დურანტი ამიერიდან 35-ნომრიანი მაისურით არ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ტვიტერში თავად ამერიკელმა კალათბურთელმაც დაადასტურა. კევინი „ნეტსის“ რიგებში 7-ნომრიან მაისურს მოირგებს, რაც მის კარიერაში პირველად მოხდება.

ტეხასის უნივერსისტეტის გუნდიდან მოყოლებული, როდესაც კევინი კალათბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ყოველთვის 35 ნომრის ერთგული იყო. ჩარლ კრეიგის საპატივცემულოდ, რომელიც მისი პირველი მწვრთნელი გახლდათ და 35 წლის ასაკში მოკლეს.

„35-მა საშუალება მომცა შევხვედროდი ხალხს, რომელთაც ვერასდროს გავიცნობდი, მომცა გამოცდილება, რომელიც არასდროს მქონია. 35-მა მომცა ტეხასის უნივერსიტეტში კალათბურთის თამაშის შანსი, 35-მა მომცა ჩემი ოცნების ახდენისა და NBA-ში თამაშის შესაძლებლობა სიეტლში. 35-მა მომცა შანსი მეთამაშა „ოკლაჰომა სიტიში“ და ბოლოს 35-მა მომცა შანსი წავსულიყავი „გოლდენ სტეიტში“ და მომეგო ორი საჩემპიონო ტიტული.

35 ავირჩიე ჩემთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანის საპატივცემულოდ. ყოველთვის ვიამაყებ მისით და 35 ნომრით. თუმცა ჩემი ახალი საკალათბურთო თავგადასავალი დაიწყება 7 ნომრით“, – დაწერა დურანტმა.

აქვე გეტყვით, რომ დურანტი “ბრუკლინში” 4 წლის განმავლობაში 164 მილიონ დოლარს მიიღებს. 30 წლის კევინი „გოლდენ სტეიტში“ 2016 წლიდან თამაშობდა და ორჯერ NBA-ს ჩემპიონი გახდა. გასულ სეზონში კი საშუალოდ 26 ქულას, 6.4 მოხსნასა და 5.9 პასს აგროვებდა.

წყარო: worldsport.ge

SHARE