18 წლის ქართველი სევილიაში ჩადის – „ბეტისი“ დიდი გუნდია, რაც დამატებითი მოტივაციაა მისთვის

525

ქართული საფეხბურთო სააგენტოს, SmartBall Sports Management-ის წარმომადგენლები ლევან ზუხბაია და მიხეილ ხუციშვილი 10 ივლისს ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში გაფრინდნენ.

სააგენტოს კლიენტები ისეთი ქართველი ფეხბურთელები არიან, როგორებიცაა გიორგი პაპუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ვახტანგ ჭანტურიშვილი და სხვები.

Sportall.ge ლევან ზუხბაიას ესპანეთში დაუკავშირდა და გამგზავრების მიზეზებსა და ქართველი ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.

“სარაგოსაში ლევან გრძელიძეს გამოვყევით, რეაბილიტაციისთვის 2 თვე დარჩა და ვარჯიშს დაიწყებს. გიორგი პაპუნაშვილი გუნდთან ერთადაა, “სარაგოსაში” რჩება, რაღაც შემოთავაზებები იყო, მაგრამ ამ სეზონში დარჩენა ვამჯობინეთ. ის ჯანმრთელადაა, გუნდი ხვალ იკრიბება და მოსამზადებელი ეტაპი იწყება.

კიდევ ერთი კარგი სიახლე – 13 ივლისს სევილიაში ჩამოდის 18 წლის ნახევარმცველი ნიკოლოზ მემარნე, ის ვარჯიშს “ბეტისის” მეორე გუნდში დაიწყებს.

მასზეა დამოკიდებული ყველაფერი, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, ძალიან მეიმედება ამ ასაკში მისი საქმისადმი პროფესიონალური მიდგომის, დანარჩენს დრო გვაჩვენებს. “ბეტისი” დიდი გუნდია, რაც დამატებითი მოტივაციაა მისთვის”, – უთხრა Sportall.ge-ს ლევან ზუხბაიამ.

ჩვენის მხრივ გეტყვით, რომ ნიკოლოზ მემარნე ბოლოს “იბერია 2010”-ში თამაშობდა, ის საქართველოს იმ 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, სადაც ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდნენ.

წყარო: sportall.ge
SHARE