ფედერერის ისტორიული შედეგი – 100 მოგება უიმლდონზე

527

კონტრექსვილში (საფრანგეთი) 100.000-იანი საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში სოფიო შაფათავა ერთეულებში კვალიფიკაციიდან აღზევებულ სარა ჩაკარევიჩთან (საფრანგეთი)

მეორე ნახევარფინალური წყვილი როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა შეადგინეს.

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მან ოთხ სეტში დაამარცხა კეი ნიშიკორი – 4:6, 6:1, 6:4, 6:4, რითაც უიმბლდონზე მე-100 მოგება იზეიმა. როჯერი მეცამეტედ ითამაშებს ლონდონის „მეიჯორის“ ნახევარფინალში, რაც აბსოლუტური რეკორდია კაცებს შორის.

ფედერერი პირველი ჩოგბურთელია ისტორიაში, ვისაც „დიდი სლემის“ ერთ ტურნირზე 100 მატჩი მოუგია. ასეთ შედეგთან ყველაზე ახლოს ამერიკელი ჯიმი კონორსი იყო, რომელსაც აშშ-ის ღიაზე 98 მოგება დაუგროვდა. ავსტრალიის ღიას რეკორდსმენია ფედერერი – 97 მოგება, როლან გაროსის ნადალი – 93.

როჯერი ნიშიკორისთან მეოთხედფინალს ზედიზედ 12 სეტის მოგებით შეხვდა, მაგრამ ეს სერია პირველივე პარტიაში შეწყდა, რომელშიც იაპონელს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ფედერერს მხოლოდ ერთი. ნიშიკორიმ შეძლო ერთი ბრეიკის შეასრულება და ამის ხარჯზე სეტებში დაწინაურება.

ამის შემდეგ, ფედერერი დიდ უპირატესობას დაეუფლა. მომდევნო სამ პარტიაში მან ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა ნიშიკორის, რაც იაპონელმა ვერ გამოიყენა, როჯერმა კი ამ პარტიებში 13-დან ოთხი ბრეიკ პოინტის გამოყენება შეძლო. შვეიცარიელმა 55 „ვინერსით“ დაასრულა მატჩი, თუმცა, უნებლიე შეცდომებიც ბევრი ჰქონდა – 32.

რაფაელ ნადალი უპირისპირდებოდა ეისების ოსტატ ამერიკელს სემ კუერის და ორ საათსა და ცხრა წუთში გაუსწორდა მას – 7:5, 6:2, 6:2.

ნადალს შეეძლო უფრო იოლად და ნაკლებ დროში მოეგო, მაგრამ პირველი სეტის მიწურულს მოწოდებაზე თამაში აერია. ესპანელმა პირველი პარტია დამაჯერებლად დაიწყო – საკუთარ გეიმებში თითქმის არ ცდებოდა, მესამე გეიმში კი ბრეიკი შეასრულა და სეტის მოგებას მიუახლოვდა – მერვე გეიმში რაფაელმა სამი სეტბოლი ვერ გამოიყენა, მეცხრეში სეტზე აწვდიდა და კიდევ ერთი სეტბოლი გაანიავა, კუერიმ ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

ნადალი არ ჩამორჩა მეტოქეს და მანაც აიღო ბრეიკი და ისევ გაუჭირდა სეტზე ჩაწოდება – კუერის ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მაინც გადაულოცა ესპანელს გეიმიც და სეტიც.

საბოლოოდ, სწორედ ეს აღმოჩნდა მატჩში ყველაზე რთული მონაკვეთი ნადალისთვის. მომდევნო ორი სეტი მან ორ-ორი ბრეიკით მოიგო, მეტოქეს კი ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რომელიც კუერიმ ვერ გამოიყენა.

ნადალმა ძალიან კარგად ითამაშა მიღებაზე – 16 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსი ბრეიკი შეასრულა. არადა, ამ მატჩამდე კუერის მხოლოდ ერთი საკუთარი გეიმი ჰქონდა წაგებული ტურნირზე. ესპანელმა ისევ საიმედოდ და აკურატულად იმუშავა – მხოლოდ 12 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ამასთან, 44 „ვინერსი“ დააგროვა. ასევე აღვნიშნოთ პირველი მოწოდებით აღებული ქულების 82 პროცენტი.

ფედერერი და ნადალი 2008 წლის ლეგენდარული ფინალის შემდეგ, პირველად ითამაშებენ ერთმანეთის წინააღმდეგ უიმბლდონზე. ჯამში კი ეს მათი მე-40 მატჩი იქნება ტურში. ნადალი წინ არის – 24:15. როჯერი და რაფა ბოლოს ცოტა ხნის წინ, როლან გაროსის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ნადალმა სამ სეტში მოიგო.

წყარო: lelo.ge

SHARE