პროფესიულ კრივში მძიმე ტრავმა – ჩვეულებრივი ამბავია, ხანდახან კი ბრძოლები სიკვდილით მთავრდებოდა. ასე მოხდა 1962 წლის მარტში, როცა ტიტულისთვის ბრძოლაში კუბელმა ბენი პარეტმა დარტყმების სერია გაუშვა ამერიკელი ემილ გრიფიტისგან და კომაში ჩავარდა.
მოკრივე გონს ვეღარ მოვიდა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ იმდენად მძლავრი შთაბეჭდილება მოახდინა ტელემაყურებელზე, რომ საკრივო ორთაბრძოლების პირდაპირი ტრანსლაციები 10 წლით აიკრძალა.
გთავაზობთ პროფესიულ კრივში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ბრძოლის ისტორიას.
საბედისწერო ბრძოლა
მე-12 რაუნდი, ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ნახევრადსაშუალო წონაში NBA-ის (ეროვნული საკრივო ასოციაცია) ვერსიით. ერთი მოკრივე კუთხეში იმწყვდევს მეორეს და დაუნდობლად ურტყამს მკერდსა და თავში. ის 20-ზე მეტ დარტყმას ასრულებს და არანაირ წინააღმდეგობას არ აწყდება.
იყო მხოლოდ სახის ხელთათმანებით დაფარვის სუსტი მცდელობა. ეს დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა. მოკრივე არ ჩერდება იმის მიუხედავადაც, რომ მეტოქე თითქმის აღარ ინძრევა და ბაგირებზეა ჩამოკიდებული. როგორც იქნა, საქმეში რეფერი ებმება.
ის, ვისაც ექიმები თავს დასტრიალებენ, კუბელი ბენი პარეტია. ის 25 წლისაა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი. ის, ვინც გამარჯვების ნიშნად ზემოთ სწევს ხელებს, ამერიკელი ემილ გრიფიტია. ის ერთი წლით უმცროსია პარეტზე, უკვე იყო ჩემპიონი, მაგრამ ტიტული დაკარგა. ეს მათი პირველი შეხვედრა არ იყო: პარეტი და გრიფიტი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს 1961 წლის აპრილსა და სექტემბერში. თავიდან ბენიმ ნოკაუტით წააგო, შემდეგ ქულებით გაიმარჯვა.
მესამე ორთაბრძოლის წინ, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა, მოკრივეები არ მალავდნენ ერთმანეთის მიმართ ზიზღს, ასე რომ, მანჰეტენში გასამართავი ბრძოლის წინ, მოლოდინი ძალიან მაღალი იყო. რა თქმა უნდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რინგზე სპორტული ურთიერთობის გარკვევა ვინმეს სიკვდილს გამოიწვევდა.
გრიფიტი უპირობო ფავორიტი იყო – ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტთა აზრით. მოკრივეთა შანსების შეფასებისას, მათ ესმოდათ, რომ პარეტი არ ხვდებოდა ბრძოლას საუკეთესო ფორმაში. ჯერ ერთი, ოთხი თვით ადრე, მან წააგო სარეიტინგო ორთაბრძოლა ამერიკელ ჯინ ფულმერთან და აღდგენა ვერ მოასწრო. მაგრამ გამოწვევის მიღება კუბელისთვის ღირსების საქმე იყო. გარდა ამისა, გრიფიტს რევანში სწყუროდა. მსაჯების გადაწყვეტილებით დასანანი მარცხის შემდეგ, რომელსაც ამერიკელი არ ეთანხმებოდა, გრიფიტი ოცნებობდა არა მხოლოდ მოგებას, არამედ ამის ძალიან დამაჯერებლად გაკეთებას – მოწინააღმდეგის ნოკაუტში გაგზავნას.
რამდენიმე წლის განმავლობაში, მოკრივეები მუდმივად ისროდნენ ერთმანეთის მისამართით შეურაცხყოფებს, თუმცა, ლანძღვის ობიექტური მიზეზი არ ჰქონდათ. ეს უფრო იყო შოუს ნაწილი ყურადღების გასაძლიერებლად. კულმინაცია მესამე ბრძოლის წინ, აწონვის ცერემონიისას დადგა, როცა პარეტმა გრიფიტს „მარიკონი“ უწოდა (ესპანურ ენაში maricon – გამანადგურებელი ეპითეტია ჰომოსექსუალისტებისთვის). ამერიკელმა მაშინვე ჩხუბი წამოიწყო, მაგრამ ის გააჩერეს. ცნობისთვის, მოგვიანებით, გრიფიტმა ქამინგ-აუთი გააკეთა და თავი ბისექსუალად გამოაცხადა. მაგრამ მაშინ ამის შესახებ არავინ იცოდა.
ბრძოლის ტრანსლაცია დაანონსდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უმსხვილეს ტელეარხზე – ABC-ზე. ასე რომ, 1962 წლის 24 მარტს, მედისონ-სკვერ-გარდენში მომხდარ ამბებს რამდენიმე მილიონი მაყურებელი ჰყავდა. ბრძოლისწინა გარჩევებით გახურებული პუბლიკა ლამაზ, საჩემპიონო კრივს ელოდა.
ჩუმი დასასრული
ყველაფერი მართლაც ლამაზად და შთამბეჭდავად იწყებოდა. მეხუთე რაუნდამდე გრიფიტი და პარეტი თანაბრად ჩხუბობდნენ, მეექვსე რაუნდის ბოლოს კი კუბელმა კინაღამ ნოკდაუნში გაუშვა მეტოქე – ამერიკელი გონგმა გადაარჩინა. მაგრამ ამის შემდეგ, პარეტი თითქოს შეცვალესო: მან დაკარგა დარტყმის ძალა და ყრუ დაცვაში გადავიდა. მე-12 რაუნდამდე ის ახერხებდა მეტოქის ზეწოლის შეჩერებას, შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა.
ბოლო რაუნდის პირველივე წუთებიდან გრიფიტი შეტევაში წავიდა. მან რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა და პარეტმა ამას შესაფერისად ვერ უპასუხა. კუბელი ცდილობდა კონტრშეტევას, მაგრამ გრიფიტი ახერხებდა დარტყმების უმრავლესობის ბლოკირებას. პარეტის მხოლოდ ერთმა შეტევამ მიაღწია მიზანს – მან მეტოქეს ნიკაპში მოარტყა. ამერიკელს არ დაუკარგავს კონტროლი სიტუაციაზე და აიძულა პარეტი კლინჩში შესულიყო. რეფერი რუბი გოლდშტეინს მოუხდა მოკრივეთა ერთმანეთისგან დაშორება, რამაც კუბელი საბოლოოდ გამოიყვანა მწყობრიდან.
გრიფიტმა იგრძნო ეს და როცა ისინი კვლავ დადგნენ ერთმანეთის პირისპირ, აგრესია დაამატა. მან რამდენჯერმე დაარტყმა მეტოქეს გულმკერდის არეში და რინგის ცენტრიდან გააგდო – ამის შემდეგ, მოვლენები მარცხენა ფლანგზე ვითარდებოდა. თავში დარტყმების ასარიდებლად, პარეტმა შველა ისევ კლინჩში იპოვა. რეფერიმ კვლავ დააშორა მოკრივეები.
ბრძოლის განახლებიდან პირველივე წამს, პარეტმა საფეთქელში ძლიერი დარტყმა გაუშვა. კონცენტრაციის დაკარგვით, მან საშუალება მისცა მეტოქეს რინგის კუთხეში მიემწყვდია. სწორედ ეს წამები გახდა სადებისწერო. კუთხეში კუბელი ფაქტობრივად წინააღმდეგობას აღარ უწევდა: დგომს ინარჩუნებდა, მაგრამ დარტყმა არ შეეძლო. გრიფიტი კი სხვადასხვა მხრიდან უვლიდა და მეტოქეს გამოძრომის საშუალებას არ აძლევდა. ამერიკელი ხედავდა, რომ პარეტი ვერ ახერხებდა დარტყმებს შორის კონტრშეტევის წამოწყებას, თან თავსაც ვეღარ იცავდა. ამიტომაც, გრიფიტის მოძრაობაში გაქრა ქაოტურობა და მან მიზანმიმართულად დარტყმა დაიწყო – თავში.
„ეს, ალბათ, ყველაზე საშიში რაუნდია მთელ ბრძოლაში“, – გამოაცხადა კომენტატორმა ABC-ის ეთერში. მან ბოლო სერიისას 29 დარტყმა დაითვალა. იმ მომენტისთვის, როცა რეფერიმ ბრძოლა შეაჩერა, პარეტი უკვე გონზე აღარ იყო. ის საკაცით გაიყვანეს და მაშინვე ჰოსპიტალში გააქანეს, სადაც გაირკვა, რომ მოკრივე ღრმა კომაში იყო. ათი დღის შემდეგ კუბელი გარდაიცვალა.
პარეტის სიკვდილმა საზოგადოება სხვანაირად აალაპარაკა კრივზე. ABC-ის ეთერში ბრძოლის ბოლო წამები რამდენჯერმე გაიმეორეს, რამაც მაყურებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ამ სისასტიკის მოწმეები ბავშვები გახდნენ, რის გამოც ამერიკელებმა ბრძოლების ჩვენების აკრძალვა მოითხოვეს. ნაწილობრივ, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა: პირდაპირ ეთერში კრივს 10 წლის განმავლობაში აღარ უჩვენებდნენ. შიშობდნენ, რომ მაყურებელი ახალ სიკვდილს ნახავდა. პროფესიული კრივი ასეთ კრიზისში არასოდეს ყოფილა.
ძველი მოკრივე აღარ ვიყავი
შემთხვევა გამოიძია პოლიციამ, ნიუ იორკის შტატის სპორტულმა კომისიამ და გაერთიანებულმა საკრივო კომიტეტმა. და მიუხედავად იმისა, რომ ბრალს ხან გრიფიტს სდებდნენ და ხან რეფერის, რომელმაც დროულად არ გააჩერა ბრძოლა, პარეტის სიკვდილში ოფიციალური დამნაშავე მაინც ვერ დაასახელეს.
რეფერი გოლდშტეინი იმ ინციდენტის შემდეგ რინგზე აღარ გასულა – ცდილობდა თავიდან აეცილებინა ზედმეტი აჟიოტაჟი. თუმცა, თავის ბრალეულობას მოკრივის სიკვდილში უარყოფდა. მან ასე ახსნა: თავისი კარიერის განმავლობაში, კუბელი არა ერთხელ გამოჩენილა დამარცხებულად რინგზე, მაგრამ შემდეგ იგებდა იმ წაგებულ ორთაბრძოლას. „ვგრძნობდი, რომ სწორად ვიქცეოდი. ვიცოდი, რომ პარეტი – მაგარი ბიჭია“, – ამბობდა რეფერი.
რაც შეეხება გრიფიტს, მას მართლაც ძალიან გაუჭირდა მომდევნო წლებში, მიუხედავად იმისა, რომ არ უღიარებიათ კუბელის მკვლელად. მას არ შეეძლო მომხდართან შერიგება. „რეფერი არ აჩერებდა ბრძოლას, ამიტომაც ვაგრძელებდი დარტყმას. მინდოდა იატაკზე დავარდნილიყო. მაგრამ შემდეგ ვლოცულობდი, რომ პარეტს ყველაფერი წესრიგში ჰქონოდა“, – ამბობდა ამერიკელი.
გასაგებია, რომ საზოგადოებამ გრიფიტი ბოროტმოქმედად მიიჩნია და მკაცრად განსაჯა. „დღისით, გამვლელები ქუჩაში მაფურთხებდნენ, ღამით კი კოშმარები მტანჯავდა“, – იხსენებდა გრიფიტი. მან აღიარა, რომ პარეტის სიკვდილმა საუკეთესო საკრივო თვისებები წაართვა: „როგორც მებრძოლი, ისეთი აღარ ვიყავი, როგორც ადრე. იმის შიშით, რომ მოწინააღმდეგისთვის ტრავმა არ მიმეყენებინა, ზუსტად იმდენ ძალისხმევას ვხარჯავდი, რამდენიც მოგებისთვის იყო საჭირო“.
გამარჯვებები მის ცხოვრებაში კიდევ იყო. ემილი გადავიდა საშუალო წონაში და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა – დაამარცხა ლეგენდარული დიკ ტაიგერი. 1964 წელს კი „წლის მოკრივე“ გახდა ავტორიტეტული ჟურნალის „რინგის“ ვერსიით. უკვე კარიერის დასრულების შემდეგ, 1990 წელს, გრიფიტი შეიყვანეს კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზში.
პარეტს დარჩა მეუღლე და ორი ვაჟი. უმცროსი შვილი მოკრივეს არასოდეს უნახავს, რადგან ის ტრაგედიის შემდეგ დაიბადა. 2005 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი „ცეცხლის რინგი: ემილ გრიფიტის ისტორია“. ერთ-ერთ ფინალურ სცენაში ამერიკელი პარეტის ვაჟს ხვდება. ის ემილს გადაეხვევა და ეუბნება, რომ აპატიეს.
წყარო: lelo.ge