მინსკი 2019. 7 მედალი, მაგრამ 4 წაგებული ფინალი: ვაჯამებთ მოჭიდავეების გამოსვლას

527

იმის მიუხედავად, რომ მოჭიდავეთა გუნდებმა მინსკში, მეორე ევროპულ თამაშებზე 7 მედალი მოიპოვეს, ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი თუ გულდასაწყვეტიც მათ დაგვიტოვეს – ვერც იმედები გაამართლეს ბოლომდე და ვერც თავისი შესაძლებლობები გამოავლინეს სრულად. სამწუხაროდ, ოთხი წაგებული ფინალი ყველაფერს ფარავს…

შეგახსენებთ, რომ „თავისუფლებმა“ 4 მედალი მოიპოვეს – 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო, ხოლო ბერძენ-რომაელებმა 3 ჯილდო ირგუნეს: 2 ვერცხლი და 1 – ბრინჯაო. „თავისუფალთაგან“ ვიცე-ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65) და გივი მაჭარაშვილი (125) გახდნენ, მესამეზე კი ავთანდილ კენჭაძე (74) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გავიდნენ. ბერძენ-რომაელთაგან ფინალში შმაგი ბოლქვაძე (67) და იაკობ ქაჯაია (130) დამარცხდნენ, ბრინჯაო კი დავით ჩხარტიშვილმა (60) მოიპოვა.

ამდენი მედლების ფონზე შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩვენებმა ჩააგდეს ეს ტურნირი, მაგრამ გუნდები ვერც სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ სეზონის ერთ-ერთ მთავარ შეჯიბრებას – ტურნირის დაწყებამდე ვერავინ წარმოიდგენდა, მოჭიდავეები თუ ოქროს გარეშე დარჩებოდნენ.

პირიქით – თუ ვინმეზე კეთდებოდა საჩემპიონო გათვლა, უპირველესად, მათზე. ალბათ, ოთხი ფინალის წაგებასაც ვერავინ წარმოიდგენდა. თანაც, ამ ოთხიდან მხოლოდ ბოლქვაძის შემთხვევაში თუ მივედავებით მსაჯს, დანარჩენები კი დავთმეთ. თუმცა ბოლქვაძესთან მიმართებაში ისევ გავიმეორებთ ადრე ნათქვამს:

შეხვედრა მსაჯმა კი გააფუჭა, მაგრამ ვერც ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი მოსაგებად. სამწუხაროდ, ბოლქვაძემ ვერც გდება გააკეთა, ხოლო ჩოქბჯენში თვითონ ვერ დაატრიალა მეტოქე, თავად კი დაატრიალეს. თუმცა ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ შეხვედრის ანგარიში მის შეცდომებზე მეტად მსაჯის გადაწყვეტილებამ განაპირობა – პირველ პერიოდში რუსი ზაურ კაბალოევი კიდევ იმსახურებდა გაფრთხილებას პასიურობისთვის; მეორე პერიოდში დაახლოებით თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ ჩვენ გაგვაფრთხილეს, რადგან თურმე ჭიდაობაში არსებობს დაუწერელი წესი (!), რომ ერთი და იმავეს ორჯერ არ აფრთხილებენ და თურმე მორიგეობით აძლევენ გაფრთხილებებს!

წაგებისთვის ვერ გავაკრიტიკებთ გივი მაჭარაშვილს. პირიქით – ამ ბიჭზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან სათადარიგო, გამოუცდელმა კაცმა სადებიუტო შეჯიბრებაზევე, ამ რანგის ტურნირზე მოგვიტანა მედალი და თანაც მისთვის უჩვეულო, ზედა წონაში. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ მეორე დღეს ფინალში იმ დონეზე ვეღარ იჭიდავა, როგორც – წინა დღეს, წინასწარებში გამოვიდა. აკი თვითონაც აღიარა, რომ ნახევარფინალის შემდეგ დაცლილი იყო ემოციურადაც, მორალურადაც, ფიზიკურადაც და ძალების აღდგენა ვეღარ მოასწრო…

დარწმუნებული ვარ, ის რუსთა ჩეჩენ ანზორ ხიზრიევს წინა დღეს რომ შეხვედროდა, ანაც მომავალში თუ შეხვდება (მაგრამ ეს გამორიცხული მგონია, რადგან მაჭარაშვილი ისევ 97-ში გააგრძელებს გამოსვლას), დაამარცხებდა… ვერაფრით დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მძიმე წონაში ჭიდაობდა და ამიტომ გაუჭირდა ფინალშიო… ის წინა დღესაც მძიმე წონაში გამოდიოდა, მაგრამ მშვენივრად ჭიდაობდა. თანაც, ნახევარფინალში ხიზრიევზე უფრო ტანმაღალსა და ფიზიკურად უფრო ზორბა, უფრო ტიტულოვან აზერბაიჯანელს მოუგო – ევროპისა და მსოფლიოს ფინალისტ ჯამალედინ მაგომედოვს.

ხიზრიევთან წააგო მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოასწრო ძალების აღდგენა, ფსიქოლოგიურად სათანადოდ განწყობა და გულდასაწყვეტიც ესაა. ფინალში მან ვერც ტაქტიკა შეცვალა, ვერც ტექნიკა გამოავლინა ბოლომდე, ხოლო ფიზიკურად ხომ ვერ იყო და ვერა.

ყველაზე მეტად თავი იმ ნახტომით დაგვამახსოვრა, ბოლო წამებზე ვა-ბანკზე წასულმა თავზე რომ მოუნდომა გადახტომა მეტოქეს – მძიმე წონაში ეს ლამის წარმოუდგენელია, თუმცა ხიზრიევმაც შესაშური რეაქცია და ილეთის გრძნობა გამოავლინა, რის გამოც კონტრზე დაიჭირა და ბეჭებზე დააწვინა. სხვათა შორის, მერე მან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ დროს ვერც კი გაერკვია სიტუაციაში, თუ რა ხდებოდა, და მხოლოდ ინსტინქტურად გაიმართა წელში, თუმცა ეპიზოდის დასრულების შემდეგაც კარგა ხანს ვერ მიხვდა, რა მოხდა რეალურად.

სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდებმა ვერც ფიზიკური მომზადება გამოავლინეს კარგი, ვერც – ტექნიკური თუ ტაქტიკური ჭიდაობით დაგვამახსოვრეს თავი. პირიქით – ამ მხრივ ძალიან ბევრი ნაკლი გამოჩნდა. მაგალითად, ძალიან სუსტად იჭიდავეს ჩოქბჯენში და ძირითადად აქ წავაგეთ ფინალების უმეტესობა:

ბოლქვაძეზე უკვე გითხარით და ძირითადად ჩოქბჯენში დაშვებული შეცდომებით წააგეს ხინჩეგაშვილმაც და ქაჯაიამაც. ეს ძალიან გასაკვირი ხინჩეგაშვილისგან იყო, როგორც ფრიად გამოცდილი ფალავნისგან. თუმცა იმ ეპიზოდში მან ტაქტიკური შეცდომაც დაუშვა აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან:

მეტოქეს პასიურობისთვის 30-წამიანი საჯარიმო ჰქონდა ჩართული და მას მართებდა გააქტიურება, ხინჩეგაშვილს კი თავის დაცვის მეტი არაფერი ევალებოდა, შეტევა არაფერში სჭირდებოდა. მას 30 წამი უნდა შეეკავებინა მეტოქე, რაც მისი გამოცდილების კაცს, ალიევის ტიტულების მიუხედავად, ნამდვილად არ უნდა გასჭირვებოდა – ბოლო-ბოლო, მანამდე ხომ არ აძლევდა მეტოქეს ჭიდაობის საშუალებას და პასიურობისთვის დაასჯევინა კიდეც.

სამწუხაროდ, ჩვენმა ლიდერმა ვერ შეძლო ამ უმარტივესი ამოცანის შესრულება. პირიქით, უხეშადაც შეცდა – თავდაცვის ნაცვლად შეტევაზე წავიდა, რაც საბოლოოდ 5 ქულად დაგვიჯდა: ალიევმა ჩოქბჯენშიც ჩაიყვანა და დაატრიალა კიდეც, ეს ეპიზოდი ჩვენმა მსაჯებმა გააპროტესტეს, რაც უსაფუძვლო ჩანდა.

პროტესტი მსაჯებმა მართლაც არ დააკმაყოფილეს და ალიევს 1 ქულაც დაუმატეს. მართალია, ხინჩეგაშვილმა მინსკში წასვლამდე ნეკნიც იტკინა, რამაც იქნებ მის საერთო ფორმას კვალიც დაატყო, მაგრამ ასეთი ტაქტიკური შეცდომა ტრავმის ბრალი არაა. არადა, მახსენდება ოლიმპიურ ჩემპიონ დავით გობეჯიშვილის სიტყვები, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ ხინჩეგაშვილზე რომ მითხრა – მე რა უნდა ვურჩიო, ბრაზილიაში ისე იჭიდავა, აქეთ გვასწავლის ყველასო…

ლადო მართლაც იმ დონის მოჭიდავეა, რომ მწვრთნელის გარეშეც შეუძლია ნებსიმიერი შეხვედრის და ტურნირის მოგება. ამიტომ გაგვიკვირდა მისი ისეთი გამოსვლა ფინალში. თან ისიც ცუდია, რომ მას გაუგრძელდა და გაუჭიანურდა 65 კილოგრამში ადაპტაცია… რაც შეეხება ქაჯაიას, ის თვითონაც აღნიშნავდა, რომ ბელარუს კირილ ხრიშანკასთან უხეშად შეცდა.

ასევე ცუდია, რომ ჩვენმა მოჭიდავეებმა თითქმის ყველა შეხვედრა დათმეს სტრატეგიულ მეტოქეებთან – რუსებთან, აზერბაიჯანელებთან, თურქებთან… სამბისტებისგან განსხვავებით, პრაქტიკულად, ყველა სტრატეგიული შეხვედრა დათმეს – ეს უკვე ფსიქოლოგიაში გადაზრდილი ხარვეზი გვგონია.

შესაძლოა, მინსკში ჩვენი მოჭიდავეების ასეთი გამოსვლის მიზეზი ისიც იყო, რომ ამ გუნდებმა ორი თვით ადრე თითქმის იმავე შემადგენლობით ევროპის ჩემპიონატში იჭიდავეს. მინსკში მათ შემხედვარეს გამიჩნდა შიში, მოასწრებენ თუ ვერა ისინი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათანადოდ მომზადებას და ფორმაში შესვლას, რომელიც ასევე მალე – ორთვე-ნახევარში უწევთ ყაზახეთის სახელშეცვლილ დედაქალაქ ნურ-სულთანში.

მსოფლიოსთვის შესარჩევი შეჯიბრება 7-11 აგვისტოს თბილისში გასამართავი „ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის „დიდი პრიზი“ იქნება, თუმცა შემადგენლობების არსებითად გადახალისება არაა მოსალოდნელი. განსაკუთრებით – თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში, თორემ ბერძნულ-რომაულში იქნებ ბევრი ცვლილებაც მოხდეს, რადგან ის უფრო ახალგაზრდული გუნდია და ბევრ წონაში არ არიან ისეთი ჩამოყალიბებულ-გამოკვეთილი ლიდერები, როგორიც „თავისუფალშია“, იმის მიუხედავად, რომ იქაც ბევრი ტიტულოვანი ფალავანია. არადა, მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატი ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან იქ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა (მხოლოდ იმ 6-6 ოლიმპიურ წონით კატეგორიაში და არა 10-ვეში), მათი მოპოვება კი არ იქნება იოლი. განსაკუთრებით – ჭიდაობის იმ ფონზე, რაც მინსკში ვიხილეთ.

თანაც, ბერძენ-რომაელებს თვით ევროპული თამაშების საგზურების მოპოვებაც გაუჭირდათ – 6-დან მხოლოდ 4 წონაში დაისაკუთრეს, თუმცა მერე იმ ორშიც მიიღეს, რადგან სხვებმა იუარეს გამოსვლა. არადა, მაშინ 14-15 საუკეთესოში უნდა შესულიყვნენ, მსოფლიოზე კი ბევრად მცირე ოდენობით გაიცემა საგზურები.

ალბათ, მართლაც საჭიროა გუნდების როტაცია და სათადარიგოებისთვის შანსის მიცემა, რასაც მაჭარაშვილის მაგალითიც ამტკიცებს – რომ არა გენო პეტრიაშვილის ტრავმა, ის მინსკში ვერ წავიდოდა. არადა, მსოფლიოზეც თითქმის იმავე შემადგენლობებს უნდა ველოდოთ, რომელიც ევროპის ჩემპიონატსა და ევროპულ თამაშებზე ვიხილეთ. ამ ეტაპზე ცნობილი ერთადერთი გამონაკლისი პეტრიაშვილი თუ იქნება, რომელმაც მინსკის თამაშები ტრავმის გამო გამოტოვა.

წყარო: lelo.ge

SHARE