ახალი ვარსკვლავის დაბადება – სიმონა ჰალეპი: „ვაღმერთებ ამ ტურნირს და ამ საფარს, რომელიც იდეალურად მერგება“

575

უიმბლდონის ახალი ჩემპიონი სიმონა ჰალეპი ღიმილით იხსენებს ბავშვობას და უსწორმასწორო გრუნტის კორტს, რომელზეც 2006 წლამდე ვარჯიშობდა – იქამდე, სანამ პროფესიონალებში წავიდოდა.

ცუდად პროგნოზირებადი ასხლეტა დაეხმარა სიმონას კარგი რეაქციის გამომუშავებასა და 2008 წელს იუნიორთა როლან გაროსზე გამარჯვებაში. ფინალში რუმინელმა სამ სეტში მოუგო თავის თანამემამულე ელენა ბოგდანს. „ვაღმერთებ ამ ტურნირს და ამ საფარს, რომელიც იდეალურად მერგება. და კიდევ, პარიზში დაუჯერებელი აურაა“, – თქვა სიმონამ, რომელსაც ახლა ბალახიც განსაკუთრებით ეყვარება.

გეიმებს შორის შესვენებისას, სიმონა თავზე პირსახოცს იფარებს და თვალებს ხუჭავს, რათა უკეთ შეძლოს კონცენტრაცია. გონებით ის ბავშვობაში მიემგზავრება, შავიზღვისპირა მზიან კონსტანცაში, უსმენს ზღვის ხმას და ბიჭების ყვირილს, რომლებიც პლაჟზე ფეხბურთს თამაშობენ. ქალიშვილს რამდენიმე ფინტი მამამ – სტერე ჰალეპმა აჩვენა, რომელიც სამოყვარულო დონეზე თამაშობდა.

„ჩოგბურთს ოთხი წლიდან ვთამაშობ, მაგრამ 10 წლის ასაკამდე ყველაფერი არასერიოზულად იყო, რადგან მამა ჩემს უფროს ძმაში ხედავდა პროფესიონალს, მე კი მისი სპარინგ-პარტნიორი ვიყავი. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ჩემს ძმას მოვუგე. ამის შემდეგ, მამამ ყველა სხვა სპორტი ამიკრძალა, ჩოგბურთის გარდა. ბღავილი მოვრთე, მან კი მითხრა: „ვერასოდეს ვერაფერს მოიგებ და ფულს ვერ იშოვნი ავადმყოფი მუხლებით“. სიმონა ბედს შეეგუა.

სიმონას მამა რძის კომბინატს ხელმძღვანელობდა, სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებდა, მაგრამ კარიერის დასაწყებად ეს მაინც არ იყო საკმარისი. ჰალეპის ოჯახს დახმარება შესთავაზა წარსულში ცნობილმა რუმინელმა ჩოგბურთელმა იონ ცირიაკმა, რომელსაც მომავალი წარმატებებიდან პროცენტის მიღება სურდა. სიმონას მშობლებმა უარი უთხრეს, სახლი გაყიდეს და ქალიშვილი ყველაფრით უზრუნველყვეს. დღეს, ჰალეპი დაახლოებით 25 მილიონი ევროთი ყველა დროის 10 საუკეთესო ქალ ჩოგბურთელს შორის შედის კორტზე გამომუშავებული თანხის მიხედვით.

შედეგებთან ერთად, იზრდება რუმინელის მარკეტინგული პოტენციალი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჰალეპის ფინანსებს განაგებს რუმინეთის ისტორიაში „დიდი სლემის“ ერთადერთი ქალი ჩემპიონი ვირჯინია რუზიჩი. 2016 წელს, სიმონამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სპორტულ-გასართობ სააგენტო Lagardere Group-თან, რომელთანაც ასევე თანამშრომლობენ რიშარ გასკე და კაროლინ ვოზნიაცკი. რუმინული გამოცემა Prosport-ის შეფასებით, ჰალეპი ყოველ წელს სპონსორებისგან და რეკლამისგან ექვს მილიონ ევროს იღებს.

რამდენიმე წლის წინ, ამერიკელმა სერენა უილიამსმა დაიჩივლა დიდი მკერდით თამაშის სირთულეების გამო. ჰალეპი კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. 18 წლის ასაკში, მეტრი და 68 სანტიმეტრი სიმაღლის ჩოგბურთელის დეკოლტეში იმალებოდა ექვსი ზომის მკერდი. „ძალიან ვწვალობდი, რადგან მკერდი 12 კილოგრამს იწონიდა.

როგორ კარგადაც უნდა მერბინა, მაინც ვაგვიანებდი ბურთზე. მატჩებისა და ვარჯიშების შემდეგ, ზურგი საშინლად მტკიოდა“, – ჩიოდა ჰალეპი. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგის მესამე ასეულში იმყოფებოდა, ტურნირების ორგანიზატორებს მისთვის უაილდ-ქარდი არ ენანებოდათ, ტრიბუნებზე ბევრი ხალხი იკრიბებოდა სექსუალური ფორმების სანახავად და ეს გოგონას ძალიან აღიზიანებდა.

ჰალეპს ესმოდა: თუ ყველაფერი ასევე დარჩებოდა, ის ვერ შეიქმნიდა წარმატებულ კარიერას. 2010 წლის მარტში სიმონამ გამოუცხადა ფანებს, რომ ზაფხულში მკერდის დასაპატარავებელ ოპერაციას გაიკეთებდა. ამას მოჰყვა გაზეთ The Sun-ის წინადადება გულშემატკივრებს – შეედგინათ პეტიცია და ეთხოვათ ჩოგბურთელისთვის – გადაეფიქრებინა ოპერაცია. ჰალეპმა გადაწყვეტილება არ შეიცვალა, ოპერაცია გაიკეთა და ორი თვის შემდეგ, კორტზე დაბრუნდა. „დიდი მკერდი დისკომფორტს მიქმნიდა არა მხოლოდ თამაშში, ამიტომაც მას ნებისმიერ შემთხვევაში მოვიშორებდი. სპორტი ერთ-ერთი საბაბი იყო ყველაფრის შესაცვლელად“, – აღიარა სიმონამ.

ჰალეპის შედეგები თითქმის მაშინვე გაუმჯობესდა: ერთი წლის შემდეგ, რუმინელი TOP100-ში შევიდა, 2013 წელს ექვსი ტიტული მოიგო და ათეულში აღმოჩნდა. კარიერის დასაწყისში სიმონას გრუნტის მოთამაშედ მიიჩნევდნენ, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ ყველა საფარზე შეუძლია მოგება.

დიდი დამაჯერებლობისთვის მას არ ჰყოფნიდა „დიდი სლემის“ ტიტული. მას ეს ისე ძლიერად უნდოდა, რომ ორგანიზმმა ვერ გაუძლო: 2015 წელს, რუმინელმა გამოტოვა ტურნირები ნეკნში ბზარის, აქილევსის მყესის დაზიანების, ზურგში ტკივილებისა და მენისკის პრობლემების გამო. „ახლა მესმის, რომ ძალიან მომთხოვნი ვიყავი საკუთარი თავის მიმართ, – მიაჩნია სიმონას. – ზედმეტად ვინდომებდი“. ამას დაერთო ერთი სულიერად ავადმყოფი გულშემატკივრის მუქარა „ტვიტერის“ მეშვეობით. ის აღშფოთდა, როცა ჩოგბურთელმა პაემანზე უარი უთხრა. ამის შემდეგ, სამი თვე სიმონას მცველები დაჰყვებოდნენ.

ბოლო ორი წელია ჰალეპი დარენ კეჰილთან მუშაობს, რომელიც წარმატებით თანამშრომლობდა ანდრე აგასისთან, ენდი მარეისთან, ლეიტონ ჰიუიტთან და სხვა ცნობილ ჩოგბურთელებთან. ავსტრალიელი სპეციალისტი დაეხმარა რუმინელს – გაეუმჯობესებინა მოწოდება. ჰალეპის მოწოდების სიმძლავრე სერენა უილიამსმაც კი აღნიშნა: „დაუჯერებლია, რომ ასეთი არამაღალი ჩოგბურთელი ასე ძლიერად აწვდის“.

დღეს ჩოგბურთში ჭარბობენ მაღალი მოთამაშეები, რომლებიც ძალისმიერად მოქმედებენ, მაგრამ რუმინელს თავისი მოკრძალებული პარამეტრები უპირატესობად მიაჩნია: „დაბალ ჩოგბურთელებს უფრო უადვილდებათ დაბალ ბურთებზე თამაში. საჭიროა აქტიურად ფეხებით მუშაობა, ბევრი სირბილი და ფორმის შენარჩუნება“. სიმონა არ არის სპორტული დარბაზის ფანი. ამტანობაზე ვარჯიშების დიდ ნაწილს ის ქვიშაზე ასრულებს და არ ეკარება ორ კილოგრამზე უფრო მძიმე ჰანტელებს.

გამოცდილებასთან ერთად, ჰალეპმა შეიძინა ფსიქოლოგიური მდგრადობა, აღარ აქვს ჩავარდნები სეტის წაგების შემდეგ და კონცენტრირებულია პოზიტივზე. სიმონამ მოიგო 19 ტიტული, ისწავლა საუკეთესოების დამარცხება, ხოლო სერენა უილიამსის კომპლექსი გაქრა – რუმინელი ამბობდა, რომ შეშდებოდა მის წინაშე, მაგრამ ახლა ამგვარი პრობლემა აღარ არსებობს, რაც უიმბლდონის ფინალმა დაამტკიცა.

წყარო: lelo.ge

SHARE