ოქრო ოლიმპიურ ფესტივალზე

548

საქართველოს დელეგაციამ ბაქოში მიმდინარე ევროპულ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი ოქრო მოიპოვა.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე მსგავს კომპლექსურ ღონისძიებებზე, ქართულ სპორტს მშველელად ამჯერადაც ძიუდო მოევლინა – ეს ოქროს მედალიც ძიუდოისტმა ნიკა ბაჩიაშვილმა მოიპოვა ყველაზე მჩატე წონაში, 50 კილოგრამში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთთვიან მონაკვეთში ეს ბაჩიაშვილის მეორე მედალია – 27 ივნისს ის ვარშავაში ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი გახდა.

სხვათა შორის, მაშინ ახმეტელი მოზარდი ნახევარფინალში ფრანგთა მომავალ ჩემპიონ ჩემპიონ რომაინ რიჩარდ ვალადიერთან დამარცხდა, ახლა კი მას ღირსეული რევანში აუღო – სწორედ იმავე ეტაპზე ანუ ნახევარფინალში წმინდად მოუგო.

მანამდე ბაჩიაშვილმა ორი პაექრობა გამართა და ისინიც ასევე სუფთა მოგებებით დაასრულა – ჯერ ავსტრიელი მარკუს აუერი დასცა ბეჭებით, მერე კი იტალიელ ტომას სკატოლინის ვაზარი გაუქვითა და ასევე წმინდად აჯობა. ფინალი შედარებით დაძაბული გამოდგა რუმინელ ალექსანდრუ მაიერთან.

ბაჩიაშვილი მასთან საჭიდაოდ შემართული და მობილიზებული კი გამოვიდა, თუმცა პირველი წუთი მაინც უფრო რუმინელისა იყო. სამაგიეროდ, შემდეგ ქართველმა თანდათან გაათანაბრა შეხვედრა და ნელ-ნელა ინიციატივასაც დაეუფლა, თუმცა ერთი-ორჯერ რუმინელსაც მიეცა მშვენიერი შანსი.

დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ბაჩიაშვილმა კარგად მოუმზადა ილეთი, შიგნიდან კარგად ჩაუხვია ფეხი და ვაზარზე გადააგდო. ბაჩიაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამის შემდეგაც არ გაქცევია ბრძოლას და დაცვაზე ფიქრი არ დაუწყია. პირიქით – შხვედრა კვლავაც მისი აქტიურობით წარიმართა და გონგის ხმამ შეტევაში მოუსწრო. ეს მის კარიერაში პირველი ტიტულია.

გუშინვე ბაქოში ბიჭებში გუგა ამირხანაშვილმა (55) და კოტე კაპანაძემაც (60) იჭიდავეს, მაგრამ ნაადრევად, პირველივე პაექრობებში დამარცხდნენ და უმედლოდ დარჩნენ. ამირხანაშვილმა ბრიტანელ არტურ პატემიანთან წააგო, კაპანაძემ – ავსტრიელ ადამ საფერთან.

გუშინ ორი მონაწილე გოგოებშიც გვყავდა. დიანა გაგოშიძე-ფილკინამ (52) ძირითად ბადეში ერთი შეხვედრა მოიგო – უკრაინელ დარინა ლიაშუკს ვაზარით აჯობა, მაგრამ მერე წააგო ხორვატთა მომავალ ჩემპიონთან, ევროპის მესამე პრიზიორ ანა ვიქტორია პულჯიზთან. ქართველი მერე სანუგეშო წრეში გადავიდა, სადაც ასევე ერთი პაექრობა მოიგო – ბრიტანელი მაე ბოსტოკი იპონით დაამარცხა, თუმცა შემდეგ წააგო გერმანელ ჯულე ზიგლერთან.

ლოლიტა გაბუნია (44) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ჰოლანდიელ ჯოშლინ სუპუსეპასთან. სანუგეშოში გაბუნიაც გადავიდა, მაგრამ იქაც პირველივე წრეში დამარცხდა რუმინელ იტალიელ ჯულია ჯიორჯისთან.

ხვალ ბაქოში ბიჭებში ელგუჯა ჭინჭარაშვილი (66) და გიორგი იანტბელიძე (73), ხოლო გოგოებში მარიამ ლაფაჩიშვილი (52) იჭიდავებენ. ჭინჭარაშვილი პირველ შეხვედრას ლიეტუველ პიიუს მიკალაუსკასთან ჩაატარებს, ხოლო იანტბელიძე – ავსტრიელ სებასტიან დენგთან. ლაფაჩიშვილი პირველივე წრეში უკრაინელ ვლადისლავა სნიტკოს ხვდება.

ამდენად, ჩვენი მონაგარი ბაქოში უკვე 9 მედლამდე გაიზარდა – 1 ოქრო და 4-4 ვერცხლ-ბრინჯაო. გუნდურ ჩათვლაში საქართველო X ადგილზეა.
ნიკა ბაჩიაშვილი: ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი ადგილი მოვიპოვე და ამით ძალიან გახარებული ვარ. აქედან დიდი მადლობა მინდა გადავცე ჩემს პირად მწვრთნელს და ყველას, ვინც მქომაგობდა.

ლერი ხაბელოვი (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი): ვულოცავ ნიკა ბაჩიაშვილს ამ გამარჯვებას. ნამდვილად შთამბეჭდავი წარმატება იყო, ყველა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. ეს პირველი ოქროა ჩვენთვის და, იმედია, კიდევ ბევრი გვექნება. ვულოცავ ყველა გულშემატკივარს და განსაკუთრებულად – ჩვენს სპორტსმენებს.

გიორგი ყიზილაშვილი (საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ძალიან გახარებული ვარ ამ ოქროთი. დღეს ჩვენგან სამი სპორტსმენი გამოდიოდა. სამწუხაროდ, ორმა წააგო, თუმცა ნიკა ბაჩიაშვილმა ისე გაგვახარა, ემოციებსაც ვერ გამოვხატავ, როგორც საჭიროა. მინდა, მივულოცო მას, მის ოჯახს, მთლიანად ჩვენს დელეგაციას და საქართველოს. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და მადლობა ნიკას ამ ოქროს მედლის მოპოვებისთვის.

წყარო: lelo.ge

SHARE