ბულგარულ ბურგასში გრძელდება 15-წლამდელ წყალბურთელ ვაჟთა ევროპის პირველი ჩემპიონატი 16 გუნდის მონაწილეობით.
უკვე ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა და მსოფლიოს პირველობის საგზური მოიპოვა. გუშინ ჩვენები ბერძნებს შეხვდნენ, რომლებიც წინა დღეს ისვენებდნენ.
საქართველო-საბერძნეთი 10:12
3:3, 2:3, 3:1, 2:5
მატჩი ბერძნების იერიშით დაიწყო და პირველსავე წუთზე კასტრინაკისის გოლით დასრულდა. მერე კარგა ხანს უპირატესობა ელინელთა მხარეს იყო, მაგრამ პერიოდის ბოლომდე ტყეშელაშვილმა, გორგოძემ და ჩიქოვანმა წონასწორობა აღადგინეს – 3:3. მეორე რვაწუთიანი მონაკვეთი ისევ ბერძნების შეტევებით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დამთავრდა 3:2.
სამაგიეროდ, გელა ტუკვაძის შეგირდებმა შესვენების შემდეგ მესამე პერიოდში იყოჩაღეს – აშკარად დაჯაბნეს მეტოქე. მეექვსე წუთზე კვლავ გაქვითეს ანგარიში – 7:7, ხოლო წუთ-ნახევრის მერე წინაც გავიდნენ – 8:7. სამწუხაროდ, პაექრობის ბოლო მონაკვეთში ჩვენებს დაღლილობა დაეტყოთ, ბერძენ თანატოლებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, საბოლოოდ კი ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ და ახლა მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას.
საქართველო-საბერძნეთის გარდა, გუშინ კიდევ ხუთი შეხვედრა გაიმართა:
IX-XII ადგილებისთვის: რუსეთი-სლოვენია 14:9, სლოვაკეთი-თურქეთი 13:10;
მეოთხედფინალები: ესპანეთი-იტალია 5:6, მონტენეგრო-ხორვატია 10:9, უნგრეთი-სერბეთი 12:11.
დღეს ითამაშებენ:
IX-X ადგილებისთვის: რუსეთი-სლოვაკეთი, XI-XII: სლოვენია-თურქეთი; XIII-XIV: რუმინეთი-ბულგარეთი; XV-XVI: ჰოლანდია-ბელარუსი.
ხვალ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
V-VIII ადგილებისთვის: საქართველო-ხორვატია, სერბეთი-ესპანეთი; ნახევარფინალში: უნგრეთი-იტალია, საბერძნეთი-მონტენეგრო.
წყარო: lelo.ge