ქართული გამოთქმაა – “ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო”…
გვინდა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების შვილები გაგაცნოთ, რომლებიც მამის გზას დაადგნენ და ცდილობენ საკუთარი კარიერა მოიწყონ.
თუ რამდენად მოახერხებენ ისინი მამების ჩრდილიდან გამოსვლას, ამას მომავალი დაგვანახებს, მანამდე კი ვნახოთ რას წარმოადგენენ ისინი დღეს, სად თამშობენ და რა მიღწევები აქვთ.
მაშ ასე, დავიწყოთ…
მამა: რონალდინიო (ბრაზილია, 39 წლის)
ნახევარმცველი. 2000-იანი წლების დასაწყისის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი. კარიერის მანძილზე მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი (2002), ჩემპიონთა ლიგა, ოქროს ბურთის მფლობელი (2005), ფიფას წლის ფეხბურთელი (2004, 2005):
გამორჩეული კლუბები კარიერაში: “ბარსელონა”, “მილანი”, პსჟ
შვილი: ჟოაო მენდეში (14 წლის)
იგი ჯერ მხოლოდ 14 წლისაა და ახლა იწყებს ფეხბურთის თამაშს. ამპლუით თავდამსხმელია. აჟამად ბრაზილიაში, “კრუზეიროში” ირიცხება და შესაბამისი ასაკობრივი ჩემპიონატის ბომბარდირია.
მამა: პატრიკ კლიუვერტი (ჰოლანდია, 42 წლის)
თავდამსხმელი. ევრო 2000-ის საუკეთესო ბომბარდირი, ჰოლანდიისა და ესპანეთის ჩემპიონი. 19 წლისამ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გადამწყვეტი გოლი გაუტანა “მილანს”
გამორჩეული კლუბები კარიერაში: “აიაქსი”, “ბარსელონა”
შვილი: ჯასტინ კლიუვერტი (20 წლის)
ჯასტინი “რომას” თავდამსხმელია. იგი იტალიურ გრანდში “აიაქსიდან” 17,25 მილიონ ევროდ გადავიდა. 2018 წელს დებიუტი ჰქონდა ჰოლანდიის ნაკრებში.
2018/19 წლების სეზონში “რომაში” 28 მატჩში, გაიტანა 1 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მამა: პიტერ შმეიხელი (დანია, 55 წლის)
მეკარე. ინგლისის პრემიერლიგის ხუთგზის გამარჯვებული. 1998/99 წლების სეზონში “მანჩესტერ ოუნაიტედთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 1992 წლის ევროპის ჩემპიონი დანიის ნაკრების შემადგენლობაში.
გამორჩეული კლუბები კარერაში: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბრონდბიუ”, “სპორტინგი”.
შვილი: კასპერ შმეიხელი (32 წლის)
კასპერიც მამის მსგავსად მეკარეა. თამაშობს ინგლისურ “ლესტერში”, ამასთან დანიის ნაკრების ძირითადი გოლკიპერია. 2015/16 წლების ინგლისის ჩემპიონი. ორჯერ დაასახელეს დანიის საუკეთესო ფეხბურთელად.
2018/19 წლების სეზონში 38 მატჩში 44 გოლი გაუშვა.
მამა: იურგენ კლინსმანი (გერმანია, 54 წლის)
თავდამსხმელი. 90-იანი წლების გერმანიის სუპერბომბარდირი. 1990 წლის მსოფლიოსა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონი გერმანიის ნაკრებში, 1995 წლის ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი.
სხვათა შორის იურგენ კლინსმანმა ქართველ გულშემატკივარს თბილისშიც დაამახსოვრა თავი. 1995 წელს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გერმანიის ნაკრები საქართველოს სტუმრობდა და ის შეხვედრა 2:0 სწორედ კლინსმანის დუბლით მოიგეს.
გამორჩეული კლუბები კარიერაში: “შტუტგარტი”, “ინტერი”, “ბაიერნი” “ტოტენჰემი”.
შვილი: ჯონათან კლინსმანი (22 წლის)
მამისგან განსხვავებით ჯონათნი მეკარეა. ირიცხება “ჰერტაში”, ასპარეზობს აშშ-ის ახალგაზრდულ ნაკრებში. “ჰერტას” ძირითად გუნდში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა, მაგრამ არც ისე წარმატებული და სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს. როგორც ამბობენ, ბერლინულ კლუბს დატოვებს, მისი სამსახურით შოტლანდიური “რეინჯერსია” დაინტერესებული.
მამა: ენრიკო კიეზა (იტალია, 48 წლის)
თავდამსხმელი. 90-იანი წლების იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული ბომბარდირი. 1996 წლის ევროპისა და 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე.
გამორჩეული კლუბები კარიერაში: “პარმა”, “ფიორენტინა”, “სეიენა”
შვილი: ფედერიკო კიეზა (21 წლის)
“ფიორენტინასა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი. ამასთან, ფედერიკო რამდენიმე გრანდის ინტერესთა სფეროშია, ისეთების როგორიცაა “იუვენტუსი”, “ინტერი”, პსჟ, “ტოტენჰემი”…
2018/19 წლების სეზონში” 36 მატჩი, 6 გოლი, 7 საგოლე პასი.
მამა: ჟორჟ ვეა (ლიბერია, 52 წლის)
თავდამსხმელი. 1995 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი. ვეამ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკური კარიერა აირჩია და 2018 წლიდან ლიბერიის პრეზიდენტია.
გამორჩეული კლუბები კარიერაში: “მილანი”, პსჟ, “მონაკო”.
შვილი: ტიმოთი ვეა (19 წლის)
პსჟ-ისა და აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელი. 2018/19 წლების სეზონში, იჯარის წესით, გლაზგოს “სელტიკში” გაატარა. 13 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
წყარო: lelo.ge