„სპარტაკში“ ძაღლი პატრონს ვეღარა ცნობს

403
ცუდ დღეშია ერთ დროს რუსული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი მოსკოვის “სპარტაკი” – 3 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-10 ადგილზეა და მისი ხსნა-საშველიც არა ჩანს.
პრემიერლიგის ბოლო ტურში დებიუტანტ “ტამბოვთან” წაგებული მატჩისას (0:2) გუნდის მწვრთნელს, ოლეგ კონონოვს გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს, ხოლო იგორ შალიმოვმა, რომელიც “სახალხო გუნდის” ღირსებას 1986-91 წლებში იცავდა (შემდეგ “ინტერსა” და “ნაპოლიში” თამაშობდა), მას სახალხოდ დებილი უწოდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ გასულ კვირას “სპარტაკი” გუნდის ყოფილი ნახევარმცველის, ფედორ ჩერენკოვის საფლავზე გავიდა და კონონოვმა სიტყვით გამოსვლისას ჩერენკოვს დაბადების 60 წლისთავი მიულოცა.

ჰოდა, გაგიჟდა შალიმოვი, სად გაგებულა, მიცვალებულს დაბადების დღეს ულოცავდნენო.

რაც შეეხება ქართველ ლეგიონერს, ჯანო ანანიძეს, რეალური მყიდველი არ გამოუჩნდა და დატოვეს, შანსიც მისცეს, მაგრამ ვერ იყენებს. ორი გადატანილი ოპერაციის შემდეგ რაღაცნაირად შებოჭილია, თითქოს ფსოქოლოგიურად დათრგუნულია და ვერ თამაშობს სათანადოდ. არადა, როდესაც 10 წლის წინ ამ გუნდში ასპარეზობა დაიწყო, სულ სხვანაირი იყო: ენერგიული, პერსპექტიული, ანთებული, ახლა კი ოდენ ძველი ჯანოს აჩრდილიღაა.
პირველ ტურში “სოჭისთან” (1:0) ჩვენებური ძირითადში დააყენეს და 65-ე წუთზე შეცვალეს, მეორე ტურში “როსტოვთან” (2:2) სათადარიგო იყო, ხოლო მესამე ტურში “ტამბოვთან” შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და თავის გუნდს ისევ ვერაფრით ვერ შეეწია.
მოკლედ, ბევრი ფიქრის შემდეგ “სპარტაკის” ხელმძღვანელებმა შეტევის გაძლიერება გადაწყვიტეს – “დორტმუნდისგან” ანდრე შურლე ინათხოვრეს და გაისად მისი კონტრაქტის 8 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლებათ, ხოლო “ნორჩეპინგისგან” ცნობილი შვედი ფეხბურთელის, ჰენრიკ ლარსონის შვილი, იორდან ლარსონი 4 მილიონად შეიძინეს.
წყარო: sportall.ge
SHARE