ვარლამ კილასონია: ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფრისთვის მზად ვართ!..

380

“რუსთავმა” ეროვნულ ჩემპიონატში არსებული პაუზა ნაყოფიერად გამოიყენა. გუნდი მარტყოფის ბაზაზე მოემზადა. მკითხველმა უკვე იცის, რომ რუსთაველთა რიგებში რამდენიმე ცვლილება მოხდა. გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელები…

“ლელო” დაუკავშირდა “რუსთავის” მთავარ მწვრთნელ ვარლამ კილასონიას და დაინტერესდა, როგორ გამოიყენა გუნდმა ზაფხულის პაუზა

– თავდაპირველად, შეკრების შეფასება უნდა გთხოვოთ

– ჩემი აზრით, სეზონის განახლებისთვის ნაყოფიერად მოვემზადეთ. ერთი კვირის განმავლობაში შეკრება გვქონდა მარტყოფის ბაზაზე. იქ ყველანაირი პირობა იყო ნაყოფიერი მომზადებისთვის. გვქონდა ვიტამინიზაციისა და აღდგენის საშუალებები, გვქონდა სამჯერადი ვარჯიშებიც… შეიძლება, ეს ბევრისთვის უცხო იყო, მაგრამ ასე გადავწყვიტეთ. ჩავატარეთ ოთხი  ამხანაგური შეხვედრა… მოკლედ, კიდევ ერთხელ ვამბობ – კარგად მოვემზადეთ ჩემპიონატის განახლებისთვის. ეგაა, ჯერ ზუსტად არ ვიცით, როდის გაიმართება ჩვენი მატჩი საჩხერის “ჩიხურასთან”.

– “ჩიხურა” ევროთასებზე ასპარეზობს და ეს გასათვალისწინებელია

– ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს მატჩი 4 აგვისტოს აღარ გაიმართება. შესაძლოა, 6 აგვისტოს ჩატარდეს, მაგრამ მაშინაც შეიძლება გადაიდოს, თუ “ჩიხურა” წარმატებით დაძლევს “აბერდინის” ბარიერს. ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფრისთვის მზად ვართ. მინდა, წარმატება ვუსურვო “ჩიხურას”. ყველა ქართველის სურვილია, რომ ისიც და სხვა ქართული გუნდებიც, რომელთაც საპასუხო მატჩები უწევთ, რაც შეიძლება დიდხანს შემორჩნენ ევროთასებს. წარმატებები ყველას!

– რას იტყვით თქვენი გუნდის ახალწვეულებზე?

– ისინი ძალიან კარგად შეეწყვნენ გუნდს და, დარწმუნებული ვარ, “რუსთავს” გააძლიერებენ. ლუკა ნოზაძე ბოლო დროს ირანში თამაშობდა, მაგრამ ჩემთვის კარგად ნაცნობი მოთამაშეა, პერსპექტიული მცველია. “ვიტ ჯორჯიადან” დავიმატეთ გიორგი ვასაძე და გიორგი ლაცაბიძე. დიდი იმედი გვაქვს გიორგი თევზაძისა და ნიკა ძალამიძისაც. მჯერა, ეს ფეხბურთელები მალე აღიდგენენ ოპტიმალურ ფორმას.

– შეიძლება უკვე ითქვას, რომ ამ ეტაპისთვის “რუსთავმა” სატრანსფერო აქტიურობა დაასრულა?

– დიახ, შემიძლია გითხრათ, რომ სატრანსფერო აქტიურობა დასრულებულია და უდიდესი ალბათობით, აღარავის დავიმატებთ. გუნდშია რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელიც. როგორც იცით, ჩვენი ფინანსური საშუალებები არ არის ამოუწურავი…

– უკვე ვიცით იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებმაც “რუსთავი” დატოვეს. კიდევ ხომ არავინ მიმატებია მათ?

– არა, აღარავინ მიმატებია.

– კარგია, რომ “რუსთავი” მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, მაგრამ “ფოლადზე” თამაში სულ სხვაა. სტადიონთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ხომ არ არის?

– ჯერჯერობით, არანაირი სიახლე არ არის. როგორც ვიცი, ქალაქის მერია და კლუბის ხელმძღვანელობა მუშაობენ ამ საკითზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რუსთავში რომ ვთამაშობთ, მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმებით – “ფოლადზე” მაინც სხვა სული ტრიალებს.

წყარო: lelo.ge

SHARE