(ვიდეო) „საბურთალო“ ზაგრების „დინამოსთან“ ისევ დამარცხდა და ევროპა ლიგაზე „არარატს“ შეხვდება

420

30 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში “საბურთალო” ზაგრებში “დინამოსთან” 0:3 დამარცხდა.

თბილისში ზაგრების “დინამოს” მოგებამ ფაქტიურად გამოავლინა ამ წყვილში გამარჯვებული, მით უმეტეს ობიექტურად მეტოქე საქართველოს ჩემპიონზე გაცილებით ძლიერია და მოპოვებულ ფორას არ დათმობდა. ხორვატთა მწვრთნელი ნენად ბიელიცა თავიდანვე თავდაჯერებული იყო, გუშინ კი განაცხადა, რომ 20 კარგი ფეხბურთელი ჰყავს და არც  იცოდა, ვინ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. “საბურთალო” ოდენ სასწაულის იმედად გახლდათ, ხოლო რადგან იმედი ბოლოს კვდება, ჩვენც ოდენ ამ ილუზიური იმედის იმედად ვიყავით.

დისკვალიფიკაციის გამო “მაკსიმირზე” შეხვედრა მაყურებლების

გარეშე ჩატარდა, ჩვენს გუნდს სხვადასხვა მიზეზების გამო ოთხი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველ მატჩთან შედარებით სასტარტოში ერთბაშად ექვსი ცვლილება განახორციელა. რაც შეეხება “დინამოს”, ბიელიცამ შემადგენლობა არ შეცვალა.

პირველ ტაიმში გუნდები მაღალ ტემპში არ თამაშობდნენ, პირველი სახიფათო მომენტი “დინამოს” ჰქონდა, როდესაც ჰაიროვიჩმა ბურთი კარს ააცილა, საპასუხო შეტევისას კი გაბედავამ ვერ უწია მიზანს. 35-ე წუთზე როლოვიჩს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა ბურთის მეტოქის კარის ბადეში გადაგზავნა.
თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა, “დინამო” კვლავ მარცხენა ფლანგიდან უტევდა, 50-ე წუთზე კი ლეშკოვიჩმა ნაკუთხურალი ბურთი ოდნავ ააცილა კარს. “საბურთალო” თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და 77-ე წუთზე ორსიჩისგან გოლიც გაუშვა.
დარჩენილ დროში გაბედავამ ვერ გამოიყენა შანსი, გოიაკმა ბურთი ძელს გაარტყა, მერე პეტკოვიჩმა ოლმოს პასით მეორედ დალაშქრა კუპატაძის კარი, ბოლოს ოლმომაც გაიტანა და 0:3.
მოკლედ, “დინამომ” თამაში სასურველი სცენარით წარმართა, ამოცანა პრაგმატულად, მშვიდად შეასრულა და შემდეგ ეტაპზე ლაშა დვალის “ფერენცვაროშს” შეხვდება, ხოლო “საბურთალო” ევროპა ლიგაზე გადაერთვება და “არარატს” დაუპირისპირდება.

ზაგრები. “მაკსიმირი”

დინამო (ზ) – საბურთალო 3:0
გოლები: 1:0 ორსიჩი (77), 2:0 პეტკოვიჩი (88), 3:0 ოლმო (90+4)
დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, ლეშკოვიჩი, პეროვიჩი, პინტო, ჰაიროვიჩი (მეიერი 85), გოიაკი, ლეოვაცი, კაძიორი (ოლმო 75), ორსიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 63)
საბურთალო: კუპატაძე, მალი (ტაბატაძე 59), მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე (ჯინჯოლავა 69), ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (დიასამიძე 61), როლოვიჩი, გაბედავა

წყარო: sportall.ge

SHARE