კარლსრუეს ტურნირი. გორგოძემ ჰოლანდიური ბარიერიც გადალახა

520

გერმანული კარლსრუეს ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) წარმატებით ასპარეზობს თბილისელი ეკატერინე გორგოძე.

როგორც გაუწყეთ, სტარტზე მან ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ტამარა ზიდანსეკს (სლოვენია) მოუგო, გუშინ კი ჰოლანდიელი ბიბიანა სხოფსი ჩამოიშორა გზიდან – 7:5, 7:5.

ორთაბრძოლა საათსა და 53 წუთს გაგრძელდა. პირველ ხელს გორგოძე 5:2-ს იგებდა, მაგრამ ნიდერლანდელმა შეძლო წონასწორობის აღდგენა – 5:5. ჩვენებურმა ბოლოს მაინც აართვა ორი გეიმი და 7:5 მოიგო. მეორე სეტში, პირიქით, სხოფსი იყო წინ – 5:3. გორგოძემ ბოლო ოთხი გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა და გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც რეიტინგში 194-ე ადგილზეა, რუმინელ მარია პატრისია ტიგთან (223-ე) გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა თანამემამულე ელენა-გაბრიელა რუსე ჩამოიშორა გზიდან – 7:5, 7:5.

პოლონური სოპოტის ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 92.040 ევრო) მერვედფინალში ალექსანდრე მეტრეველი დღეს სლოვაკ ფილიპ ჰორანსკის გაუწევს მეტოქეობას, გუშინ კი წყვილებში სანდრო და რუსი ალექსეი ვატუტინი მარკო ბორტოლოტისა (იტალია) და კრისტოფერ ო’კონელისთან (ავსტრალია) ორ სეტში დამარცხდნენ – 3:6, 3:6.

გერმანიაში ბად-ზაულგაუს საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) წყვილთა მეოთხედფინალში თბილისელი სოფიო შაფათავა და უზბეკი ალბინა ხაბიბულინა დღეს ლინა ჯორჯესკას (მაკედონია) და ტენა ლუკაშს (ხორვატია) შეხვდებიან.

ამერიკის 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდში მიღწეული წარმატების შემდეგ სალომე დევიძე გუშინ მთავარ ბადეში ემი ჩჟუს (აშშ) შეხვდა და ორ სეტში დათმო პაექრობა – 2:6, 0:6.

გუშინ თელავში ჩოგბურთელ ვაჟთა 15.000-იანი ტურნირის პირველი წრის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა. კორტებზე ოთხი ჩვენებური ცდიდა ძალებს და მათგან მხოლოდ ერთი გააღწია მერვედფინალში: საბა ფურცელაძე მაქსიმ ტიხომიროვს (აშშ) დაუპირისპირდა. სამ სეტში გაიმარჯვა ქართველმა – 6:3, 2:6, 6:2. მატჩი გაგრძელდა 2 საათსა და 19 წუთს. ფურცელაძემ 9 ეისი მიითვალა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ოკეანისგაღმელი 2 ეისს დასჯერდა და თერთმეტჯერ შეცდა, ფურცელაძემ 10-დან 3 ბრეიკპოინტი გამოიყენა, ხოლო ტიხომიროვმა 8 ბრეიკპოინტიდან 3 შანსის რეალიზება შეძლო. ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში თურქ ქენგიზ აქსუს შეხვდება. ამ უკანასკნელმა ირანელ ჰამიდ რეზა ნადაფს 2 საათსა და 33 წუთში დააყრევინა ფარ-ხმალი – 1:6, 6:3, 6:3.

წინა დღეს გიორგი ცივაძე დენის უსპენსკისთან (აშშ) პირველ სეტში 2:1 რომ დაწინაურდა, მეტოქემ ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო. გუშინ ცივაძის მერვედფინალური მატჩის მეტოქე გამოვლინდა – ქართველი ჩოგბურთელი პოლონელ მიხალ მუკულას დაუპირისპირდება, რომელმაც სტარტზე ადან ფრეი დე სილვას (საფრანგეთი) აჯობა – 6:4, 6:2.

კვალიფიკაციაში გუგა თავაძემ ორ მოწინააღმდეგეს სძლია, მაგრამ გუშინ მთავარ ბადეში დოსტანბეკ ტაშბულატოვთან (ყაზახეთი) ვერაფერს გახდა – 3:6, 0:6 წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა. მისი ბედი ირაკლი მეტრეველმა და ზურა ტყემალაძემაც გაიზიარეს, რომლებიც, შესაბამისად, კრისტიან ტამისა (ესტონეთი, 2:6, 2:6) და ალექსანდრ დონსკისთან (ბულგარეთი, 6:7, 3:6) დამარცხდნენ.

წყვილთა პაექრობებსაც ორი ქართველი შემორჩა – გიორგი ცივაძე, რომელიც იან ბონდარევსკისთან (რუსეთი) ერთად მეორე ნომრადაა განთესილი და ნიკოლოზ დავლიანიძე – იგი ალიაქსანდრ ბულიცკისთან (ბელარუსი) არის შეამხანაგებული. დღეს მეოთხედფინალში ითამაშებენ: ალექსანდრ დონსკი (ბულგარეთი), მაქსიმ ტიხომიროვი (აშშ) – შალვა ჯანაშია, იან საბანინი (ორივე – რუსეთი), ნიკოლოზ დავლიანიძე, ალიაქსანდრ ბულიცკი – ვლადისლავ გოროდინსკი (უკრაინა), ალიაქსანდრ ლიაონენკა (ბელარუსი), ჟურაბეკ კარიმოვი, საიდალო საიდკარიმოვი (ორივე – უზბეკეთი) – ჰამიდ რეზა ნადაფი (ირანი), შომიგმატიონ შოფაიზიევი (უზბეკეთი), გიორგი ცივაძე, იან ბონდარევსკი (რუსეთი) – ოლიმჟონ ნაბიევი (უზბეკეთი), ბეიბიტ ჟუკაევი (ყაზახეთი).

წყარო: lelo.ge

SHARE