(ვიდეო) სამი გოლი, სამი შედევრი და დიდი იმედი – რამ განაპირობა დინამოს გამარჯვება

388

დინამო” ფავორიტის რანგში შეეგება გაბალასთან” საპასუხო შეხვედრასთბილისელებმაერთი კვირის წინ 2:0 მოიგეს გასვლითი შეხვედრა და გულშემატკივარი საშინაო მატჩის წინძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილიმხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლას კი არადინამოელებისგან ქომაგები დამაჯერებელ გამარჯვებას ელოდნენ.

ცვლილებების გარეშე

“დინამოს” სამწვრთნელმა შტაბმა პირველი შეხვედრის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში არცერთი ცვლილება არ განახორციელა. შენარჩუნდა ტრადიციული ტაქტიკური განლაგებაც. მეტოქის რიგებში კი იყო გარკვეული ცვლილებები. ძირითადში გახლდათ აზერბაიჯანული კლუბის ორივე ქართველი. ეს გასაკვირიც არაა, რადგან დავით ვოლკოვი და მეტადრე მერაბ გიგაურისაუკეთესოები იყვნენ “გაბალას” შემადგენლობაში…

ერთი შეხედვითაც კი კარგად ჩანდა, რომ “გაბალას” შემადგენლობა უფრო შემტევი იყო პირველ შეხვედრასთან შედარებით. რაც შეეხება გულშემატკივრებს, სტუმრები მცირერიცხოვანმა აზერბაიჯანულმა დელეგაციამ გაამხნევა. ეს ზღვაში წვეთი იყო იმ თბილისურ დესანტთან, რომელმაც “დინამო” აზერბაიჯანში გაამხნევა…

გაბალას პრესინგი, დინამოს მომენტები…

“გაბალას” სხვა გზა აღარ ჰქონდა. აზერბაიჯანელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. თუნდაც მაშინ, როცა ბურთს “დინამოს” მცველები აკონტროლებდნენ, ისინი დიდი ძალებით ცდილობდნენ პრესინგს. ამან “დინამოს” კონტრშეტევებისთვის ხელ-ფეხი გაუხსნა. მე-6 წუთზე თბილისელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს. გიორგი კუხიანიძის მიერ უძლიერესად დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავარდა. მერე გადმოვარდნილ ბურთზე ლევან შენგელიამითამაშა და დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი კარს ზემოდან გადააცილა.

მალევე, სტუმართა კარის აღება ძლიერი დარტყმით ნოდარ ქავთარაძემ სცადა, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია. ცოტა ხანში აზერბაიჯანელთა კიპერი ისევ ჩაერთო თამაშში, როცა შენგელია შორეული, ძლიერი დარტყმით ცდილობდა გატანას. იქვე, დინამოელებმა, მეტადრე კი შენგელიამ, ფინტების კორიანტელი მოაწყვეს მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ… ვერ გაიტანეს.

“გაბალამ” პირველად გააზრებული შეტევისთვის მე-14 წუთზე მოიცალა. მოზამბიკელმა კლესიობაკემ კარშიც დაგვირტყა, თუმცა “დინამოს” ესპანელმა მეკარე ხოსე პერალესმა ბურთი იოლად მოიხელთა. მერე მომენტი ისევ “გაბალას” ჰქონდა და კიდევ კარგი, გისმათ ალიევმა ფლანგური შეტევა ვერ “ჩაკეტა”, თორემ სტუმრები ანგარიშს უთუოდ გახსნიდნენ…

“დინამო” ბურთს არ აყოვნებდა, სწრაფად ათამაშებდა და მალე კიდევ ერთი მომენტი შექმნა. შენგელიამ უძლიერესად დაარტყა და ძალიან სახიფათოდაც, მაგრამ ბურთს მერაბ გიგაურიგადაეფარა და ვითარება განმუხტა.

ამის შემდეგ ნიკა ნინუა ცდილობდა შორეული დარტყმით გატანას, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა ნოდარ იაშვილი, ვინც ძალიან მაგრად იბრძოლა და მაქსიმალურად შეუზღუდა მოქმედების არეალი სტუმართა ლიდერს, მოზამბიკელ ბაკეს. მის ნაცვლად თამაშში გუჯა რუხაია ჩაერთო.

იქვე “გაბალასაც” დაუშავდა ხორვატი მცველი ივიცა ზუნიჩი მას შემდეგ, რაც პარტნიორს, ჩვენს ძველ ნაცნობ რასიმ რამალდანოვს შეასკდა. ის მინდვრიდან ჯერ საკაცით გაიყვანეს, მერე კი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

“გაბალას” პირველი თამაშიდან გადმოჰყვა ის, რომ გამჭოლი პასებით ცდილობდნენ ვითარების გამწვავებას. ასეთი პასის გაკეთებას სტუმრები ხშირად ანდობდნენ გიგაურს და ისიც მწვავედ მოქმედებდა, თუმცა დინამოელი მცველებიც ყურადღებით იყვნენ.

რა დრიბლინგი და რა გოლი!

“დინამომ” მეორე ტაიმი სწრაფი კონტრშეტევით გახსნა. გიორგი კუხიანიძის პასის შემდეგ ლევანკუტალიას მეკარემ აჯობა. მერე ნოდარ ქავთარაძეს არ გაატანინა მეკარე ანარ ნაზიროვმა. მე-60 წუთისათვის “დინამოს” უპირატესობა უკვე ტოტალური გახდა. შენგელიამ ერთხელაც სცადა გატანა, თუმცა ნაზიროვმა ერთხელაც იხსნა “გაბალა” – ბურთი აკრობატულ ნახტომში მოიგერია.

“დინამო” იმხელა უპირატესობას ფლობდა, რომ უნდა გაეტანა და გაიტანა კიდეც. დიდებული გოლი შეაგდო შენგელიამ – გზად რამდენიმე მეტოქე მოატუა, დასარტყმელი დერეფანი დაიგულა და დიდებულად შეაგდო დაბალ კუთხეში.

მორიგი მომენტი ისევ მასპინძლებმა შექმნეს. კვამე კარიკარიმ კუხიანიძის პასის შემდეგ დაარტყა, თუმცა აზერბაიჯანელთა მეკარემ კარგად ითამაშა. მერე ისევ შენგელია მოექცა ყურადღების ცენტრში. გიორგი პაპავას პასის შემდეგ შორეულ კუთხეში გაგზავნა ბურთი და ოდნავ ააცილა. აი, დრიბლინგი და ზედაც გოლი!

ისევ შენგელია და კარი კარში!

თამაშის ბოლო წუთები “დინამომ” ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და ორი ულამაზესი გოლიც შეაგდო. ჯერ იყო და, კარიკარიმ დაუგდო ბურთი შენგელიას, რომელმაც შორეულ კუთხეს დაუმიზნა და ძელიდან ასხლეტილი ბურთი ბადეში გაახვია, მერე კი თავად კარიკარის ჯერი დადგა – მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი შორეულ “ცხრიანში” დააჭედა.

ერთი სიტყვით, “დინამომ” ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებულად მოიგო. ახლა წინ “ფეიენოორდთან” თამაშია. ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს და ისტორიაც ხელს გვიწყობს – გვახსოვს, როგორ დაამარცხა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ჰოლანდიელები თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში და მერე სანუკვარი ჯილდოც დაინადავლა.

ახლა ამდენს ნამდვილად არ ვითხოვთ, მაგრამ “ფეიენოორდთან” ღირსეული თამაში, ბრძოლა და გამარჯვება ნამდვილად შეიძლება!

დინამო (თბ)-გაბალა 3:0 (პირველი მატჩი 2:0)
01.08. თბილისი. დინამო არენა
1:0 შენგელია (68), 2:0 შენგელია (88), 3:0 კარიკარი (90)
დინამო (4-3-3): პერალესი – იაშვილი (34. რუხაია), მონხილიკობოურიქიმაძე – ნინუაკუხიანიძეპაპავა – შენგელიაკუტალია (78. კარიკარი)ქავთარაძე (69. დაფე)
სათადარიგოები: ლიტოვჩენკომეჯუბიშულაიაქარდავა
მწვრთნელი: ფელის ვისენტე
გაბალა (4-2-3-1): ნაზიროვი – შეიდიევირამალდანოვიზუნიჩი (40. გულიევი), ალიევი –  გიგაურიმამადოვი – ვოლკოვილოპესი (71. ისკანდაროვი), ბაკე – კუაკუ (80. ჰუსეინოვი)
სათადარიგოები: აჰმადლინადიროვიმურადოვიმირზაევი
მწვრთნელი: სანან გურბანოვი
გაფრთხილება: მონხილი (26), ალიევი (46), რამალდანოვი (54)
არბიტრი: პ. ვილიანენი (ფინეთი)

წყარო: lelo.ge

SHARE