ფელის ვისენტე: „ფეიენოორდისთვის“ მაქსიმალურად ვემზადებით, ამ მატჩს ყველა ელოდება

338

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში “გაბალას” დამარცხების (3:0) შემდეგ თბილისის “დინამოს” მწვრთნელმა ფელის ვისენტემ პრესკონფერენცია გამართა.

“მინდა მივულოცო არა მარტო ჩვენს ფეხბურთელებს, არამედ მთელ სტაფს. არაფერი განსაკუთრებული შესვენებაზე ბიჭებისთვის არ გვითქვამს. ისინი თავად იყვნენ ასეთ განწყობაზე.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე კარგი მატჩი ჩავატარეთ და კიდევ ერთხელ შევინახეთ კარი მშრალად.

ის, რომ გოლი არ გაგვიშვია, გუნდური თამაშის შედეგია. ეს თავდასხმიდან იწყება და მეკარით მთავრდება.

“ფეიენოორდთან” თამაშისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით. ყველა ფეხბურთელი ელოდება ამ შეხვედრას, თუმცა ახლა “ლოკომოტივთან” თამაშია უმნიშვნელოვანესი.

ლევან შენგელიამ დღეს ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა, ისევე, როგორც მთელმა გუნდმა.

“ფეიენოორდს” რაც შეეხება, ყველამ იცის, რომ ერთ-ერთი ევროპული გრანდია. ისტორია, რომელიც ამ ორ კლუბს აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და წარმატებას ნელ-ნელა მივაღწიოთ.

ნოდარ იაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია, ამ დღეებში გამოჩნდება. ამის შემდეგ გადაწყდება, ითამაშებს თუ არა “ლოკომოტივთან”. ამ შეხვედრამდე ვეცდებით, აღდგენა მოვასწროთ და საბრძოლო შემადგენლობით ვითამაშოთ.

კარიკარი ნელ-ნელა შედის ოპტიმალურ ფორმაში, ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად იხარჯება. მაქსიმალურ დროს ვაძლევთ, რაც მის დღევანდელ მდგომარეობას შეესაბამება”, – განაცხადა ვისენტემ.

თბილისის “დინამო” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც მისი მეტოქე როტერდამის “ფეიენოორდი” იქნება.

პირველი მატჩი 8 აგვისტოს ჰოლანდიაში გაიმართება.

წყარო: sportall.ge

SHARE