(ვიდეო) ქართული და ჰოლანდიური გუნდების ურთიერთშეხვედრები

380

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის “დინამომ” “გაბალას” ბარიერი გადალახა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდამდე მიაღწია. ქართველთა შემდეგი მეტოქე თვით როტერდამის “ფეიენორდი” იქნება. ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, განსკაუთრებით ეს უფროს თაობას ეხება.

“თეთრ-წითლებთან” დუელი მართლაც დიდებული მოვლენაა. ისტორიულ ქვე-ტექსტს რომ თავი დავანებოთ, სასწორზე ხომ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური დგას. “სამხრეთელებთან” მატჩამდე, გავიხსენოთ ჩვენი და ჰოლანდიური გუნდების ურთიერთშეხვედრები.

ისტორიული 3:0 ფეიენორდთან, სტამი და კოკუ ბათუმში - ქართული და ჰოლანდიური გუნდების ურთიერთშეხვედრები

“ნარინჯისფერებთან” გაცნობა მოხდა შორეულ 1972 წელს, როდესაც ევროთასების დებიუტანტი “დინამო” “ტვენტეს” დაუპირისპირდა. ეს ყველაფერი უეფას თასის პირველ რაუნდში ხდებოდა და სამწუხაროდ, თბილისელთა სტარტი წარუმატებელი გამოდგა.

“თეთრ-ლურჯებმა” პირველ შეხვედრაში ნოდიას დუბლითა და ყიფიანის გოლით ენსხედელების დამარცხება ანგარიშით 3:2 მოახერხეს. განმეორებითი მატჩი “ცხენების” კარნახით წარიმართა და შედეგად, 24-ე წუთისთვის ტაბლოზე უკვე 2:0 ციმციმებდა. ქართველებმა გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს.

ისტორიული 3:0 ფეიენორდთან, სტამი და კოკუ ბათუმში - ქართული და ჰოლანდიური გუნდების ურთიერთშეხვედრები

ცხრა წლის შემდეგ, ნოდარ ახალკაცის გუნდის რადარზე გამოჩნდა ნიდერლანდების მორიგი წარმომადგენელი – “ფეიენორდი” და უნდა ითქვას, რომ ეს დუელი ისტორიას სამუდამოდ დარჩა. სასწორზე თასების მფლობელთა თასის ფინალის საგზური იდო.

ფავორიტად როტერდამი ითვლებოდა, მაგრამ “დინამომ” საფეხბურთო ევროპა გააოგნა და მრისხანე მოწინააღმდეგე პირველ შეხვედრაში 3:0 გაანადგურა. ნათელი იყო, რომ თბილისელებს ჰოლანდიაში ომი ელოდებოდათ, მაგრამ ჩვენი გუნდი მზად ყველაფრისთვის აღმოჩნდა.

დინამო თბილისი – ფეიენორდი 3:0

“თეთრ-ლურჯებმა” “სამხრეთელებს” გაუძლეს (0:2) და ფინალამდეც მიაღწიეს. სეზონის მთავარ შეხვედრაში იენის “კარლ ცაისი” იქნა დამარცხებული. ასეთი ამბები ხდებოდა 1981 წლის გაზაფხულზე. მოკლედ, 38 წლის შემდეგ, ველოდებით ქართველებისა და “თეთრ-წითლების” ფილმის მე-2 ნაწილს.

ახალკაცის გუნდის გზა უკვე ბათუმის “დინამომ” გააგრძელა, რომელმაც 1996 წლის შემოდგომაზე “პსვ ეინდჰოვენის” მრისხანება გამოსცადა. აჭარლებმა სტამის, კოკუს, ზენდენისა და იონკის გუნდს ზღვისპირეთში 1:1 გაუგორეს. ცნობისთვის, 39-ე წუთამდე “თოლიები” საერთოდ იგებდნენ.

ისტორიული 3:0 ფეიენორდთან, სტამი და კოკუ ბათუმში - ქართული და ჰოლანდიური გუნდების ურთიერთშეხვედრები

ყველაფერი ნიდერლანდებში გადაწყდა და სამწუხაროდ, “თეთრ-ლურჯები” უშანსოდ დამარცხდნენ, “გლეხებმა” 3:0-ს იზეიმეს. ცნობისთვის, “ფილიპსის” ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, შოთა ჭეიშვილის გუნდის შემდეგი მეტოქე შეიძლება ყოფილიყო “ბარსა”, “ლივერპული”, “პსჟ” ან თუნდაც “ბენფიკა” და “ფიორენტინა”.

დინამო ბათუმი – პსვ ეინდჰოვენი 1:1

“ნარინჯისფერების” ჯერჯერობით უკანასკნელი წარმომადგენელი ჩვენს გზაზე – ტილბურგის “ვილემ II”, რომელიც 1998 წლის ზაფხულში უეფას თასის შესარჩევზე თბილისის “დინამოს” ეთამაშებოდა. “სამფეროვნებმა” ორი მატჩის ჯამში 6:0 მოგვიგეს, მეტს ვერაფერს დავამატებთ.

ვილემი – დინამო თბილისი 3:0

SHARE