2018 წლის იანვარში ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, ყველასთვის საყვარელმა რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. რონალდინიომ ბევრს შეაყვარა ფეხბურთი, უამრავმა ადამიანმა მის გამო დაიწყო ამ სპორტის ყურება და სამუდამოდ მოიწამლა ფეხბურთით. რას აკეთებს დღეს რონალდინიო? ის მუსიკაზეა გადართული, როგორც თავად ამბობს, ყოველთვის ოცნებობდა დიდი წვეულებები გაემართა საკუთარ სახლში და ცნობილი მომღერლები მოეწვია, რადგან ფეხბურთის შემდეგ ყველაზე მეტად მუსიკა უყვარს. FourFourTwo-სთან ინტერვიუში მან სოციალურ ქსელში დასმულ უამრავ საინტერესო შეკითხვას გასცა პასუხი, adjarasport.com წარმოგიდგენთ ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელის პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ბევრს ძალიან, ძალიან აინტერესებს.
რონი, ყველასთვის არის ცნობილი იმ ლეგენდის შესახებ, რომ პირველად მაშინ მიიპყრე ყურადღება, როცა ერთ შეხვედრაში 23 გოლი გაიტანე, შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია? ასეთი ცუდი ოპონენტები გყავდათ?
დიახ, ეს სიმართლეა, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდი საშინელი იყო! ისინი უბრალოდ გართობისთვის თამაშობდნენ, მე კი უკვე ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. იმ დროს მე-5 კლასში ვიყავი, ეს იმაზე ადრე იყო, ვიდრე ის რეკლამებია გადაღებული, სადაც ფუტზალს ვთამაშობ. ფუტზალში ბევრად ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა.
რომელ ფეხბურთელებს ბაძავდი, როცა პატარა იყავი? გყავდა თუ არა კერპი?
ასეთი ძალიან ბევრი იყო. პირველ რიგში ჩემი ძმა, ასისი. რაც შეეხებათ ცნობილ ფეხბურთელებს – რონალდო, რომარიო, რიველინო, რივალდო. დიეგო მარადონაც განსაკუთრებული იყო. ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებდი მისი თამაშის ყურების დროს, მარადონა იმდენად სანახაობრივი იყო, რომ მის ვარჯიშებსაც სიამოვნებით ვაკვირდებოდი. მისგან განსხვავებით, ფორთოხლით ვერ ვკენწლავდი, რადგან დედა საჭმლის გაფუჭების უფლებას არ მაძლევდა.
როგორ გაიხსენებდი 1994 და 1998 წლის მუნდიალებს? მაშინ შენ თინეიჯერი იყავი, რას გრძნობდი?
სწორედ 1994 წლის მუნდიალის შემდეგ გადავწყვიტე, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი აუცილებლად უნდა გავმხდარიყავი. მანამდე ფუტზალი მიყვარდა და ძალიან გამიჭირდა ამისთვის თავის დანებება. 1994 წელს რომარიომ უდიდესი გავლენა მოახდინა ტურნირის შედეგზე, თუ ყველა ქვეყანას ეყოლებოდა თითო რომარიო, ალბათ ბრაზილია ვერ მოიგებდა მე-4 მუნდიალს, საბედნიეროდ მხოლოდ ჩვენ გაგვიმართლა, ასევე ამ ტურნირზე გამოჩნდა, რომ ბრაზილიამ დაცვაში თამაშიც ისწავლა. 1998 წელს კი უკვე 2002 წლის მუნდიალზე ვფიქრობდი, ნაკრებში თამაშზე 15 წლის ასაკიდან ვოცნებობდი, მაგრამ იმ დროს უკვე მოგებული მქონდა 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი და ტერესოპოლისშიც ნანახი მქონდა დიდებული ბრაზილიელი ფეხბურთელების სურათები, ასე რომ, სულ სხვანაირად მახსენდება ეს მუნდიალი. ფინალში მარცხი ფეხბურთელებზე მეტად განვიცადე, ის ემოცია არასდროს დამავიწყდება.
როდის გადაწყვიტე, რომ ყოფილიყავი რონალდინიო (პატარა რონალდო) ? სანამ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდებოდი თუ შემდეგ?
ხომ იცით, რომ ჩემამდე უკვე იყო ერთი ძალიან მაგარი რონალდო! ახლობლები არასდროს მეძახიან რონალდინიოს. 1999 წელს, როცა პირველი გოლი გავიტანე ბრაზილიის მაისურით, ქვეყნის ყველაზე ცნობილმა კომენტატორმა რონალდინიო გაუჩო დამიძახა, ის იმ დროს რონალდოს რონალდინიოს ეძახდა, უცნაური ფაქტი იყო.
იყო თუ არა დაინტერესებული რომელიმე სხვა ევროპული გუნდი, სანამ პსჟ-ში გადახვიდოდი?
დიახ, იმ დროს ბევრი გუნდი ინტერესდებოდა ჩემით, იმდენი იყვნენ, ყველას ჩამოთვლა ნამდვილად გამიჭირდება. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება, 2 თვე სავარჯიშო დარბაზიდან არ გამოვსულვარ, არ მინდოდა ამაზე ფიქრი.
რა არის შენთვის ყველაზე კარგი მოგონება პარიზში გატარებული პერიოდიდან? გიხარია მათი წარმატება? როგორ ფიქრობ, აქვთ შანსი ჩემპიონთა ლიგის მოგების?
ყველაზე კარგად მარსელთან დერბები მახსენდება, რადგან მათ წინააღმდეგ თითქმის ყველა თამაშში გავიტანე, ველოდრომზეც კი. ეს იყო პსჟ-ს პირველი გამარჯვება დიდი ხნის შემდეგ მარსელთან სტუმრად. პსჟ დღესაც მიყვარს. ეს ჩემი პირველი გუნდი იყო ევროპაში და იქ ძალიან კარგი 2-წელიწად-ნახევარი გავატარე. მათ თვალს აქტიურად ვადევნებ. პსჟ-ს გატანილი ყველა გოლი მაქვს ნანახი ამ სეზონში, მხოლოდ გოლებს ვუყურებ, მოსაწყენია ჩემთვის 90 წუთის ყურება…
გაიხსენე 2002 წლის მუნდიალზე, ინგლისის ნაკრებში გატანილი გოლი, დაინახე, რომ დავიდ სიმენი კარიდან იყო გამოსული?
დიახ, დავინახე, ის თითქმის 5 მეტრით წინ იყო გამოსული. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი სილამაზის გოლი გამოვიდოდა, ეს მატჩი არასდროს დამავიწყდება, რადგან იმ მუნდიალზე ნამდვილად გამორჩეული შეხვედრა იყო. გოლი გავიტანე, საგოლე გადაცემა გავაკეთე და შემდეგ გამაძევეს, როგორ დამავიწყდება, როცა ხშირად ნამდვილად არ მიმიღია წითელი ბარათი? ეს თამაში ფინალივით იყო, რადგან ჩვენი კონკურენტების უმრავლესობა უკვე გავარდნილი იყო.
რა გითხრა ფილიპე სკოლარიმ, როცა გაგაძევეს? იმაზე უფრო დარდობდი, რომ შეიძლება ფინალში ვეღარ გეთამაშა თუ იმაზე, რომ გუნდს ძალიან დააკლდებოდი?
მან გამამხნევა და მითხრა, რომ ამით მწარე გამოცდილებას მივიღებდი. ის ჯერ კიდევ გრემიოდან მიცნობდა, მამასავით მყავდა სკოლარი. ახლაც იმავენაირად მიყვარს, მაგრამ მისი გრაფიკის გამო, იშვიათად მეძლევა მისი ნახვის საშუალება. სასტარტოში ადგილის დაკარგვაზე დიდად არ მიდარდია, ვიცოდი, რომ დავბრუნდებოდი, მთავარი იყო, ჩემს შემცვლელს თურქეთთან ჰეთ ტრიკი არ გაეფორმებინა, თორემ ვინღა მათამაშებდა ფინალში?
ნაიკის დაუვიწყარ რეკლამაზე უნდა გკითხო, სადაც ბურთს კენწლავ, ხარიხას ურტყამ შორი მანძილიდან, შემდეგ მკერდზე იჩერებ და იმავეს აკეთებ – ეს დაუჯერებელია, მართლა აკეთებდი ამ ყველაფერს თუ უბრალო მონტაჟის დამსახურებაა?
რა თქმა უნდა, ვაკეთებდი. ამას ყოველ შაბათ-კვირას ვშვრები ჩემს ეზოში.
2003 წელს ძალიან ახლოს იყავი მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან, რამ შეგიშალა ხელი?
მანჩესტერში თითქმის გადასული ვიყავი, მაგრამ სანამ ინგლისელები კონტრაქტს შემომთავაზებდნენ, სანდრო როსელმა დამირეკა და მითხრა – ‘თუ არჩევნებს მოვიგებ, შემომიერთდები ბარსელონაში?’ მე ვუპასუხე, რომ თანახმა ვიყავი, სიტყვის კაცი ვარ და როსელს ვერ ვუღალატე, მან მოიგო არჩევნები და მეც კამპ ნოუზე წავედი. არასდროს მინანია ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან ბრაზილიელებს გვიყვარს ბარსა. იქ 5 ფანტასტიკური სეზონი ჩავატარე და დღემდე მენატრება.
ჩელსისთან დაუვიწყარი გოლი გაიტანე, როცა რიკარდო კარვალიუ აცეკვე, იყო ეს შენს კარიერაში საუკეთესო გოლი?
განსაკუთრებული გოლი იყო, მაგრამ ბევრი გამიტანია მსგავსი. ზოგი გოლი იმიტომ მიყვარს, რომ მნიშვნელოვანია, ზოგიც სილამაზის გამო. ყველაზე მეტად ახალგაზრდულ გუნდში გატანილი გოლები მიყვარს, რადგან ისინი რომ არ გამეტანა, არასდროს მომეცემოდა შანსი, რომ მთავარ გუნდში მეთამაშა. გავიხსენებდი ვენესუელის კარში გატანილ გოლს, ასევე მარსელთანაც და ბარსას მაისურით პირველ გოლს.
ბევრ ბარსელონას ფეხბურთელს ნამდვილად არ ჰქონია ფუფუნება, რომ სანტიაგო ბერნაბეუს ოვაციებით გაეცილებინა, შენ გქონდა ეს პატივი. როგორ გაიხსენებდი იმ მატჩს?
ძალიან ვამაყობდი. როცა გოლი გავიტანე, ვერ შევამჩნიე, თუ ბერნაბეუ ტაშს მიკრავდა, უბრალოდ აღვნიშნე. როგორც ვიცი, ჩემამდე მხოლოდ მარადონას ხვდა ეს პატივი წილად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გმირის წარმატება გავიმეორე. დიეგოს ამის შესახებ ვესაუბრე, დიდებული მოგონებაა.
როგორ გაიხსენებდი 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს? ელოდი, რომ მოიგებდით, მაშინაც კი, როცა მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე 1-0 მარცხდებოდით? რა გავლენა იქონია ჰენრიკ ლარსონმა?
ის ფინალი ფენომენალური იყო. ლარსონმა შესანიშნავად ითამაშა. ის ჩვენთვის მე-12 მოთამაშე იყო – კაცი, რომელიც შემოდიოდა სათადარიგოთა სკამიდან და იგებდა თამაშს. ძალიან თავდაჯერებული ვიყავი და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ იმ თამაშს მოვიგებდით.
გაგიჭირდა ბარსას დატოვება? მართალია, რომ იმის გამო გაგიშვეს, რომ მესიზე ცუდი გავლენა არ გქონოდა?
ადვილი იყო, წასვლის დრო იყო. ფრენკ რაიკაარდის გზის გამეორება მსურდა, მილანი მელოდებოდა, რომელზეც მწვრთნელმა ძალიან ბევრი კარგი რამ მომიყვა. სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ მხოლოდ როსონერიში მსურდა თამაში. მესისთან დაკავშირებით რაც მკითხეთ, სიცრუეა – ყველაფერს არ უნდა დაუჯეროთ, რასაც პრესაში წაიკითხავთ. ყოველთვის ვცდილობდი მას დავხმარებოდი და ვყოფილიყავი ისეთივე მასწავლებელი, როგორიც ჩემთვის რონალდო იყო. მესი ყოველთვის მორცხვი იყო, მაგრამ ფენომენალური ნიჭის პატრონი. ჩვენ ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით, შესაბამისად, მის ოჯახთან ძალიან ახლოს ვიყავი. შემდეგ მივხვდი, რომ ჩემზე უკეთეს მოთამაშედ ყალიბდებოდა.
ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც გითამაშია?
აუცილებლად, ულაპარაკოდ პაოლო მალდინი. მასთან ერთადაც მითამაშია და მის წინააღმდეგაც. ის უბრალოდ გასაოცარი სპორტსმენი იყო, მასთან დღემდე ვმეგობრობ.
შენ უფრო ტექნიკური იყავი თუ რონალდო?
რონალდო ჩემთვის გმირია. ის ყოველთვის მჯობდა.
შენ მილანში იმ დროს თამაშობდი, როცა როსონერის კრიზისი დაეწყო, რა იყო ამის მიზეზი? უბრალოდ ფეხბურთელები დაბერდნენ თუ რაიმე სხვა?
უბრალოდ თაობათა ცვლა რთულად გადაიტანეს. ისინი მალე დაბრუნდებიან მწვერვალზე. ძალიან კარგი ინფრასტუქტურა აქვთ, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელს მოხიბლავს, რთულია მილანში თამაშზე უარი თქვა.
ვინ იყო საუკეთესო მწვრთნელი, ვისთან ერთადაც გიმუშავია?
რაიკაარდი, ბევრი ფიქრის გარეშე. ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და იმსახურებს ტოპ გუნდის გაწვრთნას. ის მალე ჩაუდგება რომელიმე დიდ ნაკრებს სათავეში და მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. მან ყოველთვის იცოდა, თუ რა მჭირდებოდა, რომ მაქსიმალურად გამომევლინა ჩემი პოტენციალი. მისი გამოცდილება ეხმარება ყველა ფეხბურთელს, რომელსაც წვრთნის.
მილანი მაშინ დატოვე, როცა საგოლე გადაცემების რაოდენობით ჩემპიონატს ლიდერობდი, რატომ წახვედი? მეტი სათამაშო დრო ხომ არ გინდოდა?
უბრალოდ სამშობლოში მსურდა დაბრუნება, რიოში ცხოვრება მინდოდა. არ მინდოდა, ბრაზილიაში მაშინ დავბრუნებულიყავი, როცა ფეხბურთის თამაში აღარ შემეძლებოდა მაღალ დონეზე და უბრალოდ კარიერა დამესრულებინა სამშობლოში, მინდოდა, რომ ეფექტი მომეხდინა. სწორედ ამიტომ არ წავედი გრემიოში მაშინ, ჯერ არ იყო ის დრო მოსული, ფლამენგო ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდა.
რონი, წარმოიდგინე, რომ შენს სახლში ხანძარია და მხოლოდ ერთი ტიტულის გადარჩენა შეგიძლია, რომელს აირჩევდი? 2002 წლის მუნდიალის თასს, 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის თასს თუ 2013 წლის კოპა ლიბერტადორესს?
რა საშინელი სიტუაციაა! სამივე მათგანი უმნიშვნელოვანესია. რა თქმა უნდა, მუნდიალის თასი გამორჩეულია, მაგრამ მაინტერესებს, რომელი უფრო ახლოს იდებოდა ფანჯარასთან, რომ უვნებელი გადავრჩენილიყავი მათი აღების დროს? თუ სამივე ერთად იდებოდა, სამივეს მოვკიდებდი ხელს და გამოვიქცეოდი.
ატლეტიკო მინეიროს ფანების გარდა, რომელ გულშემატკივარს გამოარჩევდი? ვისთან გქონდა ყველაზე კარგი ურთიერთობა?
ყოველთვის ისეთ გუნდებში ვთამაშობდი, ვისაც განსაკუთრებული ფანები ჰყავდა. გრემიო იყო გამორჩეული, რადგან ეს ჩემი პირველი გუნდი იყო. 7 წლის ასაკიდან ამ გრემიოს მაისურით დავრბოდი და დღესაც დიდი სიამოვნებით მოვინახულებდი მათ ფანებს. ბრაზილიაში ვნებით სავსე ფანები ცხოვრობენ, პარიზში ძალიან ხმაურიანები არიან, ბარსელონაში ძალიან მაფასებდნენ, რადგან დიდი ხანი არ ჰქონდათ ჩემპიონთა ლიგა მოგებული, რაც შეეხება მილანს, ფანებიც ისეთივე დიდებული ჰყავს ამ გუნდს, როგორიც გუნდი. მიჭირს არჩევანის გაკეთება.
როგორ ფიქრობ, ნეიმარს 2002 წელს რომ ეთამაშა, მოხვდებოდა იმ ბრაზილიის ძირითად შემადგენლობაში?
რთულია ამის თქმა, მაგრამ დიდებულ ფეხბურთელებს ყოველთვის აქვთ ადგილი ნებისმიერ გუნდში და ნეიმარი ერთ-ერთი მათგანია, თუმცა ბრაზილიას ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავდა იმ დროს, მოდით ეს შეკითხვა სკოლარის დაუსვით.
რომელი მუნდიალის მიღმა დარჩენა უფრო გაგიჭირდა? 2010 წელს თუ 2014-ში, როცა შენს სამშობლოში ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი?
2010-ში ვფიქრობდი, რომ ვიმსახურებდი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს, ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი, მაგრამ დუნგას არ სურდა, რომ ნაკრებში ვყოფილიყავი. 2014 წელს, სიმართლე გითხრათ, არ ვიმსახურებდი მუნდიალზე წაყვანას, მაგრამ ეს რომ მომხდარიყო, ოცნება ამიხდებოდა.
წყარო: sport.adjara.com