არიენ რობენის ვრცელი ინტერვიუ – „ისინი შუშის კაცს მეძახდნენ, მაგრამ ბოლოს მე გავიცინე“

395

35 წლის ჰოლანდიელმა რამდენიმე თვის წინ დაასრულა კარიერა, რობენი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რომელიც ბევრად დიდ კვალს დატოვებდა ფეხბურთში, რომ არა გაუთავებელი ტრავმები, მაგრამ მიუხედავად ამისა, არიენმა მაინც მოახერხა უამრავი ტიტულის მოგება და გულშემატკივრებისთვის თავის შეყვარება. 2018 წლის მაისში მან სოციალურ ქსელში დასმულ კითხვებს უპასუხა და უამრავ საინტერესო თემას შეეხო, წარმოგიდგენთ რობენის ინტერვიუს ცნობილ ბრიტანულ გამოცემა FourFourTwo-სთან.

არიენ, სისწრაფე ყოველთვის იყო შენი გამორჩეული ნიშა – ბავშვობაშიც ასეთი სწრაფი იყავი?

სკოლაში გამოვირჩეოდი ათლეტიზმით და რა თქმა უნდა სწრაფიც ვიყავი, მაგრამ ეს გენეტიკურად ნამდვილად არ მომყვება, მამაჩემზე სწრაფი დედაჩემია! სიმართლე გითხრათ, სისწრაფე ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი იარაღია – ამას შრომით ვერ გამოიმუშავებ, სისწრაფე ან გაქვს ან არ გაქვს.

შენ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდი, როცა გრონინგენში გქონდა დებიუტი – ეჭვიანობდნენ თანაკლასელები?

მახსოვს, დედამ 2-ჯერ ან 3-ჯერ დამირეკა, როცა კლასში ვიყავი. როცა გადავურეკე, მან მითხრა, რომ გრონინგენში ჩავირიცხე და უქმეებზე დებიუტი მექნებოდა.  ეს წარმოუდგენელი იყო, ამაზე ვერც ვიოცნებებდი, გუნდთან ერთად ნავარჯიშებიც არ მქონდა, როცა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დამსვა. ჩემი მეგობრები ნამდვილად ამაყობდნენ ჩემით, მაგრამ მათთვის ძალიან უცნაური იყო, როცა ტელევიზორში მხედავდნენ და ჩემს შესახებ გაზეთებში კითხულობდნენ

კარიერის განმავლობაში უამრავი ტრავმა გქონდა, კარიერის ნაადრევ დასრულებაზე ხომ არ გიფიქრია?

არასდროს მაწუხებდა ტრავმები, ბავშვობაში და ახალგაზრდულ გუნდში საერთოდ არ მქონია მსგავსი პრობლემა, ჩემი ტრავმების ეპიდემია მაშინ დაიწყო, როცა წინასასეზონო მატჩში მოვიტეხე ფეხი ჩელსიში ყოფნის დროს – ეს ნამდვილად ცუდი იღბალის ბრალი იყო, მაგრამ შემდეგ უკვე მაწუხებდა კუნთები, მომიწია, რომ გამეცნო ჩემი სხეული უკეთ, რათა მეთამაშა ფეხბურთი. ვცდილობდი მესწავლა, როგორ მოვქცეულიყავი, რომ ყოველთვის გაზონზე არ დავეგდე მცველებს. ზოგ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში საერთოდ არ აწუხებს ტრავმები, სამწუხაროდ მე არ გამიმართლა.

პსვ-ს ფანები შენი და მატია კეჟმანის დუეტს, “ბეტმენს და რობენს” ეძახდნენ, რატომ იყო თქვენი დუეტი ასეთი ძლიერი ეინდჰოვენში და რატომ არ გამოვიდა ასეთივე წარმატებული ჩელსიში?

საოცარი გუნდი გვყავდა პსვ-ში, ჩემი მისია უბრალოდ ის იყო, რომ ამ სქემაში კარგად ჩავმჯდარიყავი. იქ ასევე თამაშობდა დენის რომედალი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე, რომელიც ძალიან, ძალიან სწრაფი იყო, ასე რომ კეჟმანისთვის ბევრ საგოლე მომენტს ვქმნიდით, მასაც გაჰქონდა გოლები. სამწუხაროდ, ჩელსიში მას არ ეძლეოდა დიდი დრო მოედანზე, ასე რომ არ გამოვიდა ჩვენი დუეტი ისეთივე წარმატებული, როგორიც ერედივიზიონში.

ძალიან ბევრი გოლი გაქვს გატანილი, როცა მარჯვნიდან იწევდი ცენტრში და ბურთს მეკარის შორეულ კუთხეში ატრიალებდი, როგორ გახდა ეს შენთვის დამახასიათებელი ნიშანი?

კარიერის დასაწყისში მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი და ძირითადად ბურთს საჯარიმოში ვაწვდიდი, მხოლოდ რეალ მადრიდში ყოფნის დროს მივხვდი, რომ ეს შემეძლო, მაშინ, როცა ჯერ ცენტრში, ხოლო შემდეგ მარჯვენა ფლანგზე მათამაშეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არავინ იცის, როდის გავაკეთებ ამას, სიურპრიზი ყველაფერს უფრო ლამაზს ხდის.

იოჰან კრუიფმა თქვა ერთხელ შენს შესახებ – “მას აქვს საოცარი ტალანტი და ბრწყინვალედ თამაშობს მარცხენა ფეხით, თუმცა მისი მარჯვენა ფეხი შოკოლადისგან არის გაკეთებული”, როდესმე გისაუბრია კრუიფთან ამის შესახებ?

არასოდეს! მაგრამ კრუიფი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც ჩემს მარჯვენა ფეხს აკრიტიკებდა, დიახ, მე ვერ ვთამაშობდი მარჯვენა ფეხი კარგად, მაგრამ მაინც შევძელი და მაღალი დონის მოთამაშე გავხდი. მწვრთნელები ახლა ცდილობენ, რომ ფეხბურთელი ორივე ფეხით თანაბრად დატვირთონ, მაგრამ ეს სისულელედ მიმაჩნია… არ სჯობს, რომ ერთი ფეხი გქონდეს განსაკუთრებულად კარგი, ვიდრე ორივე ფეხით უბრალოდ ნორმალურად თამაშობდე?

2004 წელს ძალიან ახლოს იყავი მანჩესტერში გადასლვასთან, რა გითხრა სერ ალექს ფერგიუსონმა და რატომ არ შედგა ტრანსფერი?

ძალიან კარგი საუბარი გვქონდა მე და ფერგიუსონს მანჩესტერში, ჩვენ ვილაპარაკეთ ფეხბურთზე და ცხოვრებაზე.  მან ასევე დამათვალიერებინა გუნდის ბაზა, მაგრამ არაფერი მოხდა, უკან დამაბრუნეს ეინდჰოვენში. პსვ ამ პერიოდში ჩელსისთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს, შეიძლება ლონდონელებმა მეტი ფული შესთავაზეს? არ ვიცი… ჩელსის შემოთავაზება ძალიან მომეწონა და იმწამსვე დავთანხმდი, მაგრამ თუ მანჩესტერი რეალურ პირობებს შემომთავაზებდა მანამ, სანამ ჩელსი გამოჩნდებოდა, აუცილებლად ვითამაშებდი ოლდ ტრაფორდზე, თუმცა ახლა არაფერს ვნანობ.

ჩელსიმ 12 მილიონის სანაცვლოდ გიყიდა 2004 წელს, რას ნიშნავს შენთვის ჟოზე მოურინიოს გუნდში თამაში?

ის ძალიან მომთხოვნი იყო და ყოველთვის ბევრს გვავარჯიშებდა, თუმცა ვფიქრობ 20 წლის ასაკში მასზე კარგ მწვრთნელს ვერ ვინატრებდი, ბევრი გააკეთა ჟოზემ იმისათვის, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთი მეთამაშა. მან საკუთარი თავის რწმენა შემძინა, მოურინიოსთან გატარებულ პერიოდს ძალიან კარგად ვიხსენებ, ის მნიშვნელოვანი იყო ჩემი კარიერისთვის.

ალბათ ძალიან ძნელი იყო შენთვის ინგლისში დებიუტი, მას შემდეგ, რაც ამხანაგურ თამაშში ტერფი მოიტეხე, როგორ გაიხსენებდი ამ პერიოდს?

ეს ძალიან, ძალიან რთული იყო. დილიდან საღამომდე ვვარჯიშობდი, რომ სწრაფად დავბრუნებულიყავი, მაგრამ ამან შედეგი გამოიღო, ჩელსიში ფანტასტიკური სტარტი მქონდა. პირველ 3 თამაშში, 2 გოლი გავიტანე, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ვთამაშობდი სწრაფად და ვიყავი კარგ ფიზიკურ კონდიციებში, რაც ინგლისში თამაშის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ტრავმების გამო ჟოზე მოურინიოც კი გაკრიტიკებდა, როგორ გრძნობდი თავს, როცა შენი პირადი მწვრთნელი ღიად საუბრობდა ამაზე ჟურნალისტებთან?

სიმართლე გითხრათ, ამას კრიტიკას ვერ დავარქმევდი. მწვრთნელისთვის ძალიან რთულია, როცა ფეხბურთელი ხშირად ტრავმიანობს, რადგან მასზე იმედებს ვერ დაამყარებს, ასე რომ მისი მესმის, მაგრამ თავად ფეხბურთელისთვის უფრო რთულია, ჩემზე მეტად არავის სურდა თამაში და გოლების გატანა. ჟოზე ჩემპიონია და მას სურს, რომ მისი ფეხბურთელები ყოველთვის იყვნენ მზადყოფნაში.

შენს ინტერვიუში წავიკითხე, რომ კარიერაში ყველაზე მეტი ჯონ ტერისგან ისწავლე, როგორი იყო მასთან ერთად თამაში?

ის საუკეთესო კაპიტანია, ვის გუნდშიც მომიწია თამაში. როგორც ის იქცეოდა მოედანზე, იყო სამაგალითო ყველა თანაგუნდელისათვის.

რატომ დატოვე ჩელსი 2007 წლის აგვისტოში და გადახვედი რეალ მადრიდში? იყო ეს რთული არჩევანი?

ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, ჩელსიში შეიცვალა სქემა, ჟოზე აღარ თამაშობდა გარემარბებით, ის აქცენტს უკვე 2 ცენტრალური თავდამსხმელით თამაშზე აკეთებდა, დიახ, მე შემეძლო ფორვარდად თამაში, თუმცა როცა გუნდში დიდიე დროგბა და ანდრეი შევჩენკო ირიცხებიან, რთულია მათ კონკურენცია გაუწიო ფორვარდის პოზიციაზე. რეალმა შემომთავაზა კონტრაქტი და ასეთ დროს რთულია უარი თქვა, ვფიქრობ ჩემი კარიერის განვითარებისათვის სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

რეალის ფანები გამოირჩევიან იმით, რომ საკუთარ ფეხბურთელებსაც უსტვენენ და თეთრ ცხვირსახოცებს უფრიალებენ. გაგიჭირდა მათთვის თავის მოწონება?

მათთან არასდროს მქონია პრობლემა, ფანებთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდე. პირველივე წელს ჩვენ დავამარცხეთ ბარსელონა ანგარიშით 4-1 და მოვიგეთ ლა ლიგა, მეორე სეზონში კი ვფიქრობ, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშე. ეს ის წელი იყო, როცა მარჯვენა გარემარბად გადამწია მწვრთნელმა, დავიწყე ცენტრში შესვლა და ჩემს სტილში გოლების გატანა, თუ გოლები გაგაქვს და ტიტულებს იგებ, არავინ არ გაგაკრიტიკებს.

2009 წელს შენ რეალის დატოვება მოგიწია, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი სეზონი გქონდა, ფიქრობ, რომ გუნდმა გიღალატა?

უცნაური პერიოდი იყო. მე ძალიან მაგარ ფორმაში ვიყავი იმ ზაფხულში, თუმცა გუნდმა ბევრი ფული დახარჯა – იყიდა ჩაბი ალონსო, კაკა, კრიშტიანუ რონალდუ და კარიმ ბენზემა, შესაბამისად საჭირო იყო ვინმეს გაყიდვა, მათ გადაწყვიტეს, რომ ჰოლანდიელები გუნდიდან გაეშვათ, ამიტომაც მე, სნეიდერმა და ჰუნტელაარმა მადრიდი დავტოვეთ. შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა მანუელ პელეგრინისთან, მან მითხრა, რომ ჩემი გაშვება არ სურდა, თუმცა გადაწყვეტილება ფლორენტინო პერესმა მიიღო. არ იყო მარტივი, მაგრამ გუნდის დატოვება მომიწია და გადავბარგდი ბაიერნში, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

რობენი და რიბერი ან უბრალოდ რობერი – ეს დუეტი ბაიერნის გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ, აღწერე შენი ურთიერთობა ფრენკთან მოედანზე და მოედნის გარეთ.

ვფიქრობ, ორივე ერთნაირად ვაზროვნებდით, რაც ძალიან დაგვეხმარა თამაშის დროს. პირველ რიგში ფეხბურთი გვიყვარდა ძალიან, მაგრამ ის, რაც ერთმანეთს გვამსგავსებდა იყო ის, რომ მცველის მოტყუება ჩვენი სტიქია იყო. ვგავართ ერთმანეთს და როცა ერთად ვთამაშობთ, მცველებს კარგი დღე ნამდვილად არ ადგებათ.

2012 წელს შენ პენალტი ააცილე გადამწყვეტ მომენტში, როცა ფინალში ჩელსის ეთამაშებოდი. იყო ეს შენს კარიერაში ყველაზე ცუდი მოგონება, როგორ შეხვდა ბაიერნი საკუთარ მინდორზე ფინალში მარცხს?

ეს უდიდესი იმედგაცრუება იყო. ჩვენ საკუთარ მინდორზე ვთამაშობდით, მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 1-0 ვიგებდით, შემდეგ მათ გაგვითანაბრეს, მე კი პენალტი ვერ გამოვიყენე. როცა შენ ასეთი რამ დაგემართება, ძალიან რთულია და აუცილებლად უნდა გამოასწორო სიტუაცია, უკეთესს ვერც ვინატრებდი, მომავალ სეზონში უემბლიზე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა.

ბაიერნმა წააგო 2 ფინალი – 2010 წელს და 2012 წელს, ხომ არ ფიქრობდი, რომ ვერასდროს მოიგებდი ჩემპიონთა ლიგას?

რა თქმა უნდა, ეს ფიქრი მტანჯავდა. უემბლის ფინალის წინ გაორებული ვიყავი, ხან ვფიქრობდი, რომ ამჯერად ვეღარავინ შეგვაჩერებდა, ხან კი ცუდი აზრები შემომიტევდა, თუ 3-დან 3 ფინალს წავაგებდი, ხალხი იტყოდა, რომ კი, კარგი ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე ჩემპიონობა და ეს ჩემს კარიერას ყოველთვის გაჰყვებოდა ლაითმოტივად.

რა გრძნობა დაგეუფლა, როცა შენი გოლით გახდა ბაიერნი ჩემპიონი 2013 წელს? ალბათ ძალიან დიდი ტვირთი მოგეხსნა მხრებიდან…

ეს წიგნის იდეალური დასასრული იყო. მე ავაცილე პენალტი 2012 წელს და ზუსტად 12 თვის შემდეგ, გუნდმა ჩემი გოლით იზეიმა ჩემპიონობა. ვფიქრობ ეს ფეხბურთის სახელმძღვანელოში უნდა ჩაიწეროს, არასდროს დანებდე და როცა დაეცემი, ყოველთვის იფიქრე წამოდგომაზე, მე ეს ნამდვილად გამომივიდა.

შენი თაობა ჰოლანდიის ნაკრებში ნამდვილად იყო ოქროსი, თანაგუნდელებად უესლი სნეიდერი, რაფა ვან დერ ვაარტი და რობინ ვან პერსი გყავდა, როგორ ვერ მოახერხეთ ტიტულის მოგება?

ვფიქრობ, ასეთი პატარა ქვეყნისთვის ნამდვილად დიდ წარმატებას მივაღწიეთ. 2010 წელს მეორე ადგილზე გავედით მუნდიალზე, ხოლო 2014-ში მესამეზე, არ არის ცუდი ხომ? რა თქმა უნდა, ყველას სურს ტიტულის მოგება, მაგრამ ჰოლანდიაში მხოლოდ 16 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ასე რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 4 წლის განმავლობაში მეორე და მესამე ადგილებზე გასვლა ცუდი ნამდვილად არ არის, აქამდე ხშირად არ გამოსდიოდა ეს ჰოლანდიის ნაკრებს.

ჰოლანდიამ ვერ მოახერხა 2016 წლის ევროპის და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე გასვლა, რა სჭირს ჰოლანდიურ ფეხბურთს?

ყოველთვის გვქონდა გამორჩეული სტილი, მაგრამ ფეხბურთი იცვლება და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. შენ უნდა გაგაჩნდეს სტილი, მაგრამ ასევე უნდა ისწავლო რაღაც სხვებისგან. 15 წლის წინ, სხვა გუნდები მოდიოდნენ ჩვენს სამზარეულოში და გვეკითხებოდნენ, როგორ ვაღწევდით წარმატებას, მაგრამ ახლა მოვიდა დრო, რომ სხვა ნაკრებებს მივბაძოთ და ვცადოთ მრავალფეროვნება.

შენ შუშის კაცს გეძახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ნაკრებში 14 წელი გაატარე, არ გწყინდა ეს ჰოლანდიელი ჟურნალისტებისგან?

დიახ, ნამდვილად მწყინდა. როცა ახალგაზრდა ხარ, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით უფრო სენსიტიური ხარ. ამ ადამიანებს ახლა, რომ გავეკრიტიკებინე, ალბათ რეაქციაც არ მექნებოდა, მაგრამ მაშინ გაზეთის ყველა ნომერს ვყიდულობდი და განვიცდიდი ჩემზე დაწერილ კრიტიკას. ჩემთვის “შუშის კაცი” ნიშნავს სუსტ ადამიანს, მე ნამდვილად არ ვყოფილვარ სუსტი, უბრალოდ ჩემი სხეული ძალიან მგრძნობიარე იყო, საბოლოო ჯამში, ბოლოს მე გავიცინე.

იკერ კასილიასის დატოვებულმა ფეხმა მსოფლიო ჩემპიონობა წაგართვა, ამ მომენტზე ისევ ფიქრობ ხოლმე?

ისევე, როგორც ჩემი მოგებული ჯილდოები, ეს მოგონებაც თან დამყვება, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, პირისპირ დავრჩი კასილიასთან და ბურთი 3 სანტიმეტრით მაღლა, რომ დამერტყა, ჩემპიონებიც გავხდებოდით. მატჩის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ალბათ მოტყუებაზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ როცა ეპიზოდს თავიდან ვუყურე, მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა დავარტყი. ახლა, რომ მომეცეს შესაძლებლობა, იგივეს გავაკეთებდი, ოღონდ 3 სანტიმეტრით მაღლა შევეცდებოდი დარტყმას.

ცოტა ფეხბურთელს თუ უმუშავია პეპ გვარდიოლასთან და ჟოზე მოურინიოსთან, შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ. როგორ შეადარებდი ამ ორ უდიდეს მწვრთნელს?

ყველა მწვრთნელს თავისი სტილი გააჩნია, ფეხბურთელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საუკეთესო თვისებები გადაიღოს მათგან. ჟოზესთან მუშაობის დროს ახალგაზრდა ვიყავი, პეპთან კი ბევრად გამოცდილი. ორივე საოცარი მწვრთნელია და სიმართლე გითხრათ, ორივესგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

გახდები მწვრთნელი როდესმე? ვფიქრობ აუცილებლად ითამაშებ გარემარბებით…

არ ვარ დარწმუნებული ამ ეტაპზე. მომწონს ახალგაზრდებთან მუშაობა და მათი დახმარება. ვგიჟდები ფეხბურთზე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მწვრთნელობა კარგად გამომივა.

აღწერე შენი კარიერა ერთი სიტყვით…

დიდებული! ძალიან ბევრი მოგონება შემომრჩა და ძალიან ბევრი ტიტული მოვიგე. ბევრჯერ მქონია ჩავარდნა, მაგრამ დავბრუნებულვარ უფრო ძლიერი. ვფიქრობ, უფრო მეტი კარგი მომენტი მქონია კარიერაში, ვიდრე ცუდი.

წყარო: sport.adjara.com

SHARE