პოლიტიკური სკანდალების ისტორია: გადავადება ჩერჩილის გამო და მოსკოვისა და ლოს ანჯელესის გავლენები

602

ოლიმპიურ მოძრაობაში პოლიტიკის ჩარევის ყველაზე თვალნათელ და კლასიკურ მაგალითებად მოსკოვისა (1980) და ლოს ანჯელესის (1984) თამაშები ითვლება.

სწორედ მაშინ, სპორტსმენები ორ ბანაკად დაყვეს და ათლეტების მთელ თაობას ოლიმპიადებზე გამოსვლის საშუალება არ მისცეს. მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ თანამედროვე ოლიმპიადის ისტორიაში, ცხადი გახდება:

პოლიტიკოსებმა უფრო ადრე აქციეს ეს უდიდესი სპორტული ფორუმი თავიანთი საქმეების პროპაგანდისა და ურთიერთობათა გარკვევის ასპარეზად. ხოლო ლოზუნგი – „სპორტი პოლიტიკის გარეშე“ აქტუალური მხოლოდ თანამედროვეობის პირველ თამაშებზე არ ყოფილა, როცა ოლიმპიადა ჯერ არ ითვლებოდა მსოფლიო მასშტაბის მოვლენად.

სპორტული ფრონტი გერმანიის წინააღმდეგ

პირველ პოლიტიკურ სკანდალებს უკვე IV თამაშებზე ჰქონდა ადგილი. სწორედ ლონდონში, 1908 წელს, გახსნის ცერემონიაზე დელეგაციები პირველად გამოვიდნენ თავიანთი ეროვნული დროშებით.

მაშინ, ლონდონის მთავრობამ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ფინეთის სპორტსმენებს დამოუკიდებელი გუნდით ასპარეზობის უფლება მისცა, მაგრამ ამავდროულად, ოლიმპიურ სტადიონზე საკუთარი დროშით გამოსვლა აუკრძალა. პროტესტის ნიშნად, ათლეტებმა საერთოდ დროშის გარეშე ჩაიარეს სარბენ ბილიკზე. ცნობისთვის, იმ თამაშებზე ფინელებმა ხუთი მედალი მოიპოვეს, რუსებმა – სამი.

1920 წელს, ანტვერპენის თამაშებში 29 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის შორეული ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებმა. სამაგიეროდ, ოლიმპიადაზე არ იქნენ დაშვებულნი გერმანია, ავსტრია, ბულგარეთი, უნგრეთი და თურქეთი. ისინი მხოლოდ იმიტომ დაზარალდნენ, რომ პირველ მსოფლიო ომში „სხვა მხარეს“ იბრძოდნენ. ომის დროს, ბელგია გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული და ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ამგვარად იძიეს შური გერმანიასა და მის მოკავშირეებზე.

გერმანელები ოთხი წლის შემდეგ არც პარიზში გამოჩენილან. ამჯერად საფრანგეთმა გამოიყენა თავისი გავლენა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე და მეზობელი ქვეყნის სპორტსმენებს გზა გადაუკეტა. გერმანიის მოკავშირეების მიმართ ორგანიზატორებს პრეტენზიები არ ჰქონიათ, ამიტომაც ავსტრიას, ბულგარეთს, უნგრეთსა და თურქეთს მწვანე შუქი აუნთეს.

გერმანიის ნაკრებმა კი, 16-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მხოლოდ 1928 წლის ოლიმპიადაზე (ამსტერდამი) მიიღო მონაწილეობა.

გმირები კინოქრონიკის მიღმა

1936 წლის ოლიმპიადის ბერლინისთვის მიცემა 1931 წელს, გერმანიის მთავრობაში ადოლფ ჰიტლერის ნაცისტების მოსვლამდე ორი წლით ადრე გადაწყდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რამდენად ძლიერი პროპაგანდული იარაღი შეიძლებოდა ყოფილიყო ოლიმპიური თამაშები.

1936 წლამდე, ოლიმპიადა საკმაოდ მოკრძალებულ სპორტულ შეჯიბრებად აღიქმებოდა. ჰიტლერმა კი, ამ ფორუმს კოლოსალური მნიშვნელობა მიანიჭა. ოლიმპიადას უნდა გაეერთიანებინა გერმანული ერი და მსოფლიოსთვის დაენახვებინა ნაციონალ-სოციალიზმის მიღწევები. ამიტომაც, თამაშების მომზადებისთვის უზარმაზარი თანხები გამოიყო.

ბერლინის ოლიმპიადა დიდი გაქანებითა და პომპეზურობით იქნა გაფორმებული. პირველად ისტორიაში, ოლიმპიური ცეცხლი ოლიმპიის მთაზე დაანთეს და თამაშების დედაქალაქში ჩაიტანეს.

ოლიმპიადის დღეებში, გერმანიაში ერთგვარად შენელდა ებრაელების (ბერლინის ქუჩებიდან გააქრეს ანტიებრაული ლოზუნგები და განცხადებები) და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელთა (პოლიცია აქტიურად დევნიდა ჰომოსექსუალებს) დევნა. ამავდროულად, გერმანიის ოლიმპიურ გუნდში არ დაუშვეს ეთნიკური ებრაელები, ხოლო ბერლინელი ბოშები თამაშების წინ დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გაისტუმრეს.

1936 წელს, პირველად დაისვა თამაშების ბოიკოტის საკითხი. ამასთან დაკავშირებით დისკუსიები ამერიკაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში გაიმართა. ბოიკოტის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ბერლინში სპორტსმენების გამოსვლა მხოლოდ გაამყარებს ნაცისტურ რეჟიმს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ წარმოიშვა ბარსელონაში ალტერნატიული თამაშების გამართვის იდეა (მაგრამ ამის გაკეთება ესპანეთში ამტყდარი სამოქალაქო ომის გამო ვერ მოხერხდა). საბოლოოდ, ამ დავაში იმ მხარემ გაიმარჯვა, რომელიც თვლიდა, რომ პოლიტიკოსების გამო სპორტსმენები არ უნდა დაზარალდნენ.

ამასთან დაკავშირებით, საგულისხმო იყო ამერიკის შავკანიანი ათლეტების პოზიცია. მიუხედავად გერმანიაში მოქმედი რასისტული კანონებისა, ისინი მხარს უჭერდნენ თამაშებს, რადგან თვლიდნენ – ამ ქვეყანაში თავიანთი წარმატებებით დაამტკიცებდნენ, რომ არაფერში ჩამოუვარდებოდნენ თეთრებს.
სიმბოლურია, რომ ბერლინის თამაშების მთავარი გმირი გახდა შავკანიანი ათლეტი ჯესი ოუენსი. მან ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა (100 და 200 მეტრზე სირბილში, 4×100 მეტრზე ესტაფეტაში და სიგრძეზე ხტომაში). მოგვიანებით ის ამტკიცებდა, რომ არსად არ დაუმსახურებია ისეთი ოვაციები, როგორც ბერლინში.

მედლების რაოდენობით უდავო გამარჯვებული გერმანია გახდა, რომელმაც იმაზე მეტი ჯილდო მიიღო, ვიდრე ერთად აღებულმა დანარჩენმა ქვეყნებმა. საფეხბურთო ტურნირი იტალიის ნაკრებმა მოიგო. ეს ორი ფაქტი სრულად იქნა გამოყენებული ნაცისტური გერმანიისა და ფაშისტური იტალიის პროპაგანდისთვის. 1938 წელს შედგა ფილმ „ოლიმპიას“ პრემიერა, რომელიც ჰიტლერის საყვარელმა რეჟისორმა – ლენი რიფენშტალმა გადაიღო.

ამ ფილმში ნაჩვენები იყო ბერლინის გიგანტური სტადიონი, რომელზეც 110 ათასი კაცი ეტეოდა, შესანიშნავი ოლიმპიური სოფელი (დაახლოებით 500 შენობა), ძლევამოსილი გერმანელი ახალგაზრდობა… ჰიტლერი პირადად ხელმძღვანელობდა იმას, რომ ფილმის საბოლოო ვარიანტში არ შესულიყო შავკანიანი სპორტსმენების წარმატებები.

ბერლინის თამაშების ერთგვარი გაგრძელება უნდა ყოფილიყო 1940 წლის ოლიმპიადა, რომელიც ტოკიოს ერგო. მაგრამ იაპონიამ, 1937 წელს, ჩინეთთან მის მიერვე ინიცირებული ომის გამო უარი თქვა თამაშების ორგანიზებაზე. თამაშების გადატანა ჰელსინკიში სცადეს, მაგრამ ეს გეგმაც ჩაიშალა – საბჭოთა ჯარების ფინეთში შეჭრისა (1939-40) და მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო. ომის მიზეზით არ გაიმართა 1944 წლის ოლიმპიადაც, რომლისთვისაც ლონდონს უნდა ემასპინძლა.

გადავადება ჩერჩილის გამო

ბრიტანეთის დედაქალაქმა მაინც უმასპინძლა ოლიმპიელებს. ეს 1948 წელს მოხდა. ომის შემდეგ პირველ სპორტულ ფორუმზე არ მიიწვიეს გერმანია და იაპონია – მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებელი ქვეყნები. სამაგიეროდ, აგრესორ ქვეყნად მიჩნეულ იტალიას მწვანე შუქი აუნთეს.

თავის მხრივ, ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა საბჭოთა კავშირმა. თავიდან, ეს ქვეყანა ემზადებოდა ოლიმპიადაზე დებიუტისთვის, მაგრამ ამ საკითხში კორექტივები ანტიჰიტლერული კოალიციის ყოფილ მოკავშირეებს შორის ურთიერთობების დაძაბვამ შეიტანა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკის ქალაქ ფულტონში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი თავისი ცნობილი მოხსენებით გამოვიდა.

ლონდონის ოლიმპიადა კიდევ ერთი სახასიათო მოვლენით აღინიშნა. ჩეხმა ტანმოვარჯიშემ ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნება არ ისურვა – ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლება აღარ არისო. ის გახდა პირველი იმ მრავალრიცხოვან სპორტსმენს შორის, რომლებიც დასავლეთში პოლიტიკური მოტივებით რჩებოდნენ.

პოლიტიკამ 1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიადასაც დაამჩნია კვალი. გერმანიის ნაკრები მთლიანად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სპორტსმენებით იქნა დაკომპლექტებული. 1964 წლამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სრულ იგნორირებას უკეთებდა პოლიტიკურ რეალობას – ორი გერმანული სახელმწიფოს არსებობას. გფრ-სა და გდრ-ს ათლეტები ერთი ნაკრებით, ე. წ. გაერთიანებული გერმანული გუნდით უნდა გამოსულიყვნენ, რაც მრავალრიცხოვან პრობლემებს წარმოშობდა.

ფინეთში არ ჩავიდა ჩინეთის ნაკრები – ეს იყო პროტესტი იმის გამო, რომ სოკ-მა თავის რიგებში ტაივანი მიიღო. ჩინელები ოლიმპიურ ოჯახში მხოლოდ 1984 წელს, ლოს ანჯელესში დაბრუნდნენ.

(გაგრძელება იქნება)

წყარო: lelo.ge

SHARE