(ვიდწო) „დინამოს“ ექვსი უპასუხო როი მაკაის თვალწინ!

696

ამ შეხვედრას თან ძალიან დიდი ინტრიგა ახლდა. “დინამო” წარმატებით ასპარეზობს ევროთასებზე, “ლოკომოტივი” კი საშინაო არენაზე ამტკიცებს, რომ შესანიშნავ ფორმაშია. შეგახსენებთ, რომ იყო შანსი, ეს შეხვედრა გადადებულიყო, მაგრამ “ლოკომოტივმა” ამაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ, ქომაგს არაფერი წაუგია – წინასწარვე ვიტყვით, რომ სტადიონზე მისულმა პუბლიკამ შესანიშნავი სანახაობა იხილა.

ლოკომოტივი 0-6 დინამო

4.08. თბილისი. მიხეილ მესხი. სათადარიგო სტადიონი.

გოლები: 0:1 ნინუა (3), 0:2 კუტალია (37, ნინუას პასით), 0:3 ქავთარაძე (40), 0:4 ნინუა (43), 0:5 შულაია (71, ნინუას პასით), 0:6 კარიკარი (77, ნინუას პასით)ლოკომოტივი (4 – 2 – 3 -1): ბულისკერია – უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე – შონია, გვალია (46. შეყილაძე) – მახარობლიძე, სამურკასოვი (59. გოროზია), დ. კირკიტაძე (72. ჯიქია) – სიხარულიძე

სათადარიგოები: შეროზია, ანდრონიკაშვილი, ძებნიუაური, გაბაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

დინამო (4 – 2 – 3 – 1): პერალესი – რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე – პაპავა (73. ქარდავა), ნინუა – შენგელია (63. შულაია), ქავთარაძე, დაფე(54. კარიკარი) – კუტალია

სათადარიგოები: ლიტოვჩენკო, , ზარია, კაპლიენკო, შიშკა

მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე

გაფრთხილება: კირტკიტაძე (37), სამურკასოვი (41), კომახიძე (60)

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

როი მაკაის თვალწინ

ეს იყო “დინამოს” გენერალური რეპეტიცია “ფეიენოორდთან” შეხვედრის წინ. სამწვრთვნელო შტაბი კარგ ფორმაში მყოფ მეტოქესთან ექსპერიმენტებს მოერიდა. საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდის შემადგენლობა ოპტიმალური გახლდათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “დინამოს” სერიოზულად აქვს განზრახული საქართველოს ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება.

ამ შეხვედრას ახლო წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, როი მაკაი დაესწრო. ალბათ, ბევრს ახსოვს ჰოლანდიის ნაკრების შესანიშნავი შემტევის მიერ გატანილი გოლები სხვადასხვა კლუბების შემადგენლობაში. იმთავითვე ვიტყვით, რომ ჰოლანდიელს “დინამოს” თამაშის ნახვის შემდეგ ალბათ ბევრი საფიქრალი გაუჩნდებოდა…

SUPER ნინუა!

ბოლო დროს “დინამოს” ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველის, ნიკა ნინუას პროგრესი თვალსაჩინოა. “გაბალასთან” ორივე შეხვედრაში ის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ პარტნიორებს შორის. სწორედ ნინუას “გასროლით” გაიხსნა ეს შეხვედრა – საჯარიმო დარტყმა ნიკამ დიდებულად შეასრულე და შანსი არ დაუტოვა ექსთანაგუნდელ დემეტრე ბულისკერიას.

გაშვებული გოლის შემდეგ “ლოკომოტივი” მწვავედ ათამაშდა. ჯერ ბიძინა მახარობლიძე ურტყამდა სახიფათოდ, მერე კი დავით სამურკასოვმა მიიტანა იერიში დინამოელთა კარზე, მაგრამ ორივე შემთხვევაში შესანიშნავად ითამაშა დინამოელთა ესპანელმა მეკარემ, ხოსე პერალესმა.

ალბათ, ეს შემთხვევითი არ ყოფილა: ხშირად “დინამო” მეტოქეს დიდი ძალებით იტყუებდა საკუთარ ნახევარზე და მერე სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდა გატანას. როგორც ჩანს, “დინამო” სწორედ ასე ითამაშებს როტერდამში, “ფეიენოორდთან”. ისე ჩანს, რომ ჩვენს მომავალ მეტოქეს კონტრშეტევები ძალიან არ უყვარს და ეს ნათლად გამოაჩინა “სპარტასთან” შეხვედრამ.

28-ე წუთზე “დინამოს” მეორე გოლის გატანა მართებდა. სტანდარტული მათ კარგად გაითამაშეს. ლევან კუტალიამ ადგილზე ტექნიკს დემონსტრირება მოახდინა, მაგრამ ბულისკერიამ სასწაული რეაქცია გამოავლინა. გადმოვარდნილი ბურთი ვიქტორ მონხილმა მოიხელთა, მაგრამ კარში ვერ გადაგზავნა. მერე ისე ლევანს მართებდა გატანა. ლევან შენგელიას პასის შემდეგ კუტალიამ სისწრაფეში ჩამოიშორა მეურვე, მეკარეც დაიჭირა მოძრაობაზე, თუმცა ისევ ვერ შეაგდო.

“ლოკომ” ერთხელაც შეუტია ფხიანად. ძალიან აქტიურმა სამურკასოვმა ერთხელაც სცადა გატანა, თუმცა გიორგი ქიმაძემ მას დარტყმა დაუბლოკა. ამის შემდეგ გუნდებმა ორმხრივ იერიშებში განაგრძეს თამაში. მინდორზე ორი ძალიან ღირსეული და კარგად მომზადებული გუნდი თამაშობდა.

გოლების წვიმა დინამოსაგან

37 – ე წუთზე “დინამომ” მეორე გოლი შეაგდო. ნიკა ნინუას მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ კუტალია მცველებზე მაღლა ახტა და უმძლავრესი თავურით ულამაზესი გოლი გაიტანა – ლევანი მართლაც რომ შესანიშნავ ფორმაშია. 40-ე წუთზე “დინამომ” მესამე შეაგდო. ლევან შენგელიამ ძლიერად დაარტყა. ბულისკერიამ უხეიროდ მოიგერია ბურთი, ნოდარ ქავთარაძემ კი დამატებაზე იმარჯვა და – 0:3.

43-ე წუთზე მართლაც რომ დიდებულ ფორმაში მყოფმა ნინუამ კიდევ ერთი გოლი მიითვალა – ისევ ჯარიმიდან, ისევ შესანიშნავი დარტყმით. “დინამომ” უბრალოდ გააცამტვერა მეტოქე, რომელიც ცუდად სულაც არ თამაშობდა…

კარიკარიმ ერთხელაც დაამტკიცა!

მეორე ტაიმი “ლოკომოტივმა” ცვლილებით დაიწყო. საყრდენის, ლაშა გვალიას ნაცვლად მინდორზე შემტევი შოთა შეყილაძე გამოვიდა. “დინამომ” კი კიდევ ერთი ფორვარდი შეუშვა ბრძოლაში – განელი კვამე კარიკარი. “დინამომ” ანგარიშის მიხედვით დაიწყო თამაში და ეს სავსებით ბუნებრივი იყო. სულ რამდენიმე დღეში გუნდს რთული შეხვედრა ელის ჰოლანდიაში.

დასვენების საშუალება მიეცა ლევან შენგელიას, ვინც მცირე ტრავმაც მიიღო, მაგრამ ეს შეცვლა ამ ტრავმასთან კავშირში არ უნდა ყოფილიყო, რადგან იმ ეპიზოდის მერე ლევანმა თამაში გააგრძელა. 71-ე წუთზე ულამაზესი გოლი ვიხილეთ. აკაკი შულაიამ ძალიან შორიდან დაარტყა. ბურთი რიკოშეტის შემდეგ მოიჭრა და ძელთან კონტაქტის შემდეგ შევარდა “ლოკომოტივის” კარში. შემდეგ შეტევაში “ლოკოს” უნდა გაეტანა, მაგრამ “დინამო” ძელმა იხსნა.

მალევე ანგარიში 0:6 გახდა. ნინუამ კიდევ ერთხელ ითამაშა შესანიშნავად და საგოლე გადაცემით დააჯილდოვა კარიკარი. განელმა ერთხელაც დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის ფორვარდია. “დინამო” ამაზეც არ გაჩერდა. კუტალიამ უძლიერესი დარტყმით ხარიხას შეაზანზარა – რომ არა ის, გოლი გარდაუვალი ჩანდა.

ეს იყო და, თამაშიც მორჩა – “დინამომ” ექვსი უპასუხო გოლი შეაგდო და დიდი იმედი ჩაგვისახა, რომ ასევე წარმატებით ითამაშებს “ფეიენოორდთანაც”.

წყარო: lelo.ge

SHARE