ისტორიული მატჩი ქართული რაგბისთვის: გამოუშვით შოტლანდია! – ბორჯღალოსნებს მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს

709

საქართველოს ნაკრები, რომელიც იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის ემზადება, ხვალ, ეროვნულ სტადიონზე ისტორიულ მატჩს გამართავს.

„ბორჯღალოსნები“ პირველი დონის გუნდს, შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ასეთი მაღალი რანგის ნაკრები თბილისს ჩვენი რაგბის ისტორიაში პირველად ეწვია.

„საუთერნ კინგზთან“ თამაშის შემდეგ მილტონ ჰეიგმა ძირითად შემადგენლობაში 10 ცვლილება განახორციელა. ნაკრებს პირველად უკაპიტნებს შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც ახალგაზრდა გიორგი გოგიჩაშვილი შეცვალა.

პირველ ხაზში ნარიაშვილთან ერთად ორი ახალი მოთამაშე იწყებს – შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. ისინი წინა შეხვედრაში განაცხადშიც არ იყვნენ. სამაგიეროდ, თადარიგში ზუსტად ის პირველხაზელები არიან, რომლებიც სამხრეთაფრიკელებთანაც სათადარიგო სკამიდან ჩაერთენ მატჩში. ესენია: გიორგი ჭყოიძე, კარლენ ასიეშვილი და ლევან ჩილაჩავა.

შეიცვალა მეორე ხაზიც და ამჯერად თამაშს კოტე მიქაუტაძისა და შალვა სუთიაშვილის წყვილი იწყებს. ხოლო გიორგი ნემსაძემ და ლაშა ლომიძემ თადარიგში გადაინაცვლეს.

ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. გიორგი ცუცქირიძის ტრავმის შემდეგ, ფლანკერად გადაინაცვლა ოთარ გიორგაძემ. ხოლო შერკინების შემკვრელად ბექა გორგაძე იქნება. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ. განაცხადში არ არის გიორგი თხილაიშვილი.

სრულად შეიცვალა ღერძი. ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე იქნება. მგეზავად კი, თედო აბჟანდაძე ითამაშებს. თადარიგში გადაინაცვლა ლაშა ხმალაძემ, ხოლო ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაშში კვლავ გელა აფრასიძე ჩაერთვება.

ტრავმირებული შუამარბის, მერაბ შარიქაძის ნაცვლად თამაშს დავით კაჭარავა იწყებს, რომელიც „საუთერნ კინგზთან“ შეცვლაზე შევიდა. მას პარტნიორობას ზურაბ ძნელაძე გაუწევს. კაჭარავა 115-ე კეპს მოიხვეჭს და ამ მაჩვენებლით მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება.

გარემარბის პოზიციაზე გიორგი აფციაურის ნაცვლად, რომელმაც სამხრეთაფრიკელებთან ლელო მიითვალა, ალექსანდრე თოდუა ითამაშებს. მეორე ფრთაზე ისევ მირიან მოდებაძე შეუტევს. ფულბეკი კვლავ სოსო მათიაშვილი გახლავთ. ისევ თადარირგში იქნება უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე.

ამასობაში შოტლანდიის ნაკრებმა „ავჭალის სარაგბო სტადიონზე“ ივარჯიშა. სამწუხაროდ, გუნდს არ ჩამოჰყვა მსოფლიოს დონის ვარსკვლავი, ფულბეკი სტუარტ ჰოგი. სამაგიეროდ მწყობრში არიან ცხრა ნომერი გრეგ ლაიდლოუ და მგეზავი ფინ რასელი. ვარჯიშის შემდეგ „სკოტების“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა პრესკონფერენცია გამართა:

„მოხარული ვართ რომ საქართველოში ვიმყოფებით. ქართული რაგბის ქომაგებისთვის ეს ისტორიული მატჩია. აღფრთოვანებულნი ვართ აქაურობით. ვიცით, რომ დიდ და ძალიან კარგ სტადიონზე მოგვიწევს თამაში. საქათველოს ნაკრები მზარდი, ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელსაც ძალიან ძლიერი მწვრთნელთა შტაბი ხელმძღვანელობს…

საქართველოს ნაკრების თამაში „საუთერნ კინგზთან“ პირდაპირ ეთერში ვნახეთ. გამოჩნდა, რომ გუნდი მაშინ ათამაშდა ძლიერად, როცა დასჭირდა. ვფიქრობ, მას კიდევ უფრო უკეთ შეუძლია თამაში…

სტუარტ ჰოგმა ზედიზედ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და გადავწყვიტეთ, რომ უნდა დაისვენოს. მის ნაცვლად ბლერ კინგჰორნი ითამაშებს, რომელსაც წლეულს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში. ვიფიქრეთ, შანსი მისთვისაც მიგვეცა…

2011 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოსთან თამაში კარგად მახსოვს. მაშინ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ვიყავი. წვიმიანი ამიდნი იდგა. თუმცა, მატჩი ძალიან კარგი გამოდგა. მაშინ ერთადერთხელ მოხდა, შოტლანდიის ნაკრები ჯგუფიდან რომ ვერ გავიდა. ახლაც ძლიერ ჯგუფში ვართ. ირლანდია რა დონის გუნდია კარგად იცით. იაპონია მასპინძელი და ბოლო ხანს მოღონიერებულო ნაკრებია. სამოაც არ არის ხელწამოსაკრავი და რუსეთი. ყველანაირად ვეცდებით ჯგუფიდან გავიდეთ…

როცა შოტლანდიის ნაკრებში ვთამაშობდი ხუთი ერი იყო. ძალიან კარგი ტურნირი გამოვიდა. მერე ექვსი ერი გახდა და ესეც შესანიშნავი შეჯიბრებაა. რატომაც არა, მივესალმები თუ საქართველო დაემატება მომავალში და შვიდი ერი გახდება. ვფიქრობ, ისიც კარგი ტურნირი იქნება…“
შეგახსენებთ, რომ მატჩი ეროვნულ სტადიონზე 20 საათზე დაიწყება.

საქართველო – შოტლანდია

საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. დავით კაჭარავა, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. შალვა სუთიაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 18. გიორგი ნემსაძე, 19. ლაშა ლომიძე, 20. გელა აფრასიძე, 21. ლაშა ხმალაძე, 22. თამაზ მჭედლიძე

შოტლანდია: 15. ბლერ კინგჰორნი, 14. დარსი გრემი, 13. რორი ჰატჩინსონი, 12. სემ ჯონსონი, 11. შონ მითლენდი, 10. ფინ რასელი, 9. გრეგ ლაიდლოუ 1. ალან დილი, 2. სტუარტ მაკინლი, 3. ვილემ ნილი, 4. ბენ თულისი, 5. გრანტ გილჩრისტი, 6. ჯონ ბარკლი, 7. ჰემიშ ვოტსონი, 8. მეთ ფაგერსონი
16. გრანტ სტიუარტი, 17. ჯიმი ბატლი, 18. ზანდერ ფაგერსონი, 19. სკოტ კამინგსი, 20. ჯოშ სტრაუსი, 21. ალი პრაისი, 22. ადამ ჰასტინგსი, 23. ჰიუ ჯონსი
მსაჯი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)

ტესტები

31 აგვისტო
საქართველო-შოტლანდია

6 სექტემბერი 
შოტლანდია-საქართველო

მსოფლიოს თასი 

23 სექტემბერი
საქართველო-უელსი

29 სექტემბერი 
საქართველო-ურუგვაი

3 ოქტომბერი
საქართველო-ფიჯი

11 ოქტომბერი 
საქართველო-ავსტრალია

წყარო: lelo.ge

SHARE