გაიცანით ქართველი ბიჭი, რომელმაც „ბორჯღალოსნების“ საქომაგოდ მთელი ევროპა ველოსიპედით გაიარა

500
თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა სანდრო დათიშვილმა 113 დღე ველოსიპედით იარა, რათა საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის შოტლანდიაში ექომაგა.

 

სანდრო ევროპულ მოგზაურობასთან დაკავშირებით hrhub.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს.

 

“რაგბის დიდი ხანია ვქომაგობ და მეორე მნიშვნელოვანი მოტივატორი უკვე ამ თამაშის დაანონსება იყო. ამან თეორიის პრაქტიკაში განხორციელება გადამაწყვეტინა და ვთქვი, მეორე ასეთი შანსი აღარ იქნება მოგზაურობის ტრიუმფალურად დასასრულებლად, უნდა ჩავიდე-მეთქი!

 

მოგზაურობის მიზანია უშუალო შეხება მქონდეს სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან და ხალხთან, მოვძებნო საინტერესო ადგილები, თავგადასავლები, გავაცნო ჩვენი კულტურა და ქვეყანა სხვებს. მივცე მაგალითი ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, რომ რასაც ოცნებას ეძახიან, მიზნად აქციონ და მიაღწიონ. მინდა ნაკლები მანქანა და მეტი ველოსიპედი.

მინდოდა, ჩემი ნაკრებისთვის შოტლანდიაში მეგულშემატკივრა და ტრიბუნებიდან საქართველოს დროშას გაემხნევებინა მოთამაშეები. სხვა დანარჩენი პირადი მიზეზები და შინაგანი მოთხოვნილებები იყო”, – ამბობს სანდრო.

 

ქართველმა ახალგაზრდამ  მოგზაურობა 21 ივნისს დაიწყო და თურქეთი, ბულგარეთი, სერბეთი, უნგრეთი, ავსტრია, გერმანია, ლუქსემბურგი, ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი და შოტლანდია ველოსიპედით გადალახა, რათა ქალაქ ედინბურგში ჩასულიყო.

 

ედინბურგში კი დღეს, 6 სექტემბერს, შოტლანდიის ეროვნული გუნდი საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგვთავაზებს.
წყარო: sportall.ge
SHARE