მისი უდიდებულესობა დიეგო…

615
MEXICO CITY, MEXICO - JUNE 29: Diego Maradona of Argentina holds the World Cup trophy after defeating West Germany 3-2 during the 1986 FIFA World Cup Final match at the Azteca Stadium on June 29, 1986 in Mexico City, Mexico. (Photo by Archivo El Grafico/Getty Images)

ვინ არის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ნომერი პირველი მოთამაშე? ამის თაობაზე კამათი არ წყდება და სანამ ფეხბურთი იარსებებს, არც შეწყდება. იმიტომ, რომ ფეხბურთს ძალიან უხდება კამათი…

ფეხბურთის მეფედ პელეა აღიარებული, მაგრამ ბევრს სჯერა, რომ ნომერი პირველი არის დიეგო მარადონა. ეს წერილიც სწორედ დიდი დიეგოს მიერ განვლილ საფეხბურთო გზას ეხება…

სათავეებთან 
ჩვენი გმირი 1960 წლის 30 ოქტომბერს, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის პროვინცია ლანუსში დაიბადა. გაიზარდა ღარიბ ოჯახში, რომელიც ჯერ კიდევ მის დაბადებამდე კორიენტესის პროვინციიდან ჩავიდა უფრო დიდ ქალაქში. დიეგო ოჯახში მეოთხე შვილი და პირველი ვაჟი გახლდათ. მას ჰყავს ორი უმცროსი ძმა – უგო და რაული, რომლებიც მისებრ პროფესიონალი ფეხბურთელები იყვნენ, თუმცა თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინეს…

მშობლებზეც ვთქვათ – დიეგო მარადონა და დალმა სალვადორა ფრანკო. ისინი კორიენტესის პროვინციის ქალაქ ესკინაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. 1950 წელს მათ ესკინა დატოვეს და ბუენოს აირესში გადაბარგდნენ.

მარადონა 8 წლისა აღმოაჩინა საბავშვო გუნდის მწვრთნელმა. მაშინ დიეგო მშობლიური უბნის გუნდ “ესტრელა როხაში” თამაშობდა. მალე დიეგო “ლოს სებოლიტასში” ჩაირიცხა – “არხენტინოს ხუნიორსის” ბავშვთა გუნდში. 12 წლის იყო, როცა პირველი აპლოდისმენტები დასტყუა გულშემატკივარს…

1976 წლის 20 ოქტომბერს, მაშინ, როცა ჯერ 16 წლისაც არ იყო, მარადონამ “არხენტინოს ხუნიორსთან” პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. ამ კლუბში ის 1976-1981 წლებში გამოდიოდა და 167 შეხვედრაში 115 გოლი გაიტანა. 1981 წელს მილიონი ევროს ეკვივალენტ თანხად გადავიდა “ბოკა ხუნიორსში”, სადაც მარადონას ყოველთვის სურდა თამაში – პირველივე წელს ის არგენტინის ჩემპიონი გახდა.

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ივნისში, მარადონა “ბარსელონაში” აღმოჩნდა 5 მილიონ ევროდ, რაც მაშინ მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი იყო. 1983 წელს მოიგო ესპანეთის თასი და სუპერთასი. ესპანეთში გატარებული 2 სეზონის განმავლობაში, რომლის ნაწილი ტრავმების გამო გააცდინა, მარადონამ 58 თამაში ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა.

დიეგოს არ აეწყო ურთიერთობა კლუბის ხელმძღვანელობასთან, განსაკუთრებით – დირექტორთან ხოსეპ ლუის ნუნიესთან. საბოლოოდ, 1984 წელს, არგენტინელმა კლუბიდან გაშვება მოითხოვა. იტალიურმა “ნაპოლიმ” მარადონა 6.9 მილიონად შეიძინა და ამით ახალი სატრანსფერო რეკორდი დამყარდა.

ეპოქა ნეაპოლში 
1984 წლის ივლისში მარადონა ოფიციალურად გახდა “ნაპოლის” ფეხბურთელი. პრეზენტაციაზე, რომელიც “სან პაოლოს” სტადიონზე გაიმართა, 75 000 გულშემატკივარი მივიდა.

მალევე მარადონა “ნაპოლის” გულშემატკივრების კერპად იქცა. ამ გუნდთან ერთად 2-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ასევე, იტალიის თასი, უეფას თასი და იტალიის სუპერთასი. გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

1992 წელს, მას შემდეგ, რაც კოკაინის მიღება დაუმტკიცდა და 15-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, მარადონამ “ნაპოლი” დატოვა. მის მიმართ ინტერესს “რეალი” და “მარსელი” იჩენდნენ, თუმცა… დიეგომ “სევილია” აირჩია. აქ მან ერთი წელი დაყო, შემდეგ კი “ნიუელს ოლდ ბოიზში” გადავიდა. 1995 წელს მარადონა “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნდა და 2 წლის შემდეგ პენსიაზეც გავიდა.

ღმერთის ხელი და  ერთი კაცის მიერ  მოგებული მუნდიალი
არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. მისი სანაკრებო დებიუტი 1977 წლის 27 თებერვალს, 16 წლის ასაკში, უნგრეთის წინააღმდეგ შედგა. 1979 წელს, როცა დიეგო 18 წლის იყო, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში.

ფინალში მისმა გუნდმა საბჭოთა თანატოლები 3:1 დაამარცხა და არგენტინა ჩემპიონი, მარადონა კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
1979 წლის 2 ივნისს, დიეგომ გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” შოტლანდიის წინააღმდეგ (3:1) არგენტინის ეროვნული გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა – ამით დაიწყო დიდი ეპოქა…

1982
პირველი ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი, ბელგიის წინააღმდეგ, ქალაქ ბარსელონაში გაიმართა, რომლის უმთავრეს გუნდს ახალი ნაყიდი ჰყავდა მარადონა.

მარადონამ გულშემატკივრის მოლოდინის გამართლება ვერ შეძლო – სამხრეთამერიკელებმა ევროპელებთან 0:1 წააგეს. დარჩენილი შეხვედრები, უნგრეთთან და სალვადორთან, დიეგოს გუნდმა მოიგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. აქ არგენტინამ იტალიასა და ბრაზილიასთან მატჩები დათმო და ტურნირს დაემშვიდობა.

იტალიასთან მატჩი აღსანიშნავი იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში კლაუდიო ჯენტილეს მიერ მარადონას წინააღმდეგ უხეში თამაშით – ეს ეპიზოდები სამუდამოდ შემორჩა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას…

მარადონამ ხუთივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა და 2 გოლი გაუტანა უნგრეთს. მეტოქე გუნდების ფეხბურთელები განსაკუთრებით უხეშობდნენ მის წინააღმდეგ, ხოლო ბრაზილიასთან მატჩში უხეშობისთვის თავად გააძევეს.

1986
მექსიკაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონა უკვე გუნდის კაპიტანი იყო. მან “ალბისელესტეს” ყველა თამაში შეუცვლელად ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.

ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში არგენტინელებმა სამხრეთ კორეა 3:1 დაამარცხეს, სამივე საგოლე გადაცემა მარადონას ეკუთვნოდა. პირველი გოლი დიეგომ მეორე ტურში, იტალიის წინააღმდეგ (1:1) გაიტანა. ბოლო ტურში არგენტინამ ბულგარეთთან 2:0 გაიმარჯვა და პლეი ოფში პირველი ადგილით გავიდა.

მერვედფინალში არგენტინამ ურუგვაი 1:0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ ეტაპზე ინგლისს დაუპირისპირდა, რაც მარადონას საფეხბურთო ბიოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და… სკანდალური მატჩი გამოდგა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში დიეგომ გახსნა 51-ე წუთზე. მხოლოდ ტელეგამეორებისას გამოჩნდა, რომ მან გოლი… ხელით გაიტანა. ინგლისელი ფეხბურთელების პროტესტის მიუხედავად, ტუნისელმა არბიტრმა ალი ბინ ნასერმა გოლი ჩათვალა…

2005 წელს მარადონამ აღიარა, რომ ბურთს ხელი განზრახ მოარტყა. ეს გოლი ფეხბურთის ისტორიაში “ღმერთის ხელის” სახელით შევიდა. 4 წუთის შემდეგ მარადონამ ინგლისს მეორე გოლი გაუტანა – პარტნიორისგან ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, შემობრუნდა და დაიწყო დრიბლინგი, გზად 5 მეტოქე ჩამოიშორა, მათ შორის მეკარე პიტერ შილტონიც, და ბურთი ცარიელ კარში შეაგდო.

2002 წელს, ფიფას მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ეს გოლი “საუკუნის გოლად” აღიარეს…

ნახევარფინალში არგენტინა ბელგიას შეხვდა და 2:0 დაამარცხა. აქაც ორივე გოლი მარადონას ანგარიშზეა. ფინალში, “ალბისელესტე” დასავლეთ გერმანიას დაუპირისპირდა. მეტოქემ დიეგოს ორმაგი მეურვეობა მიუჩინა. მიუხედავად ამისა, მან შეძლო და საგოლე გადაცემა გაუკეთა ხორხე ბურუჩაგას, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა – მატჩი, რომელიც არგენტინამ 3:2 მოიგო, მეხიკოს ლეგენდარულ “აცტეკაზე” ჩატარდა და 115 000 მაყურებელი დაესწრო.

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მარადონა კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბევრი მიიჩნევდა, რომ მან ჩემპიონობა მარტომ მოიგო. ამაში იყო ჭეშმარიტების მარცვალი…

1990
მარადონა იტალიის 1990 წლის მუნდიალზეც გუნდის კაპიტანი იყო. თუმცა კოჭის ტრავმამ მთელ მის გამოსვლაზე იქონია გავლენა და ნაკლებად ეფექტური იყო, ვიდრე ოთხი წლით ადრე. არგენტინამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და გაჭირვებით გავიდა პლეი ოფში.

მერვედფინალში, ბრაზილიასთან მატჩში, დიეგოს გარღვევისა და პასის შემდეგ კლაუდიო კანიჯამ ერთადერთი გოლი გაიტანა და კარლოს ბილარდოს გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იუგოსლავიის ძალიან ძლიერ გუნდს დაუპირისპირდა.

ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, რომელიც 0:0 დასრულდა, 11-მეტრიანებში არგენტინამ იმარჯვა. მარადონამ თავისი წილი პენალტის რეალიზება ვერ შეძლო.

ნახევარფინალში, მასპინძელ იტალიასთან, ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანებში კი კვლავ სამხრეთამერიკელებმა იმარჯვეს. ამჯერად, მარადონამ თავისი გასატანი პენალტი გაიტანა.

წინა ჩემპიონატის მსგავსად, ფინალში არგენტინა კვლავ დასავლეთ გერმანიის ნაკრებს შეხვდა. დიეგოს და მისმა მეგობრებმა 0:1 წააგეს. ერთადერთი გოლი ანდრეას ბრემემ საკამათო 11-მეტრიანით გაიტანა.

1994 
აშშ-ში ჩატარებულ ჩემპიონატზე მარადონამ მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა, საბერძნეთთან პირველ ტურში გოლიც გაიტანა. ნიგერიასთან მატჩის შემდეგ კი ეფედრინის (აკრძალული პრეპარატი) მიღება დაუმტკიცდა და მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთეს…

ლიდერის გარეშე დარჩენილი არგენტინა ჯგუფიდან გავიდა, თუმცა პლეი ოფის პირველივე მატჩი რუმინეთთან დათმო და ტურნირს დაემშვიდობა…

წყარო: lelo.ge

SHARE