23 ოქტომბერს ქუთაისის “ტორპედო” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფიონალში ითამაშებს – კახა ჩხეტიანის გუნდი თბილისში, “მიხეილ მესხზე”, მოქმედ ჩემპიონ “საბურთალოს” დაუპირისპირდება.
მაგრამ საეჭვოა, ამ შეხვედრაში რეალური სათასო დაპირისპირება ვიხილოთ. საქმე ისაა, რომ ქუთაისელები კვლავ ვერ ათამაშებენ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს.
“ტორპედო”, 19 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის XXXI ტურში, იმავე “საბურთალოსთან” მატჩის (0:2) წინაც ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგა, რადგან ქუთაისელთა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დავალიანების გასტუმრებამდე ვარჯიშსა და თამაშზე უარს აცხადებენ.
ტური რომ არ ჩაეგდოთ, “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე თბილისელებს ლამის სანახევროდ სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდი დაუპირისპირა და, როგორც ჩანს, ასე იქნება ამჯერადაც.
წყარო: lelo.ge