შვეიცარიული გამოცემა ოთარ კაკაბაძეზე: „ლუცერნის“ კაკა თავს შესანიშნავად გრძნობს

311
შვეიცარიული გამოცემა Luzerner Zeitung-ი სტატიას აქვეყნებს ქართველი მცველის, ოთარ კაკაბაძის შესახებ, რომელიც შვეიცარიის უმაღლესი ლიგის წევრ “ლუცერნის” ღირსებას იცავს.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ კაკაბაძემ ძალიან კარგად ითამაშა “სიონთან” მოგებულ (3:1) შეხვედრაში და მეტოქის შემტევებისთვის ბევრი შანსი არ მიუცია.

 

“პირველ ტაიმში 0:1-ს ვაგებდით, თუმცა ანგარიში მატჩის მიმდინარეობას არ ასახავდა. პირველ ნახევარშიც უკეთესები ვიყავით, თუმცა მეორე ტაიმში უპირატესობა გოლებშიც გამოჩნდა”, – თქვა ოთარმა.

 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ კაკაბაძე თამაშის შემდეგ საუბრისას ისე მოიქცა, როგორც მოედანზე მოქმედებს. ოთარი ინგლისურად კარგად საუბრობს და საკუთარ დამოკიდებულებებზეც თავისუფლად ლაპარაკობს. მოედანზე კაკაბაძე საშუალოზე მაღალი ტალანტის მქონე ტექნიკური პროფესიონალია და მრავალმხრივი სათამაშო უნარების გამო ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში. სხვათა შორის, შეტევაში ის ძალიან კარგად გამოიყურება, თუმცა მეტსახელი “კაკა” “მილანის” ბრაზილიელი ვარსკვლავის გამო არ აქვს, ეს მხოლოდ მისი გვარის შემოკლებული ვერსიაა.

 

ქართველი მცველი ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, რისი მიზეზიც ის არის, რომ უჭირს ფიზიკურ დუელებში და დაცვითი ფუნქციების შესრულებისას დისციპლინა აკლია. სწორედ ამის გამო კაკაბაძეს არ უწევდა თამაში და ძირითადი მარჯვენა მცველი შვეიცარიული ლიგის მოედნის უხუცესი მოთამაშე კრისტიან შვეგლერი იყო. თუმცა, ახლა შვეგლერი ტრავმირებულია და დიდი ხანი მოედანს ვერ დაუბრუნდება.

 

კაკაბაძემ ტრავმების გამო “ლუცერნის” შემადგენლობაში მხოლოდ 26 შეხვედრა ჩაატარა. ცოტა ხნის წინ გაიტანა პირველი გოლი “ვოლენის” წინააღმდეგ და პირველ ასისტთანაც ახლოს იყო “სიონთან” მატჩში, თუმცა ეტეკეს დარტყმა ძელს მოხვდა.

 

“ახლა გოლების გატანა მინდა “ქსამაქსის” წინააღმდეგ, მომავალ შეხვედრაში. “ლუცერნზე” მხოლოდ დადებითი რამის თქმა შემიძლია, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. სახლიდან სავარჯიშოდ ფეხით შემიძლია მისვლა.

 

მოუთმენლად ველოდები სენტ გალენში შვეიცარიის წინააღმდეგ თამაშს. მართალია, ამ თამაშს ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი ბილეთის მოცემა არ შეუძლია, თუმცა საქმე სამშობლოს ღირსებას ეხება”, – აღნიშნა ოთარმა ინტერვიუს ბოლოს.
წყარო:sportall.ge
SHARE