ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა… მეუღლის ემოციური სიტყვები

365

ძალიან სასიხარულო ამბავია! – თბილისი “ლოკომოტივის” ფეხბურთელმა, ნიჭიერმა თავდამსხმელმა მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა და მალე მოედანს დაუბრუნდება! ამის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ფეხბურთელის მეუღლემ, ანუნა იაშვილმა:

“დღეს საუკეთესო დღეა ჩემსა და მამიას ცხოვრებაში! ერთწლიანი რთული პერიოდი დამარცხებულია! მამია სრულიად გამოჯანმრთელებულია და სულ მალე ვარჯიშზე შეუერთდება გუნდს. ამ სიხარულისთვის კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბ თბილისის “ლოკომოტივს” – თქვენი თანადგომის გარეშე ვერაფერს მივაღწევდით! საუკეთესო თანამშრომლებითა და ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ყოველთვის და ყველგან ჩვენს გვერდით იდგა! მჯერა, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევთ! აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, ეროვნული ლიგის გუნდებსა და მოთამაშებს! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთი საუკეთესო სპორტი და საუკეთესო ადამიანების სპორტია”, – წერს ანუნა იაშვილი.

შეგახსნებეთ, რომ მამია გავაშელიშვილი “ლოკომოტივის” ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ეროვნულ ლიგა 2-ში გატანილი გოლებით რეკორდსმენია. 2014-15 წლების სეზონში (პლეი აუტების ჩათვლით) მან 47 გოლი გაიტანა! 24 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონისთვის მზადება “ლოკომოტივთან” დაიწყო, მაგრამ იანვარში მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და მას შემდეგ თურქეთში მკურნალობდა…

მამიას თურქეთში დავუკავშირდით და მოკლე კომენტარი ვთხოვეთ: “ჯერ ისევ თურქეთში ვარ. თბილისში უახლოეს დღეებში ვიქნები, ახლა ვრცლად ვერ დაგელაპრაკებით. მაგრამ მოკლედ შემიძლია გითხრათ – ყველაფერმა ჩაიარა, მორჩა! – ღმერთი მოწყალეა და ძალიან გამიმართლა. რომ ჩამოვალ, რეაბილიტაციას დავიწყებ და ახალ სეზონში უკვე ვითამაშებ”, – გვითხრა მამია გავაშელიშვილმა.

წყარო: lelo.ge

SHARE