მადლობა! მადლობა! მადლობა!

308
ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს თასის ნახევარფინალურ მატჩში “საბურთალოს” ძირითადი შემადგენლობით დაუპირისპირდება, – ეს ინფორმაცია გუნდის გულშემატკივართა კლუბმა “ჩვენ ვართ ტორპედომ” თავისი “ფეისბუქის” გვერდით გაავრცელა.
“მადლობა! მადლობა! მადლობა!!!

ხვალ “ტორპედოს” თბილისში უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს “საბურთალოსთან”. ხვალ თასის ნახევარფინალია!

“ტორპედოს” ფეხბურთელების მოთხოვნის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ფეხბურთელებმა არ ითამაშეს ჩემპიონატის მატჩში და მოედანზე გასვლას არ აპირებდნენ მანამ, სანამ დავალიანება არ იქნება გასტუმრებული.

სრულად ვიზიარებთ ფეხბურთელთა პოზიციას. გვესმის, რომ რთულია ფეხბურთზე იფიქრო, როცა მოედანს იქით მილიონი პრობლემაა… ამიტომ ამ საკითხში ტორპედოელებს გვერდით დავუდექით!

თუმცა ხვალ სეზონის მატჩია. ხვალინდელმა დღემ, შესაძლოა, კლუბის მომავალი რადიკალურად შეცვალოს. ამიტომ ფანები შევხვდით ფეხბურთელებს, ვისაუბრეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ კლუბს ჩვენ მეტი პატრონი არ ჰყავს… ისევ ჩვენი, ფანების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გადასარჩენია გუნდი.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კლუბში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, ფეხბურთელებმა მაინც გაითვალისწინეს ფანების თხოვნა და ხვალ, სეზონის მნიშვნელოვან მატჩში მოედანზე სათამაშოდ მთავარი გუნდი გავა.

“ტორპედოს” ვერ დაეხმარება როინ კვასხვაძე, რომელმაც ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

რაც უნდა მოხდეს ხვალ, როგორც უნდა დასრულდეს შეხვედრა, ნებისმიერ შემთხვევაში ფეხბურთელებს ჩვენგან მადლობა ეკუთვნით. მთელი სეზონია ბიჭები ამდენი პრობლემის ფონზე გულშემატკივრის თხოვნებს ითვალისწინებენ და ჩვენთვის მაქსიმუმს აკეთებენ. ზუსტად ვიცით, ადრე თუ გვიან თითოეულ მათგანს დაუფასდება ეს ყველაფერი.

მანამდე კი, ხვალ სეზონის მატჩია და ყველა უნდა წავიდეთ თბილისში. ბიჭებს ისე უნდა დავუდგეთ გვერდით, როგორც ისინი უდგანან კლუბს!”, – წერს “ჩვენ ვართ ტორპედო”.

წყარო: sportall.ge
SHARE