ერთ-ერთმა სარაგბო გვერდმა ბორჯღალოსნების შესაძლო მწვრთნელის ვინაობა დაასახელა

511

ერთ-ერთი სარაგბო გვერდი (Tier 2 Rugby) ბორჯღალოსნების შესაძლო მწვრთნელად ვერნ კოტერს ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვერნ კოტერი ტოპ-14-ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “მონპელიეს” დატოვებს.

“ვერნ კოტერი სეზონის დასრულების შემდეგ, “მონპელიეს” დატოვებს. დიდი ალბათობით არაერთ საინტერესო წინადადებას მიიღებს მაგრამ კარგი იქნება თუ საქართველოს რაგბის კავშირი ყველა ღონეს იხმარს მის დასათანხმებლად. განსაკუთრებით იმ ფონზე თუ გავითვალისწინებთ, რომ კოტერს მილტონ ჰეიგთან და “მონპელიეში” მოთამაშე ქართველ მორაგბეებთან აქვს კავშირი.”

ასევე გასათვალისწინებელია, რომ “მონპელიეს” მფლობელი მოჰედ ალტრადი ქართული რაგბის დიდი გულშემატკივარია.

“მონპელიეს” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებამდე, ვერნ კოტერი შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრებს წვრთნიდა (2014/17). სწორედ კოტერის დიდი დამსახურებით, 2015 წლის მსოფლიო თასზე სკოტებმა ჯგუფური ეტაპი დაძლიეს და 1/4-ფინალში ავსტრალიას დაუპირისპირდნენ. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე დადებული ლელოს წყალობით, შოტლანდია ავსტრალიასთან 34:32 დაწინაურდა – თუმცა უკანასკნელ წუთზე საკამათო და საეჭვო ვითარებაში სკოტების წინააღმდეგ ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ფოლიმ ზუსტად შეასრულა და შეხვედრა ავსტრალიის გამარჯვებით, ანგარიშით 35:34 დასრულდა.

წყარო: live.ge

SHARE