რა დაგვანახა მსოფლიო თასმა

429
Fiji's players line up prior to the Japan 2019 Rugby World Cup Pool D match between Georgia and Fiji at the Hanazono Rugby Stadium in Higashiosaka on October 3, 2019. (Photo by Filippo MONTEFORTE / AFP) (Photo by FILIPPO MONTEFORTE/AFP via Getty Images)

ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბე და შემდგომში მწვრთნელი ბრაიან ლოჰორი იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა…

ლოჰორის თავკაცობით „ოლ ბლექსმა“ პირველი მსოფლიოს თასის გათამაშება მოიგო, რომელიც 1987 წელს ახალ ზელანდიაში გაიმართა…

*  *  *

საქართველოს ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიოს თასის მიმდინარეობისას ახალი ზელანდიის პატარა ქალაქ მასტერტონში რვა დღე გაატარა. სწორედ ამ ქალაქის მკვიდრი იყო ბრაიან ლოჰორი.

ჩვენი ნაცნობობაც მაშინ შედგა. მასტერტონის მერიაში ჩვენი გუნდს საზეიმო მიღებისას ბრაიანმა თავის მისასალმებელ სიტყვაში თქვა: მსოფლიოში სამი ჭეშმარიტად სარაგბო ერია – ახალი ზელანდია, უელსი და საქართველო. მერე იქვე განმარტა – ამ ქვეყნების მოსახლეობა თითქმის ერთნაირია. ასეთ მცირერიცხოვან ერებს, ასეთი კარგი რაგბის ნაკრებები რომ ჰყავს, განა საოცარი არ არის?

ახალ ზელანდიაში და უელსში, რომელთა მოსახლეობაც მართლაც დაახლოებით 4-4 მილიონია, რაგბი სპორტის ნომერ პირველი სახეობაა და ამაზე არავინ დავობს. საქართველოში კი, ეს საკითხი ღიაა. არის კი რაგბი ჩვენს ქვეყანაში სპორტის ნომერ პირველი სახეობა?

როგორც ერთ ქართველს ვერ ნახავთ, ვისაც თუნდაც ერთხელ პირჯვარი არ გადაუწერია, ისე ძნელია ნახო თუნდაც ერთი უელსელი ან ახალზელანდიელი, რომელსაც რაგბი არ უთამაშია. ეს სპორტი იქ რელიგიაა. ხშირად ისმის კითხვა, რა უნდა ვქნათ, როგორ განვვითარდეთ, რა გზას უნდა დავადგეთ, რომ ბობოლებს ტოლ-სწორად ვეთამაშოთ. პასუხი თითქოს მარტივია, თუმცა მისაღწევად არცთუ ისე იოლი – არ უნდა არსებობდეს ქართველი, რომელსაც რაგბი თუნდაც ერთხელ არ უთამაშია.

როგორც უკვე ვთქვით, ეს არცთუ იოლად მისაღწევია. საამისოდ უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი და რაც ყველაზე მთავარია, საჭიროა ქართული რაგბის თემი უფრო გახსნილი გახდეს. შედეგად, რაგბი ჭეშმარიტად სახალხო თამაში გახდება. ის არც ახლაა ვინმეს საკუთრება. რაგბი ხალხისაა. აკი სლოგანიც მოვიფიქრეთ – რაგბი ჩვენი თამაშია.

ამიტომ, პირველი, რაც ძალზედ უცნაურად გვეჩვენა და უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, საქართველოს ნაკრების მზადების პერიოდში „შევარდენის სანაკრებო ბაზაზე“ შექმნილი ვითარება იყო. იქ მისულთ დაცვა დაგვხვდა, რომელიც გუნდთან ახლოს არ გვაკარებდა. ნაკრების პირველი ღია ვარჯიში კი სულაც აგვისტოს შუა რიცხვებში გაიმართა.

მსგავსი რამ, არცერთი მსოფლიოს თასის წინ არ მომხდარა. პირიქით, ქომაგები ნაკრების ვარჯიშს ხშირად ესწრებოდნენ. თითქმის სავსე ტრიბუნები აპლოდისმენტებსაც არ იშურებდნენ, თუ ვარჯიშისას გუნდს რამე კარგად გამოუვიდოდა. ეს მოთამაშეებს კიდევ უფრო ამხნევებდა, მეტ მოტივაციას აძლევდა. ანუ კავშირი გუნდსა და ქომაგებს შორის უშუალო და ხშირი იყო. ამას გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგზე და, მით უფრო, თამაშის ხარისხზე ცუდი გავლენა არასდროს მოუხდენია.

მაშ, რა საჭირო იყო ახლა ასეთი გასაიდუმლოება და ნაკრების ხალხისგან მოწყვეტა და იზოლირება? რას ან ვის ვუმალავდით რამეს? როგორც გამოჩნდა, დასამალი არც არაფერი გვქონია.

*  *   *

იმთავითვე უნდა ითქვას, რომ იაპონიის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრები ურთულეს ჯგუფში მოხვდა.

ავსტრალია – ერთ-ერთი ბობოლა სარაგბო ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელია. რომ არა მათი ლიდერისა და ყველა არსებული რეკორდის მფლობელის იზრაელ ფოლაუს უაზროდ მოკვეთა რაგბიდან, კაცმა არ იცის, ახლა საუკეთესო ოთხეული როგორი იქნებოდა.

უელსი – „6 ერის“ წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული. არ დაგავიწყდეთ, რომ „წითელმა ურჩხულებმა“ სლემი შეასრულეს. ანუ „6 ერი“ ისე მოიგეს, ყველა მეტოქე დაამარცხეს. ახლა კი ნახევარფინალში არიან და დიდი შანსია, ისტორიაში პირველად ფინალშიც გააღწიონ.

ფიჯი – არ არსებობს მსოფლიოში თუნდაც ერთი ბობოლა სარაგბო ქვეყანა, რომლის ნაკრების შემადგენლობაში, თუნდაც ერთი ფიჯელი არ თამაშობდეს. ეს, ცხადია, ზოგადად ცალკე პრობლემაა, რომელსაც ასევე ცალკე წერილს მივუძღვნით. მერე, ფიჯის დღევანდელი ნაკრები საუკეთესოა ამ ქვეყნის რაგბის ისტორიაში. ასეთი ძლიერი გუნდი ფიჯის არასდროს ჰყოლია.

და ურუგვაი, რომელიც მეორე დონის ქვეყანათა შორისაა და მასთან პრობლემა არ უნდა გვქონოდა და არც გვქონია.

ერთი საგულისხმო დეტალი – 2015 წლის მსოფლიოს თასზე, რომელიც ინგლისში გაიმართა, მასპინძელთა ნაკრები, რომელსაც მსოფლიოს თასის მფლობელობას წინასწარ ულოცავდნენ, სწორედ ამ ჯგუფში ჩარჩა. ინგლისის ნაკრების მეტოქეები მაშინ ჯგუფურ ეტაპზე სწორედ ეს გუნდები იყვნენ და ინგლისელები, ისტორიაში პირველად, თანაც საკუთარ კედლებში, ჯგუფიდან ვერ გავიდნენ.

ისე მოხდა, რომ ინგლისის ნაცვლად ამ ოთხეულთან რკენამ ახლა „ბორჯღალოსნებს“ მოუწიათ. ამასთან, არც ის დაგავიწყდეთ, რომ ამჟამინდელი ფიჯის ნაკრები მაშინდელზე ბევრად ძლიერია.

რა შანსი გვქონდა ამ მეტოქეებთან ასპარეზობისას? მილტონ ჰეიგი ამბობდა, რომ ჩვენი ნაკრები 25 პროცენტით უკეთაა მომზადებული, ვიდრე 2015 წლის მსოფლიოს თასზე. ამიტომ, ყველა იმედიანად ვიყავით.

ურუგვაიზე უკვე ვთქვით. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ  მსოფლიოს თასზე ერთ-ერთი ხმაურიანი სენსაცია სწორედ მათ „გამოაცხვეს“. მოხდა ის, რისი იმედიც ჩვენ ფიჯის ნაკრებთან მატჩისას გვქონდა.

ცნობილია კუნძულელების ფსიქოლოგია – არის მატჩები, რომელთაც ისინი ზერელედ ეკიდებიან. შეუძლიათ ძალიან ძლიერ მეტოქეს ბრძოლა გაუმართონ და მოუგონ კიდეც. მერე კი, სუსტთან დამარცხდნენ. ერთი სიტყვით, ფიჯელებმა სწორედ ურუგვაისთან „წაუძინეს“ და წააგეს.

მომდევნო თამაში კი, საქართველოს ნაკრებთან ჰქონდათ. ურუგვაისთან ფიჯის მარცხი ჩვენი ნაკრების მწვრთნელს მილტონ ჰეიგს უხაროდა. ვკითხე კიდეც – კარგია, რომ ფიჯიმ ურუგვაისთან წააგო-მეთქი? აბა, რაო – მიპასუხა და ფიჯელები ინგლისურად „მოიკითხა“.

მიკვირდა მისი ასეთი დამოკიდებულება. ფიჯი ხომ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ შევა. განა, ცხადი არ იყო, რომ ეს გუნდი ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ სულ სხვა განწყობით და შემართებით გამოვიდოდა?

ასეც მოხდა – ფიჯის ნაკრები სათამაშოდ საუკეთესო შემადგენლობითა და მაქსიმალურად მობილიზებული გავიდა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისიც კი თქვეს – ვიცით, საქართველო რას შემოგვთავაზებს და ამიტომ მატჩამდე დარჩენილ დროში სულ შერკინებაში ვივარჯიშეთო. შედეგად, არც არაფერი დაუთმიათ თამაშის ამ კომპონენტში.

აქვე ისიც უნდა გაგახსენოთ, რომ ფიჯის ნაკრებთან ორჯერ ერთობლივი წვრთნები გვქონდა. მათ ჩვენი შერკინება აინტერესებდათ. ჩვენ მათი უკანა ხაზის თამაში. როგორც აღმოჩნდა, ფიჯელებმა ჩვენი შერკინებისგან ბევრი რამ ისწავლეს, რასაც ჩვენს უკანა ხაზზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.

ვინც ჩვენი ნაკრების შერკინების განეიტრალება შეძლო, ყველამ (ავსტრალია, უელსი, ფიჯი) დაგვამარცხა. ძნელი სათქმელია, რა მოხდებოდა, ჩვენს მორკინალებს მეტოქეები ისევე რომ დაეჯაბნათ, როგორც ეს წინა მსოფლიოს თასზე შეძლეს.
ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ ფაქტია – ჰეიგმა ურუგვაისთან მატჩის საუკეთესო მორაგბე ოთარ გიორგაძე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. სათადარიგოთა შორის იყო ლევან ჩილაჩავაც, რომელიც ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მათთან ერთად ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა ფრანგულმა „მიდი ოლიმპიკმა“ გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც ასევე თადარიგში დაიკავა ადგილი. კითხვაზე, რატომ იყვნენ ისინი თადარიგში და არა ძირითადში, ჰეიგმა მიპასუხა – მე უკეთ ვიცი ჩემი მორაგბეების ავან-ჩავანიო…

ვფიქრობთ, ფიჯისთან მარცხის ერთ-ერთი მიზეზი არასწორად შერჩეული შემადგენლობაც იყო.

ფიჯისთან პირველი ტაიმი 3:7 წავაგეთ. შესვენების შემდეგ კი ფიჯელებმა ტემპს უმატეს, თამაში უფრო მეტად გაშალეს, რასაც ჩვენი მოთამაშეების შეცდომებიც მოჰყვა, და არა მარტო ჩვენი მოთამაშეების. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში, როცა ანგარიში 0:0 იყო, პრესლოჟის უკან მსხდომ ქართველ ქომაგებს მივუბრუნდი და ვუთხარი:

– ნერვიულობად არ ღირს, ბიჭებო, ეს თამაში წაგებულია-მეთქი.

ერთ-ერთმა, ირაკლი გეგენავამ, რომელიც ბოლნისის „ყოჩების“ გარემარბია, მკითხა:

– ასე რატომ ფიქრობ?

– შეხედეთ მსაჯს, როგორ იქცევა და მიხვდებით-მექთი, – ვუპასუხე.

მატჩის შემდეგ ვიდეოანალიზისას გამოჩნდა, რომ პირველი ლელო ფიჯელებმა წინ პასის შემდეგ გაიტანეს. ამასთან ერთად, მსაჯმა კიდევ რამდენიმე წინ პასზე დახუჭა თვალი.

ფიჯელთა გარემარბი ჯოშუა ტუისოვა კი ნამდვილად გასაძევებელი იყო, თუნდაც ყვითელი ბარათით ალექსანდრე თოდუაზე მაღალი ბოჭვისთვის, რითაც ფიჯელმა სალელოვე შეტევა ჩაშალა. მსაჯს ვიდეორეფერის მოთხოვნა არც უფიქრია. აღარაფერს ვამბობ გვერდითი მსაჯის მიერ აუტში ბურთის გადატანისას რამდენიმე მეტრის პერმანენტულად მოპარვაზე.

ცხადია, ეს ჩვენი გუნდის მარცხს არ ამართლებს. თუმცა, ჩვენ იმ დონის ნაკრები გვყავს, რომელსაც შეუძლია ნამიბია დაამარცხოს მსაჯიანად (2015 წლის მსოფლიოს თასზე), მაგრამ იმ დონის გუნდი, ფიჯის რომ მსაჯიანად მოუგებს, ჯერ ნამდვილად არ გვყავს.

თანაც, აშკარად გამოჩნდა, რომ ფიჯი ჩვენზე უკეთესი გუნდია. გვქონდა კი, მათთან გამარჯვების რაიმე შანსი? ვფიქრობ, არა. ეს ილუზია, უფრო სწორად კი, დიდი ხნის განმავლობაში ნაკვები სურვილი იყო…

*  *  *

ცხადია, ერთ წერილში სათქმელს მთლიანად ვერ ჩავატევთ. ამიტომ, თუ რა პრობლემები გააშიშვლა ამ მსოფლიოს თასმა, რა იყო დადებითი და რა უარყოფითი, ასევე სხვა საინტერესო თემებზე წერილების სერიებს შემოგთავაზებთ, რომლებშიც რაგბის სპეციალისტების მოსაზრებებსაც გაგაცნობთ.

წყარო: lelo.ge

SHARE