მოციგურავეების წარმატებათა მორიგი სერია

387

ახლახან, ჩინეთის ქალაქ დონგუანში ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის“ სერიის მორიგი საერთაშორისო ტურნირი „ISU Asian Open“ გაიმართა, სადაც სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე 8 ქვეყნის 11 წყვილს შორის გამოდიოდა მოცეკვავე წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

ქართული წყვილისათვის გრან პრის სერიის ტურნირის ფინალური საგზურის მოპოვების შემდეგ, ამ ტურნირს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მოკლე და თავისუფალ პროგრამებში ელემენტების შესრულებისათვის დაწესებული საჭირო ქულათა რაოდენობა მათთვის აუცილებელი მოთხოვნა იყო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის მისაღებად.

მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ დაწესებულზე გაცილებით მაღალი ტექნიკური ქულები დააგროვეს და სენიორებს შორის 2020 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, ხოლო ტურნირზე მიღებულო 174,63 ქულით მე -3 ადგილი და ბრინჯაოს მედლებიც დაიმსახურეს.

ამასობაში, საფრანგეთის ზამთრის სახეობების „დედაქალაქ“ გრენობლში გაიმართა გრან პრის სერიის მესამე ეტაპი, სადაც შეიკრიბნენ ისეთი ტიტულოვანი მოციგურავეები: ოთხგზის მსოფლიოს ჩემპონები სპორტულ ცეკვებში, ფრანგების გაბრიელა პაპადაკისი და გიომ ციზერონი, 2018 წლის ოლიმპიური ჩემპიონი რუსი ალინა ზაგიტოვა. ყველაზე რეიტინგული სპორტსმენები ასპარეზობდნენ ვაჟთა კატეგორიაში, სადაც ქართველ მოციგურავე მორის ყვითელაშვილს გამოსვლამ მოუწია ისეთ სპორტსმენებთან, როგორებიცაა ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ამერიკელი ნეიტან ჩენი, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი და 4 კონტინენტის გამარჯვებული, იაპონელი შომა უნო, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, რუსი ალექსანდრე სამარინი და საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული კევინ იამოზი. 7 ქვეყნის 11 მონაწილეს შორის მორის ყვითელაშვილმა 236, 38 ქულით მე-4 ადგილი დაიმსახურა და გრან პრის შედეგების მსოფლიო სარეიტინგო სიაში ამისათვის 9 ქულა მიენიჭა.

გრან  პრის მორიგი ეტაპი, რომელზედაც მორისი იასპარეზებს, 17-18 ნოემბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიმართება.

პრალელურად, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „ოლდენ ბეარ“ ერთეულ სენიორ ვაჟთა კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა ირაკლი მაისურაძემ, რომელმაც 13 ქვეყნის 15 მონაწილეს შორის, 217,79 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა.

აქვე, უფროსი ასაკის ქალთა კატეგორიაში პირველად იასპარეზა ალინა ურუშაძემ, რომელმაც მოკლე და თავისუფალ პროგრამებში მიღებული აუცილებელი ტექნიკური ქულებით მოიპოვა უფლება ევროპის ჩემპიონატზე სენიორ ქალთა კატეგორიაში გამოვიდეს.

წყარო: lelo.ge

SHARE