ანჩელოტი ნაპოლიდან მიდის

247

“ნაპოლიში” სიტუაცია დაიძაბა. კარლო ანჩელოტისა და კლუბის მფლობელ აურელიო დე ლაურენტისს შორის პირველი სერიოზული დაპირისპირება მოხდა. მართალია, ეს არ ყოფილა საჯარო ლანძღვა-გინება, მაგრამ ის ფაქტი, რომ მწვრთნელმა ბოსის ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.

შეგახსენებთ, დე ლაურენტისმა “ზალცბურგთან” შინ ვერმოგებული (1:1) მატჩის შემდეგ გუნდის ბაზაზე გამოკეტვა ბრძანა, რასაც ფეხბურთელების მკაცრი პროტესტი მოჰყვა. “ნაპოლი” კაპიტანმა ლორენცო ინსინიემ თანაგუნდელების პოზიცია გადასცა დე ლაურენტისის ვაჟს, რომელიც კლუბის მმართველობის წევრია – მამაშენს უთხარი, არანაირი ბაზა, ჩვენ სახლებში მივდივართო!..

საინტერესოა, რომ ანჩელოტი არ დაესწრო მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას და “სან პაოლო” კომენტარის გარეშე დატოვა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ფეხბურთელების მხარე დაიჭირა. დე ლაურენტისის “სამფლობელოში” კი ასეთ რამეებს არ პატიობენ…

ამასობაში, საინტერესო ინფორმაცია მოვიდა არგენტინიდან – ანჩელოტი უახლოეს მომავალში დატოვებს “ნაპოლის”, ცოტას დაისვენებს და იანვრიდან “ბოკა ხუნიორსს” ჩაუდგება სათავეშიო. ლეგენდარული კლუბი მთავარი მწვრთნელის პოსტზე გუსტავო ალფაროს შემცვლელს ეძებს…

მოკლედ, ისე ჩანს, წინ საინტერესო ამბები გველოდება…

წყარო: sportall.ge
SHARE