ჩიხურას მენეჯერი აქამდე უცნობ ამბებს გვიმხელს…

331

“მალე მწვანე საფარიც იქნება და სრული დომინირება ფირუზისა და ზურმუხტის ფერისყვითელი კი ტრადიციულად – მანამ, სანამ საქართველოს საჩხერის სილა აშენებს!” – დაწერა სოციალურ ქსელში საჩხერს “ჩიხურას” მენეჯერმა თორნიკე შალამბერიძემ ახალ სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მან ამ მშენებლობის უცნობი დეტალები გაამხილა და, როგორც დავადგინეთ, არენას არა მხოლოდ სათამაშოდ განაახლებენ, არამედ, იქ თანამედროვე საფეხბურთო ბაზა მოეწყობა...

– მე კარგად მესმის, რომ ივანწმინდაში “ჩიხურასა” და ბათუმის “დინამოს” შორის გამართულმა მატჩმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სალაპარაკო გახდა მოედნის საფარი, რომელიც ნამდვილად არ არის კარგ მდგომარეობაში. მაგრამ მერწმუნეთ, რომ “ჩიხურასაც” არანაკლებ ყანაში უთამაშია… მაგრამ ჩვენ ახლა ამ პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებთ. მთავარი ის არის, რასაც ახლა გეტყვით – ყველა გუნდს ვეტყვი, რომ 2020 წლიდან აღარ გიმასპინძლებთ ყანაში. ყანაში კი არა, ისეთი სტადიონი შენდება, დარწმუნებული ვარ, კომფორტითა და საფეხბურთო გარემოთი საქართველოში გამორჩეული იქნება. ამას გარდა, სხვა პროექტების განხორციელებაც იწყება…

– დავაკონკრეტოთ, რა პროექტებზეა ლაპარაკი...

– დიდი ალბათობით, მომავალ წელს მეტოქეებს არა ივანწმინდის სტადიონზე, არამედ, საჩხერის ძველ არენაზე მივიღებთ. საჩხერის ცენტრალური სტადიონის განახლების პირველი ეტაპი მთავრდება. ფეხბურთის ფედერაციამ მოედნის სადრენაჟო და სარწყავი სისტემა შეცვალა და ვარჩევთ შესაფერის საფარს, რომელიც საჩხერეს მოუხდება და ბალახი კარგად გაიხარებს, ამის შემდეგ დაიწყება დაიგება. ინფრასტრუქტურას კი საჩხერის მერია ანახლებს. დასრულდა დასავლეთის ტრიბუნების მშენებლობა, რომელიც მთლიანად გავერანებული იყო. იქვე ადმინისტრაციული შენობა აშენდა, სადაც მოეწყო გასახდელები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები, პრეს-ლოჟა, ჟურნალისტებისთვის ცალკე მოეწყობა საპრესკონფერენციო დარბაზი, რომელიც სამუშაოდ ძალიან კომფორტული იქნება. ამას გარდა, უკვე სრულდება სკამების მონტაჟი, რომელიც 2000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სხვათა შორის, ინდივიდუალური სკამის ფერები შემთხვევით არ შეგვირჩევია – ეს აკაკის ლექსიდან გამომდინარეობს, ფირუზისა და ზურმუხტის ფერებით ტრიბუნების შემოსვა, ყვითელი კი იმიტომ, რომ მთელი საქართველო საჩხერის სილით შენდება. პირველი ეტაპის სამუშაოები სრულიად საკმარისი იქნება საიმისოდ, რომ ეროვნული ლიგის მატჩებს ვუმასპინძლოთ და 95 პროცენტით, გაზაფხულზე გუნდებს სწორედ საჩხერეში ვუმასპინძლებთ. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია…

– დარჩენილ სამუშაოებია საინტერესო. რა სახეს მიიღებს საჩხერს სტადიონი?

– განახლების მეორე ეტაპი მომავალი წელს განხორციელდება. ტენდერი გამოცხადდება, პროექტი კი უკვე შედგენილია და სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზას გაივლის. 2020 წელს, სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, აღმოსავლეთ ტრიბუნის აშენებაა გათვალისწინებული და შედეგად მზად იქნება 5 ათას მაყურებელზე გათვლილი ძალიან კოხტა სტადიონი, რომელიც გადახურული იქნება და განათების სისტემა დამონტაჟდება. ეს ყოველივე არენას განსაკუთრებულ სილამაზეს შემატებს. გარდა ამისა, ცენტრალური სტადიონის ფართი იძლევა საშუალება, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს. არის მეორე მოედანი, რომელიც სტანდარტულია და ხელოვნურ საფარს დააგებენ. ანუ ერთდროულად შენდება სათამაშო არენაც და საწვრთნელი ბაზა, ყველა საჭირო ატრიბუტით – საცხოვრებელი კორპუსით, ტრენაჟორების დარბაზით, კვების ბლოკით… ამის შემდეგ, 2021 წლისთვის, “ჩიხურას” ისეთი ინფრასტრუქტურა ექნება, როგორც მხოლოდ წამყვან ქართულ კლუბებს აქვთ და სადაც გუნდის კარგად მომზადება იქნება შესაძლებელი.

– ამ განახლების შემდეგ რომელი კატეგორიის სტატუსს მიიღებს საჩხერს სტადიონი?

– მინიმუმ, უეფას მესამე კატეგორიას, სადაც შესაძლებელი იქნება ჩემპიონთა და ევროპალიგის საწყისი ეტაპების მატჩების გამართვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია, რადგან ბოლო წლებში “ჩიხურა” ევროპალიგაზე რამდენჯერმე გავიდა და საჩხერეში ერთხელაც ვერ ითამაშა. საკუთარ ქალაქში თამაში კი სულ სხვა მოვლენაა. ამაში ხელს ისიც გვიწყობს, რომ უეფას კიდევ ორ მნიშვენლოვან კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ – პირველი ის არის, რომ ჩვენგან 100 კილომეტრში კოპიტნარის აეროპორტია, ხოლო საჩხერეში ორი ისეთი სასტუმროა, რომელსაც 4+ კატეგორია აქვს მინიჭებული, ანუ ეს ევროპელი სტუმრების მიღების უფლებას მოგვანიჭებს.

– ივანწმინდს სტადიონს არ ბედი ელის?

– მოედანს გუნდი სავარჯიშოდ და აკადემიის გუნდების თამაშებისთვის გამოიყენებს. ერთი სიტყვით, უახლოეს პერიოდში “ჩიხურას” საქართველოში გამორჩეული ინტრასტრუქტურა ექნება – ცენტრალური სტადიონი და ორი სავარჯიშო მოედანი, ბუნებრივი და ხელოვნური საფარით.

– “ჩიხურას” საფეხბურთო აკადემიამ ლიცენზირების შემდეგ რომელი კატეგორია მიიღო?

– მეორე კატეგორია, პირველის მიღებაში კი ხელი მხოლოდ იმან შეგვიშალა, რომ ბავშვებისთვის საცხოვრებელი კორპუსი არ არის, თორემ დანარჩენით, მათ შორის – ინფრასტრუქტურით, ბევრზე წინ ვდგავართ.

– მთლიანად ამ სტადიონის აშენება რა დაჯდება?

– ჯერ ზუსტი თანხა უცნობია. მაგრამ ერთი მკაფიოდ შემიძლია გითხრათ – ეს არის ძალიან მოკრძალებული და ეკონომიური პროექტი, რომლის თანხაც არ იყვირებს. ახლა თანხის მოძიებაში ყველა ჩართულია – საჩხერის მერია, კლუბი, ადგილობრივი დეპუტატი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო…

წყარო: lelo.ge

SHARE