თუშიშვილი რეიტინგში მესამეა. უკვე ქალებიც გვეიმედება

410

ძიუდოისტთა რეიტინგზე საუბარს ერთი სასიამოვნო სიახლით დავიწყებთ – სალიცენზიო ზონაში ორი წარმომადგენელი უკვე ქალებშიც გვყავს – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52) და ეთერ ლიპარტელიანი (57), შედეგად კი მხოლოდ ვაჟთა იმედად აღარ ვრჩებით. შესაბამისად, გუნდურშიც ჩვენს ანგარიშზე უკვე ხუთი ლიცენზიაა და, ყველაფრის მიუხედავად (მოგეხსენებათ, ქალთა ძიუდოს ჩვენთან არ ულხინს), ახლოს ვართ იმასთან, რომ ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაშიც გამოვიდეთ – ამ მიზნამდე მხოლოდ ერთი საგზური გვაშორებს, რომელიც ქალებშია მოსაპოვებელი მძიმე წონაში, თორემ ვაჟებში სამივე წონაში გვაქვს ლიცენზია.

თუმცა აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ საუბარია სადღეისო რეალობაზე, რომელიც სულაც არაა მყარი მოცემულობა და ნებისმიერ დღეს შეიძლება, შეიცვალოს. ამის მიზეზი, შესაძლოა, არა მხოლოდ მეტოქეთა წარმატება, არამედ, უბრალოდ, დროის გასვლაც აღმოჩნდეს. მაგალითად, რეიტინგში მხოლოდ ბოლო ორი წლის ქულები შედის, უფრო ადრინდელები კი უქმდება. თუმცა ცვლილება იმ ბოლო ორწლიანებსაც ეხება. მაგალითად, უახლოეს 12-თვიან მონაკვეთში მოპოვებული ქულები სრულად ირიცხება სარეიტინგო ჩათვლაში, მეცამეტედან 24-ე თვემდე მოპოვებულები კი ნახევრდება. ამიტომ იქნებ შენმა კონკურენტმა ვერც შეიმატოს რამე, მაგრამ შენ დაგაკლდეს და იმან მაინც გაგისწროს. ეს რომ არ მოხდეს და მოპოვებული ნიშა შეინარჩუნო მაინც (თუ ვერ გაზრდი), საჭიროა, სტაბილურად აღწევდე წარმატებებს.

აქვე ისიც განვმარტოთ, რომ მსოფლიოს რეიტინგში ამ ორწლიან მონაკვეთში ნაჭიდავები ყველა ტურნირის შედეგი შედის, ოლიმპიურ რეიტინგში თითო სეზონიდან 5-5 საუკეთესო მაჩვენებელი ჯამდება, რასაც მეექვსე შედეგად ემატება ექსტრა-ქულა: კონტინენტური პირველობებიდან ან მსოფლიოს მასტერსიდან რომელიც უკეთესი იქნება, ის ქულები.

ქალები ზევით, ვაჟები ქვევით?

ქალები თუ რეიტინგში აღმავლობას განიცდიან, სამწუხაროდ, ბიჭები ნელ-ნელა თმობენ პოზიციებს, რადგან ლიდერთა უმეტესობას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ან არ უასპარეზია, ანაც – წარუმატებლად გამოვიდნენ. მართალია, უმეტეს წონებში ისევ ვრჩებით რეიტინგის სათავეებთან, მაგრამ უკუსვლაც საგრძნობია, რაც უახლოეს პერიოდში კიდეც გაგრძელდება, ხოლო ზოგიერთს მოწინავე ოქტეტიდან გავარდნაც ემუქრება, ანუ ისინი გაისად განთესილთა შორის არ იქნებიან. არადა, გაისად საოლიმპიადოდ საჭიროა არა უბრალოდ განთესილ 8 კაცში ყოფნა, არამედ რაც შეიძლება მაღლა, ცხრილის სათავეში მოქცევა, რათა ოლიმპიადაზე მთავარ მეტოქეებთან შეხვედრა, მინიმუმ, ნახევარფინალამდე მაინც ავიცილოთ თავიდან.

ეთერ ლიპარტელიანირეგრესია საერთო სარეიტინგო მაჩვენებლებშიც: ადრე თუ ვაჟთა 7-ვე წონაში საუკეთესო მაჩვენებელი ჩვენებს ჰქონდათ, ახლა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, მეორე ევროპული თამაშების გამარჯვებული მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მესამეა 6936 ქულით. მას უსწრებენ ესპანელთა ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90) 7621 ქულით და იაპონელთა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯოშირო მარუიამა (66) 7095-ით. ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ფინალისტი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (100) მეხუთეა 6585-ით. ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) 5153 ქულით მე-14 ადგილზეა, ოცეულში კი ასევე შედიან მსოფლიოსა და ევროპული თამაშების კიდევ ერთი გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანი (60) 5449 ქულით და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66) – 4755-ით.

ისე კი საერთო რეიტინგში ქალები აშკარად ჯობნიან ვაჟებს: პირველი სამი ადგილი „სუსტი სქესისაა“ (ან კი როგორ გინდა, ამის შემხედვარემ მათ სუსტი უწოდო) და მხოლოდ მეოთხეა შერაზადიშვილი. ამ ნიხრით პირველ ადგილზეა ზიზილ-პიპილა ბაფთების მოყვარული გიგანტი კუბელი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული და პან-მერიკის ლამის დაუმარცხებელი ჩემპიონი – 11-გზის მომგები იდალის ორტიზი, მართლაც რომ ფენომენალური შედეგით – 8740 ქულით! (შეადარეთ ეს იმავე შერაზადიშვილის ზემოხსენებულ შედეგს). მეორეზე ფრანგთა მსოფლიოსა და ევროპის ოთხ-ოთხგზის გამარჯვებული, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი კლარისე აგბეგნოა (63) არანაკლებ შთამბეჭდავი ქულათა მარაგით – 8150-ით, მესამეზე კი კანადელთა იაპონური წარმოშობის მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი კრისტა დეგუჩი (57) 7985-ით, ვინც აგვისტოში ისტორიულ სამშობლოში იზეიმა მსოფლიოს პირველი ჩემპიონობა. მას შერაზადიშვილი და მარუიამა მოსდევენ, თუშიშვილს კი ქალებისა და ვაჟების ამ გაერთიანებულ საერთო რეიტინგში კიდევ ერთი ფრანგი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ქვემძიმეწონოსანი მადელაინ მალონაც უსწრებს 7018 ქულით.

პირად პირველობაში მსოფლიოსა და ოლიმპიურ რეიტინგებზე მომდევნო დღეებში ვისაუბროთ, ახლა კი გუნდურში ოლიმპიური ლიცენზიების განაწილების ამჟამინდელ სურათზე ვთქვათ. თუმცა მანამ კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ შერეულ გუნდში სულ 6 წონაა – 3 ვაჟებისა (73, 90, +90) და ამდენივე – ქალებისა (57, 70, +78).

როგორც ზემოთ გითხარით, ქალებში საგზური 52 და 57 კილოგრამებში გვაქვს, 52 კი არ შედის შერეულ გუნდში. თუმცა ამგვარ შემთხვევაში ანუ როცა საგზური არაგუნდურის წონაში გაქვს, საერთაშორისო ფედერაცია უფლებას აძლევს გუნდებს, ის ლიცენზირებული სპორტსმენი ზედა წონაში დააყენონ. ამიტომ ჩვენ საგზური 57-ში და 70-ში გვეთვლება, თუმცა დიდი შანსია, 70-ში ისედაც მოვიპოვოთ ლიცენზია.

ოლიმპიური ლიცენზიები

მოგეხსენებათ, იაპონელები ამჯერად, როგორც ოლიმპიადის მასპინძლები, განყენებულად დგანან – მათ არ სჭირდებათ საგზურები და, ბუნებრივია, გუნდურში 6-ვე ლიცენზია ავტომატურად აქვთ განაღდებული.

თუმცა ამ სიაში იაპონელები მარტონი არ არიან – მათ გარდა, 6-სვე საგზური კიდევ 9 ქვეყანას აქვს განაღდებული. ესენია ბრაზილია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი, იტალია, ჰოლანდია, რუსეთი და კორეა.

საქართველო მეორე ჯგუფში შედის: იმ 10 ქვეყანას შორის, ვისაც 5-5 ლიცენზია აქვს: ავსტრია, აზერბაიჯანი, კუბა, ბრიტანეთი, მონღოლეთი, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი და უკრაინა.

4-4 საგზურს 8 ქვეყანა ფლობს, მათ შორის კი ერთ-ერთი უნგრეთია – წარმატებული და ძიუდოს დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა და ცოტა გასაკვირია მათი ასეთი პასიურობა. ამ ჯგუფში ასევე შედიან ბელგია, ყაზახეთი, კოსოვო, შვედეთი, თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და უზბეკეთი. 3 ლიცენზია 12 ნაკრებს აქვს, ერთი მათგანი კი არცთუ შორეულ წარსულში და ნაწილობრივ – დღესაც ქართველების ნავსაყუდელად ქცეული საბერძნეთია. ამავე ჯგუფშია პუერტო რიკოც, რაც მათგან ცოტა გასაკვირია. მათ ორი საგზური ქალებში აქვთ, ერთი – ვაჟებში, სადაც დღეის მდგომარეობით საგზურს ოლიმპიურ რეიტინგში 57-ე ადგილზე მყოფი ადრიან განდია იღებს, ვინც რეგიონულ კვოტაში ხვდება.

18 ქვეყნის მონაგარში 2-2 საგზურია, ხოლო 52-ს ჯერჯერობით თითო ლიცენზია აქვს. ამ ბოლო ორ ჯგუფში ბლომად ნახავთ ძიუდოსთვის ისეთ ეგზოტიკურ ქვეყნებს, როგორიცაა ავსტრალია, კამერუნი, გაბონი, ტაივანი, კოლუმბია, პანამა, ვენესუელა, ანგოლა, ბაჰამის კუნძულები, ბოტსვანა, კაპო ვერდე, ბურკინა ფასო, ჩადი, ჩილე, კოსტა რიკა, ჯიბუტი, ფიჯი, კონგო, გამბია, გუამის კუნძულები, გვინეა ბისაუ, იამაიკა, იორდანია, მალავი, მადაგასკარი, სპილოს ძვლის ნაპირი, მოზამბიკი, ნაურუ, პაკისტანი და კიდევ მრავალი სხვა.

დასასრულს, გეტყვით, რომ სალიცენზიო შეჯიბრებები გაისად 30 მაისს დამთავრდება.

წყარო: lelo.ge

SHARE